გადაწყვეტილება №18491/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18491/2/2022
16.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18491/2/2022).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 24.06.2022 წლის №15828/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2022 წლის №006-519 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 109 721 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 57 016
დღგ - 21 349
საშემოსავლო გადასახადი - 35 581
ქონების გადასახადი - 86
ჯარიმა - 28 417
საურავი - 24 288
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზირებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით „------“.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. 2018, 2019 და 2020 წლებში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 7%-ს. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი საცალო რეალიზაციის პირობებში გაყიდული პროდუქციის გაშიფვრა, დასახელებების და რაოდენობების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად 2018 წელს გადამხდელს მიღებული აქვს გაფრთხილება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო, ხოლო 2019 წელს დაჯარიმებულია 200 ლარით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 61-ე, 136-ე მუხლებისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გადამხდელის შემოსავლები და დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ამავე ადგილზე, მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის მქონე გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატები შესაბამის პროდუქციებზე, ჯგუფების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებულ მონაცემებზე, პირველად საგადასახადო დოკუმენტებსა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, გაკეთდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი რა დროსაც არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4, მე-9 ნაწილებისა და 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დაქირავებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2021 წლის №10829 ბრძანება და №006-206 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.07.2021 წლის №22003 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო (ხელფასად ჩათვლის) საკითხზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სადავო საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 6.07.2021 წლის №22003 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ შეუმცირდა 36 367 ლარით, მათ შორის: გადასახადი 24 537 ლარი და ჯარიმა 11 830 ლარი.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 16 ნოემბრის №006-776 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.02.2022 წლის №2919 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 24.06.2022 წლის №15828/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები (მათ შორის განახორციელოს დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 24.06.2022 წლის №15828/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 187 446 ლარით, მათ შორის: გადასახადი 124 611 ლარით, ჯარიმა 62 835 ლარით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2022 წლის №29315 ბრძანება და №006-519 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაწყვეტილების შესაბამისად ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლაც განხორციელდა შემმოწმებელთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა მის მიერ წარდგენილი კატეგორიების ფასნამატი ძირითად კატეგორიებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა წარდგენილი დოკუმენტური რეალიზაციის შედეგად გაშიფრული საქონლის ფასნამატების გავრცელება იმ სასაქონლო კატეგორიებზე, რომელ კატეგორიასაც მიეკუთვნებოდა გაშიფრული საქონლის ფასნამატი, დანარჩენ კატეგორიებზე, რომელზეც არ არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია, გავრცელდა საშუალო ფასნამატი. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 2 კატეგორიასთან მიმართებით, კერძოდ:
1. უპირველესი, რასაც არ ეთანხმება, არის სასაქონლო კატეგორია „წყალი“, რომლის ფასნამატი არის აღებული საკონტროლო შესყიდვიდან და რომლის დროსაც განხორციელდა 0.5 ლიტრიანი შეფუთვის წყლის შეძენა - 50 თეთრად, რომლის თვითღირებულებამ შეადგინა 33 თეთრი, შესაბამისად ამ კატეგორიაზე გავრცელდა 52%-იანი ფასნამატი. აღნიშნულმა ფასნამატმა მონაწილეობა მიიღო საშუალო ფასნამატის გაანგარიშებაში და გამოიწვია საშუალო ფასნამატის აწევა. ითხოვს, რომ ვინაიდან საქონლის ღირებულება უმნიშვნელოა, აღნიშნულმა არ მიიღოს მონაწილეობა დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატის გაანგარიშებაში და აღნიშნულ სასაქონლო კატეგორიაზე გავრცელდეს სხვა კატეგორიებზე დადგენილი საშუალო ფასნამატი ამ კატეგორიის ფასნამატის მონაწილეობის გარეშე.
2. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის სასაქონლო კატეგორია „სიგარეტებზე“ საშუალო ფასნამატის გავრცელება, რომელიც შეადგენს 14%-ს. გადამხდელი წარმოადგენს საბითუმოდ მოვაჭრე მეწარმეს, რომელიც მდებარეობს ქალაქ „------“, საშუალო წლიური ბრუნვა შეადგენს 1 700 000 ლარამდე (შესამოწმებელ პერიოდში 5,2 მილიონ ლარს), შესაბამისად სადავო საკითხს არ უნდა წარმოადგენდეს ის პირობა, რომ გადამხდელი წარმოადგენს საბითუმოდ მოვაჭრე ობიექტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიგარეტების საბითუმო ფასებით მოვაჭრე საწარმოსთვის, სიგარეტების რეალიზაციის 14%-იანი ფასნამატით დაბეგვრა მართებული არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარზე 14%-იანი ფასნამატი სიგარეტზე არარეალურია, ზოგადად საბითუმო რეალიზაციის შემთხვევაში სიგარეტზე დადგენილია აუდირებული ფასნამატი მაქსიმუმ 1- 1,5%, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს თუნდაც ამავე გადამხდელთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების აქტში განხორციელებული გაანგარიშებისას დაფიქსირებული ჰქონდა 8%-იანი ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, რომ „სიგარეტის“ კატეგორიაზე გავრცელებულ იქნეს სხვა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი, ვინაიდან 14%-იანი ფასნამატის გავრცელება არამართებულია.
ასევე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 24.06.2022 წლის №15828/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები (მათ შორის განახორციელოს დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 24.06.2022 წლის №15828/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 16.11.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, „გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის ვადებში წარდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. გადამხდელის მიერ ცხრილში გაშიფრულია კონკრეტული პროდუქციების შესაბამისი კატეგორიების ფასნამატები, რომლებიც თავის მხრივ დათვლილია გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. გადაანგარიშების მსვლელობისას მხედველობაში იქნა მიღებული გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატები კონკრეტული პროდუქციის კატეგორიებზე და ხელახლა იქნა დათვლილი გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების შედეგად შემოწმებით დადგენილი შემოსავალი დღგ-ის ნაწილში დაკორექტირდა, შედეგად დღგ შემცირდა 47 036 ლარით. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე შემცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემული ხელფასის სახით განაცემი, რამაც გამოიწვია შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება 77 575 ლარით. შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 187 446 ლარით, მათ შორის: გადასახადი 124 611 ლარით, ჯარიმა 62 835 ლარით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის წარმომადგენელთან ერთად მოხდა მის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის შესწავლა, იმ საქონელზე, რაზეც დადგენილი იყო დოკუმენტური ან საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი, შესაბამისად, ამ საქონელზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატები, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც არ დგინდებოდა ფასნამატი გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 24.06.2022 წლის №15828/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნულ საკითხზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განიხილავს საბჭოს 24.06.2022 წლის №15828/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერებას, რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა საბჭოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.