გადაწყვეტილება №21671/2/2023
📄 სრული ტექსტი
№21671/2/2023
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 21.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21671/2/2023).
დავის საგანი:
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის №ID:----- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30461 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მტკნარი სასმელი წყლის წარმოება, კერძოდ, ყინულების დამზადება და მიწოდება. კომპანია, როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 23 სექტემბერს, 2023 წლის 17 ოქტომბერს, მომჩივანმა კვალიფიციურ დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით (ელ. განცხადებით №ID -----) მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის №ID:----- გადაწყვეტილებით კომპანიას უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30461 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტით და მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ 2021 წლის 28 დეკემბერიდან 2022წლის 11 ოქტომბრამდე იყო შპს -----ის (ს/ნ ------) დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც 2022 წლის 11 ოქტომბრიდან გადაუფორმა ------ს და მისი ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდისთვის შპს ------ს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ჰქონდა, რაც გახდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის საფუძველი. როგორც აღმოჩნდა მის დაუკითხავად 2022 წლის 12 სექტემბერს გამოიწერა აგვისტოს თვის ანგარიშ-ფაქტურა ავ-72 ----- შპს -----ზე (ს/ნ -----) თანხით 555 000 ლარი, დაზუსტდა აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია და წარმოიშვა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ამ ოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ითხოვს საჩივრის განხილვაზე დასწრებას და კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30461 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მტკნარი სასმელი წყლის წარმოება, კერძოდ, ყინულების დამზადება და მიწოდება. კომპანია, როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 23 სექტემბერს, 2023 წლის 17 ოქტომბერს, მომჩივანმა კვალიფიციურ დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კომპანიას უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30461 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი