ბარძნება N 3125

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2023
№ დოკუმენტი 3125
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბარძნება N 3125

20.02.2023

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის: „--------“7)

2023 წლის 12 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) №77993/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 251-21-10 აქტს, „გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ 2022 წლის 29 დეკემბრის №33697 ბრძანებას და 2022 წლის 30 დეკემბრის №012-11 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია იყო სტარტაპი და დაიწყეს ყვავილების იმპორტი კენიიდან. გადახდილი აქვთ საბაჟოზე დარიცხული დღგ. ყვავილები მალფუჭებადი პროდუქტია და ქონდათ ძალიან დიდი დანაკლისი. ასევე პროდუქციის დიდი ნაწილი გაყიდეს კონსიგნაციით და დებიტორული დავალიანებები დღემდე არ აქვთ მიღებული. ჰქოდათ დიდი ზარალი და კაპიტალის ამოღებაც ვერ შეძლეს. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტებით დარიცხული თანხები

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33555 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „„--------““ (ს/ნ „--------“) სახელზე №-------(31.10.2019), №„--------“ (22.10.2019), №„--------“ (31.08.2019), №„--------“(16.08.2019), №„--------“(08.08.2019), №„--------“ (01.08.2019), №„--------“ (30.07.2019) და №„--------“ (22.07.2019) საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

ზემოაღნიშნული დეკლარაციებით შპს „--------“ სახელზე განხორციელდა ყვავილების იმპორტი კენიიდან.

საბაჟო დეკლარაციებსა და მათ თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელებიც სავარაუდოდ, შესაძლებელია სრულად არ ასახავდეს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს, რაც წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით, ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა საქონლის გადამზიდავი კომპანიებისაგან (უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „-------- („--------“-ის ფილიალი საქართველოში“ (ს/ნ „--------“) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს „--------“ (ს/ნ „--------“)).

მოპოვებული ინფორმაციისა (მათ შორის, მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯები არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად, ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

შესაბამისად, შპს „--------“(ს/ნ „--------“) მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, შედგა 2022 წლის 29 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 251-21-10 აქტი, 2022 წლის 29 დეკემბრის №33697 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2022 წლის 30 დეკემბრის №012-11 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია 2022 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 3 იანვარს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი. საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლი კი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კი დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.