ბრძანება N 13963

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13963
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13963

20.06.2023

შპს „-------------“ (ს/ნ ------------)

(------------------)

2023 წლის 16 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 16 მაისის №82526/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №007-100 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნას და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. მომჩივანი მიუთითებს რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული ქონების საბაზრო ფასები არასწორია და გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო გადამხდელის მიერ დაანგარიშებული საბაზრო ფასები. ასევე არასწორად და კანონდარღვევად მიაჩნია მოგების გადასახადის ნაწილში ჯარიმის დარიცხვა, რადგან მის მიერ განხორციელებულ სამართალდარღვევაზე დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა, ხოლო მოგების გადასახადშიც ჯარიმის დარიცხვა წარმოადგენს ერთ სამართალდარღვევაზე ორჯერ დაჯარიმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4656 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ-----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„ 1. შპს „------------“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ქონების (ტერასის) საბაზრო ღირებულება;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3.დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4656 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 24 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №007-100 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის ვადაში ვერ იქნა წარდგენილი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება სადაც მიუთითებს, რომ შეუძლებელია ტერასის საბაზრო ფასის დადგენა, შესაბამისად ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4656 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამის ვადაში არ იქნა წარდგენილი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის შედეგად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნას და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4656 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის ვადაში ვერ იქნა წარდგენილი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება.. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება სადაც მიუთითებს, რომ შეუძლებელია ტერასის საბაზრო ფასის დადგენა, შესაბამისად ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21);