გადაწყვეტილება №27156/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27156/2/2026
20 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს„-------“-ის 16.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27156/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 თებერვლის №1789 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2025 წლის №225-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5382 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 353 441,2 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 197 413,00
ჯარიმა - 98 707,00
საურავი - 57 321,20
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22066 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.12.2024 წლის №24308/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2025 წლის №1789 ბრძანებით დაბრუნებული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირდა 343 218 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 15.10.2025 წლის №225-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5382 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 20.04.2026 წლის №----- წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5382 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 16.03.2026 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 6.04.2026 წელი (მე-20 დღე 5.04.2026 წელი ემთხვევა არასამუშაო დღეს). საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 16.04.2026 წელს„--------“-ის (ს/ნ „--------“) მეშვეობით.
წარმოდგენილ საჩივარს ახლავს თანდართული დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 3.04.2026 წელს „--------“-ს (ს/ნ „--------“), რომელიც საიდენტიფიკაციო კოდის საშუალებით იძებნება როგორც შპს „--------“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარსადგენად გადაეცა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) (რეგისტრირებული მისამართზე: ქ. გორი, შინდისის გზ. 17) №„--------“ წერილი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა 16.04.2026 წელს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა საჩივრის საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარების ფაქტი და საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო დაწესებულებების მიერ ადრესატისთვის კორესპონდენციის ჩაბარების ვადა სცდებოდა გონივრულ ვადას (წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა მიღებიდან 13 დღის შემდგომ), საბჭოს აპარატმა, შპს „--------“-ს, (ს/ნ „--------“) 20.04.2026 წლის №„--------“ წერილით, აცნობა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება საჩივრის საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარების ფაქტი და მოითხოვა, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარსადგენად გზავნილის საფოსტო დაწესებულებაში („--------“-ში ში) ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტაციის წარდგენა.
აღნიშნული წერილის პასუხად, მომჩივნის ბუღალტერმა ახსნა-განმარტების სახით წარმოადგინა, რომ 3.04.2026 წელს მოახდინეს შპს „--------“-ზე წერილის მიწოდება ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სახელზე, რაზედაც მათ სახელზე გამოიწერა მომსახურების ინვოისი, ჩგდ გადახდილ თანხაზე და ასევე წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული საბუთების ქსეროასლები წარმოადგინა მტკიცებულების სახით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მონაცემებით საფოსტო დაწესებულების მიერ მომსახურების გაწევა არ დასტურდება. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების თარიღად უნდა ჩაითვალოს არა 3.04.2026 წელი (რაც ფიქსირდება წარმოდგენილ დოკუმენტზე), არამედ ფინანსთა სამინისტროში საჩივრის რეგისტრაციის თარიღი, 16.04.2026 წელი.
ამგვარად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5382 ბრძანებას მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო 16.03.2026 წელს, მისი გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 6.04.2026 წელი, ხოლო, საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 16.04.2026 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 თებერვლის №1789 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდებოდა, ამასთან კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბუღალტრული ნაშთი განხილულ იქნა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საწარმოს სალაროში ბუღალტრულად არსებული სალაროს ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა .
2.შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესწავლილ იქნა გადამხდელი მიერ განხორციელებული ოპერაციები, ასევე, საბუღალტრო მონაცემებში არსებული ინფორმაცია. 2023 მაისის საანგარიშო პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირზე,რეალიზაციისას გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 500 000 ლარზე, ნულოვანი დღგ-ით. განხილული იქნა „დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდებად“,რომელიც არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია და სსკ-ის 73-ე, ასევე 160-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების გათვალისწინებით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).