გადაწყვეტილება №22058/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22058/2/2024
20 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 25.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22058/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №024-87 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №300 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 512 572,03 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 774 157
დღგ - 370 215
საშემოსავლო გადასახადი - 403 942
ჯარიმა - 388 411
საურავი - 350 004,03
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №024-87 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფულადი სახსრების და არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების და დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც ბუღალტრულ ანგარიშებში კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებული 617 878 ლარიდან გაუნაწილებელი მოგების თანხამ შეადგინა 376 365 ლარი (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებზე და გასს-ში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით), ხოლო სხვაობის თანხის 241 513 ლარის (617 878-376 365) საწესდებო კაპიტალად დაკვალიფიცირებისთვის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, შემოწმების მიერ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხა არ დაკორექტირდა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ 22.01.2023 წელს უცხოური ორგანიზაცია „-------“-სთან გაფორმებული შედარების აქტი 293 438 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის თანხის გადახდის შესახებ. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი შედარების აქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ მონაცემებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გაანგარიშება. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, 1.01.2017 წლისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხა 181 718 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებელზე ------- (პ/ნ -------) გაცემული დივიდენდი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით.
რაც შეეხება სალაროს არაგონივრულ ნაშთის შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად უპროცენტო სესხად განხილვას და შესაბამისი სარგებლის დარიცხვას, აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9- ის შესაბამისად (ცვლილებების გათვალისწინებით). შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 1 532 941 ლარი შემცირდა 1.01.2017 წლისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული საკასო შემოსავლის/ხარჯის 10%-ით და აღნიშნული თანხა („გროსი“ შეადგენს 1 678 457 ლარს) დაექვემდებარა დირექტორზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 70 984 ლარის (ჯარიმის თანხა შეადგენს 35 492 ლარს) ოდენობით და მოგების გადასახადის ჯარიმა 104 799 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №024-87 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №300 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
საჩივრით წარმოდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სადავო საკითხების დამატებით შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ შესწავლის მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი არანაირი/იმგვარი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გაანგარიშება. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, 1.01.2017 წლისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხა 181 718 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, ხოლო უპროცენტო სესხად განხილულ სალაროს არაგონივრული ნაშთთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, 1 532 941 ლარი, შემცირდა 1.01.2017 წლისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული საკასო შემოსავლის/ხარჯის 10%- ით და აღნიშნული თანხა დაექვემდებარა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 70 984 ლარის (ჯარიმის თანხა შეადგენს 35 492 ლარს) ოდენობით და მოგების გადასახადის ჯარიმა 104 799 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დიდი ოდენობით დანაკლისი გამოწვეულია დეფექტური (დამტვრეული) კაფელ-მეტლახის არსებობით, რომლის ჩამოწერაც ფიზიკურად შეუძლებელია. საწყობში ფიზიკურად არსებობს დამტვრეული კაფელ-მეტლახი, რომლის ჩამოწერაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად შეუძლებელია, შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულია კონსულტაცია დამტვრეული მასალების ჩამოწერის შესახებ, თუმცა იმისათვის, რომ შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს ზემოაღნიშნული დამტვრეული პროდუქციის ჩამოწერა, საჭიროა ეს წვრილად დამტვრეული კაფელ-მეტლახი გადარჩეული იქნას სახეობების მიხედვით და დასაწყობდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება. მასალები ჩამოდის და იცლება დიდი ოდენობით და ბევრი სახეობა. ფიზიკურად შეუძლებელია ამ კაფელ-მეტლახის გადარჩევა და სახეობების მიხედვით დასაწყობება, რამაც გამოიწვია სმფ-ების ნაშთის დანაკლისის გაზრდა (მედიაციაზე წარმოადგენს ფოტო მასალას, ელექტრონული საჩივრის გვერდი არ აძლევს საშუალებას ატვირთოს ფოტოები).
უნდა მიეცეს საშუალება ჩამოწეროს აღნიშნული სმფ-ები, თუნდაც დანაკარგების %-ის გაანგარიშებით, დამტვრეული კაფელ-მეტლახის მოცულობის შესაბამისად.
ფასნამატის პროცენტი, რომელიც დადგინდა 2022 წელს გავრცელებულია 2019-2020-2021 წლებზე, როდესაც არსებულ სიტუაციიდან (კოვიდ ვირუსი) გამომდინარე გაცილებით დაბალი იქნებოდა ვიდრე 2022 წელს. ასევე, ინვენტარიზაციის დროს შეუძლებელი იყო განსაზღვრულიყო აღწერილი პროდუქცია, რომელიც ფაქტიურ ნაშთს შეადგენდა, რომელი ფასით იყო შესყიდული, ამის გამო ფასნამატის პროცენტი გამოდის 13%, რეალური შიდა ანგარიშებით გამოვლენილი ფასნამატი 10%-ზე მეტს არ შეადგენს.
ზემოაღნიშნული საკითხის გათვალისწინება არ მოხდა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ.
დამატებით გამოვლენილია შემოსავალი, რომელიც დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე დირექტორ ------- გაცემულ ხელფასად, რომელსაც გამოაკლდა 1.01.2019-1.02.2202 წელს დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალის ოდენობა და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი - 617 787 ლარი, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა აუდიტორების მიერ, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსათვის მოხდა მომჩივნის მიერ კაპიტალის ნაშთის შესახებ გაანგარიშების წარდგენა, თუ რისგან შედგებოდა ზემოაღნიშნული რიცხვი, მოიძიეს 2010 წლიდან 1.01.2019 წლამდე ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, გაიანგარიშა 2010-2016 წლის წლიური მოგების დეკლარაციების რიცხვები, შეადარა შემოსავლების და ხარჯების რიცხვებს, ასევე გაიანგარიშა 2017-2018 წლის გაუნაწილებელი მოგების რიცხვი და შედეგი არის შემდეგი: 1.01.2019 წლის საწყისი საწესდებო კაპიტალის 617 878 ლარის გაანგარიშება: 1.01.2017 წლის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენს 181 712 ლარს (2010 წ - 14 045,82 ლარი, 2011 წ - 33 000,71 ლარი, 2012 წ - 49 576,62 ლარი, 2013 წ - 72 282,66 ლარი, 2014 წ - 103 421,21 ლარი, 2015 წ - 134 709,57 ლარი, 2016 წ - 181 712 ლარი). 2017 და 2018 წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 194 653 ლარს (2017 წ - 64 253,78 ლარი, 2018 წ – 130 399,16 ლარი). შედეგი: 1.01.2019 წლის კაპიტალის ნაშთი - 617 878 ლარი, საწესდებო კაპიტალი - 241 513 ლარი, გაუნაწილებელი მოგება - 376 365 ლარი.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მოხდა ზემოაღნიშნული საკითხის დაკმაყოფილება, მაგრამ აუდიტორებისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი წარდგენილი არგუმენტები და არ მოხდა ზემოაღნიშნულ საკითხზე პოზიციის გაზიარება და თანხების კორექტირება.
შემოწმების დროს ფიზიკურად ვერ მოახერხა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუდიტორებისათვის, მოხდა კომუნიკაცია არარეზიდენტ მომწოდებლებთან, სატელეფონო შედარებები მოხდენილია და ელოდება დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოგზავნას. ზემოაღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს სხდომაზე და მიიღო დავების საბჭოსაგან დაკმაყოფილება, თუმცა აუდიტორებისათვის ეს დოკუმენტი საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ აქტის გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე, არ ყოფილა კომუნიკაცია იმის შესახებ, რომ წარდგენილი დოკუმენტი არასაკმარისი იყო და დამატებით მისცემოდა საშუალება წარედგინა დოკუმენტები, რაც პრობლემას არ წარმოადგენდა.
კომპანიის წარმომადგენელი ------- 2024 წლის იანვრის თვეში გაემგზავრა ყველაზე დიდ არარეზიდენტ ირანელ მომწოდებლებთან, მოხდა შედარება კომპანიასა და არარეზიდენტ მომწოდებლებს შორის და თანხის გადახდის დამადასტურებლად გაფორმდა შედარების აქტები ყველა მოწოდებული და გადახდილი პროდუქციის შესაბამისად (წარმოდგენს შედარების აქტებს და წარმომადგენლის მგზავრობის დამადასტურებელ დოკუმენტებს).
წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინების შემდგომ დარჩენილი რეალური გადასახადის გადახდაზე კომპანია აცხადებს მზად ყოფნას.
დანართის სახით წარმოდგენილია შედარების აქტები.
წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული ინფორმაციის კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფულადი სახსრების და არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც ბუღალტრულ ანგარიშებში კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებული 617 878 ლარიდან გაუნაწილებელი მოგების თანხამ შეადგინა 376 365 ლარი (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებზე და გასს-ში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით), ხოლო სხვაობის თანხის 241 513 ლარის (617 878-376 365) საწესდებო კაპიტალად დაკვალიფიცირებისთვის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, შემოწმების მიერ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხა არ დაკორექტირდა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ 22.01.2023 წელს უცხოური ორგანიზაცია „-------“-სთან გაფორმებული შედარების აქტი 293 438 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის თანხის გადახდის შესახებ. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი შედარების აქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ მონაცემებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგად დოკუმენტურად არ დასტურდება კაპიტალის ნაშთის წარმოშობა, რის საფუძველზეც შემცირებას არ დაექვემდებარა ამ ნაწილში დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის წარმომადგენელი 2024 წლის იანვრის თვეში გაემგზავრა ყველაზე დიდ არარეზიდენტ ირანელ მომწოდებლებთან, მოხდა შედარება კომპანიასა და არარეზიდენტ მომწოდებლებს შორის და თანხის გადახდის დამადასტურებლად გაფორმდა შედარების აქტები ყველა მოწოდებული და გადახდილი პროდუქციის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ მითითებულ არგუმენტზე და მიიჩნევს, რომ არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მითითებული საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №300 ბრძანება;
3. საჩივარი, არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
გაუნაწილებელი მოგების თანხის საწესდებო კაპიტალად დაკვალიფიცირებისთვის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, შემოწმების მიერ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხა არ დაკორექტირდა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უცხოური ორგანიზაციასთან გაფორმებული შედარების აქტის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი შედარების აქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ მონაცემებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგად დოკუმენტურად არ დასტურდება კაპიტალის ნაშთის წარმოშობა, რის საფუძველზეც შემცირებას არ დაექვემდებარა ამ ნაწილში დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ მითითებულ არგუმენტზე და მიიჩნევს, რომ არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18267 ბრძანების აღსრულების შედეგები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი, მითითებული საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(3-ზ) 101; 154; 304(21)