გადაწყვეტილება №18151/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
გადაწყვეტილება №18151/2/2022
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 8.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18151/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №083-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.10.2022 წლის №26083 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 198 407,31 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 105 087
მოგების გადასახადი - 31 213
საშემოსავლო გადასახადი - 73 442
ქონების გადასახადი - 432
ჯარიმა - 55 881
საურავი - 37 439,31
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.12.2021 წლის №083-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა:
1. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და 2020 წლის ივნისის თვეში შემცირებული კაპიტალის, სახელფასო განაცემად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა, რომ აქვს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.
3. ითხოვდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 14.06.2022 წლის №083-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახურის 13.10.2022 წლის №26083 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ დამფუძნებელი ვერ შეძლებდა შესამოწმებელ პერიოდამდე კაპიტალის გატანას საკმარისი თანხების არქონის გამო. აცხადებს, რომ მას გააჩნდა იურიდიული უფლება თანხა გაეტანა არა ხელფასად, არამედ შეემცირებინა საწარმოს დაფუძნებისას შეტანილი საწესდებო კაპიტალის ოდენობა. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 17.05.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: შემცირებულ კაპიტალის სახელფასო განაცემად განხილვასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა არასაკმარისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც გახდებოდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი. კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა სავაჭრო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის ხარჯთაღრიცხვა, დათარიღებული 15.05.2015 წლით, თუმცა აღნიშნულ პერიოდში სამშენებლო მასალების შეძენა დოკუმენტურად არ დასტურდება. ასევე, დასკვნის ფარგლებში განხორციელდა შესაბამისი პერიოდის მოგების და ქონების გადასახადის დეკლარაციების შესწავლა. მოგების გადასახადში რემონტის ხარჯი გამოქვითული არ არის, ხოლო ქონების გადასახადი დარიცხულია მხოლოდ ძირითად საშუალებებად რიცხულ აქტივებზე (გარდა ლიზინგით გაცემულისა და შენობა-ნაგებობებისა). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დასკვნის ფარგლებში აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ მომხდარა.
სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას ხარჯის გათვალისწინებასთან მიმართებით, გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად დასკვნის ფარგლებში აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანება.
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.04.2022 წლის №10637 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.