ბრძანება N 7354
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7354
03 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს” (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 28 მარტის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „---ს” (ს/ნ ---) №52958/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნის, 2023 წლის 19 მაისის №006-199 და 2024 წლის 27 თებერვლის №006-58 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა ნაწილობრივ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები და ჯამურად მხოლოდ 87497 ლარით დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა, ასევე, არ გაითვალისწინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შეკვეთილი ტორტების ბისკვიტის შიგთავსის შემადგენელი პროდუქციის რაოდენობებთან დაკავშირებით. ამდენად გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან არ მოხდა მათ მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის 2023 წლის 15 ნოემბერს წარდგენილ წერილში მოყვანილი მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლა და გათვალისწინება. ამასთან, გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის ივლისის თვეში სმფ-ების გაორმაგებას/დუბლირებას ადგილი არ ჰქონია, გადამხდელი განმარტავს, რომ 2020 წლის ივლისის თვეში ფიქსირდება 59 496.85 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვა, ხოლო შემმოწმებელს თავის გაანგარიშებებში გაორმაგებული ციფრი აქვს შეყვანილი. მიუთითებს, რომ შეძენილი პროდუქციის ჯამური ღირებულებაა გაზრდილი და მათ არ უგულისხმიათ საქონლის დუბლირება.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №006-58 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26914 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 25 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26914 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 87 497 ლარით, მათ შორის გადასახადი 50 615 ლარით და ჯარიმა 36 882 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 თებერვლის №006-58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, ახსნა-განმარტება საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაც შემოწმების მიერ სრულად და დეტალურად იქნა შესწავლილი და რიგ შემთხვევაში გათვალისწინებული. ბუღალტრული ნაშთის ცხრილში ერთსა და იმავე საქონელს ეწერა სხვადასხვა დასახელებები და კოდები (1120, 1438, 1419, 1490, 1100 კოდები), რაც აორმაგებდა აღნიშნული სმფ-ების რაოდენობას. გადაანგარიშების ფარგლებში საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გასწორდა აღნიშნული ნედლეულების რაოდენობები. ამასთან, შემოწმების დროს, 2020 წლის ივლისის თვეში შეძენილი სმფ-ების გაორმაგებას/დუბლირებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, გადამხდელმა წარმოადგინა 2021 წლის 26 აგვისტოს შედგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შეკვეთილი ტორტების ბისკვიტების (ე.წ. ----ს) შიგთავსის შემადგენელი პროდუქციის რაოდენობებთან დაკავშირებით (შემოწმების აქტი შედგენილია 29.12.2020 წელს). აღნიშნულის გათვალისწინება დასკვნის ფარგლებში არ მომხდარა, რადგან შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები, რის მიხედვითაც განხორციელდა ნედლეულის ჩამოწერა და სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის სისწორის კონტროლი, ასევე საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, ხოლო წარმოდგენილი ექსპერტიზით, ე.წ. ---ის ბისკვიტის დასამზადებელი ნედლეული გაზრდილია.
შემოწმების მიერ გამოყენებულ კალკულაციებთან შედარებით, რაც შესაბამისად იწვევს ჩამოსაწერი ნედლეულის, ნაშთის და წარმოებული პროდუქციის რაოდენობებისა და ღირებულებების ცვლილებას. გადაანგარიშების ფარგლებში არ შეცვლილა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთში გამოვლენილი ნედლეულის დანაკლისის დაბეგვრის პრინციპი, კერძოდ: ინვენტარიზაციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის ნედლეულის სხვაობა-დანაკლისზე განხორციელდა წარმოების ფასნამატის მიყენება და დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად დაბეგვრა, როგორც მზა პროდუქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ფარგლებში რიგი ტექნიკური საკითხების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რამაც მოახდინა მოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება (შემცირება). ამასთან, დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია,რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №006-58 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება, კერძოდ, გადაანგარიშების ფარგლებში რიგი ტექნიკური საკითხების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რამაც მოახდინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ამასთან, დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება.
რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა გადაანგარიშების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ აღნიშნული დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები, რის მიხედვითაც განხორციელდა ნედლეულის ჩამოწერა და სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის სისწორის კონტროლი, ასევე საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, ხოლო წარმოდგენილი ექსპერტიზით, ე.წ. ---ს ბისკვიტის დასამზადებელი ნედლეული გაზრდილია. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნის და 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 ივლისის №20370 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 30 დეკემბრის №39875 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა შპს „---ის” (ს/ნ ---) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 25 იანვარს.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 153 630 ლარით, მათ შორის გადასახადი 91 881 ლარით და ჯარიმა 61 749 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 25 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 18 სექტემბრის №20411/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26914 ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---ს” (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №006-58 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---ის” (ს/ნ --- ) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26914 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 87 497 ლარით, მათ შორის გადასახადი 50 615 ლარით და ჯარიმა 36 882 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 თებერვლის №006-58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21; 301 (ზ).