გადაწყვეტილება №76529/1/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№76529/1/2022
16.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ს 16.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №76529/1/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.04.2022 წლის გადაწყვეტილების (№15333/2/2021) აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №006-446 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 61 474 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 33 810
დღგ - 11 725
მოგების გადასახადი - 9 433
საშემოსავლო გადასახადი - 12 650
ქონების გადასახადი - 2
ჯარიმა - 27 664
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით გაირკვა, რომ 2018 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა ბინის რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე 85 678.58 ლარად.
შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრ ბაზად მიჩნეულ იქნა სხვაობა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ბინების საშუალო ღირებულებასა და ნასყიდობის ფასს შორის თანხა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 12 ივლისის №22563 ბრძანება და №006-501 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2021 წლის №37139 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა, სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებაზე არასწორად მიღებული დღგ-ის ჩათვლების საფუძველზე, დღგ-ის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2021 წლის №37139 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.04.2022 წლის გადაწყვეტილებით (15333/2/2021) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულების (ხელშეკრულება) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება/შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.04.2022 წლის გადაწყვეტილების (15333/2/2021) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №25886 ბრძანება და 12.10.2022 წლის №006-446 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას უძრავი ქონება მიწოდებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირზე - კომპანიის დირექტორზე. შემოწმების შედეგებით, მიწოდების ღირებულება არ იქნა მიჩნეული საბაზრო ღირებულებად და სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
დარიცხული მოგების გადასახადი არასამართლიანია შემდეგ გარემოებათა გამო.
კომპანიის დირექტორს უძრავი ქონება შეძენილი აქვს 2008 წელს და იმ პერიოდისთვის არსებულ საბაზრო ფასად, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული გარიგებები. ნასყიდობის ხელშეკრულება შემოწმებას წარედგინა. დირექტორის მიერ შეძენილი ქონება არის ე.წ. შავი კარკასი, ხოლო შემოწმების ეტაპზე დაბეგვრის მიზნებისთვის შესადარისად გამოყენებულ იქნა 2018 წლის ე.წ. თეთრი კარკასის საბაზრო ფასი.
აღნიშნული საკითხი გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა აღნიშნული საკითხი და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეემცირებინა განხორცილებული დარიცხვა.
აუდიტის სამსახურმა არ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და გამოსცა არასამართლიანი და უსაფუძვლო გადაანგარიშების დასკვნა, კერძოდ მათი არგუმენტით 2008 წელს რეალიზებული ქონება განსხვავდება 2018 წელს რეალიზებული ქონებისგან. ეს სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან კორპუსის პროექტმა განიცადა კორექტირება და არა მხოლოდ -----------, არამედ ყველა სხვა მესაკუთრის შემთხვევაშიც, რომელთაც ამხანაგობისგან ჰქონდათ შეძენილი ბინები, ძველ მესაკუთრეებზეც მიწოდებული იქნა საცხოვრებელი ბინები კორექტირებული პროექტის მიხედვით, შეიცვალა ბინების ფართობები და სხვა პარამეტრები, რის გამოც მათ დამატებითი ფულადი სახსრები გადაუხადეს კომპანიას. ეს არგუმენტი მცდარი, გამოუკვლეველი და უსაფუძვლოა.
მეორე არგუმენტით, უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია, ეს არგუმენტიც უსაფუძვლოა იმის გამო, რომ ამხანაგობის საქმიანობის ეტაპზე განშლა არ განხორციელებულა და არა მარტო ---------ს, არამედ ამხანაგობისგან ბინის შემძენი სხვა პირების ხელშეკრულებები არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და თავდაპირველი რეგისტრაცია განხორციელდა არა 2008 წელს, არამედ კომპანიისგან ბინების მიღების ეტაპზე (ისევე, როგორც ------------ას შემთხვევაში). ეს არგუმენტიც მცდარი, გამოუკვლეველი და უსაფუძვლოა.
აუდიტორი საერთოდ არ საუბრობს იმ ნაწილზე, რომ ---------ს შეძენილი ჰქონდა შავი კარკასი და მან გამოიყენა თეთრი და გაუმჯობესებული ქონებების ფასი საბაზრო ფასის განსაზღვრის ეტაპზე.
აუდიტორს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ამხანაგობის თავმჯდომარესთან, რომელმაც როგორც მათთვის ცნობილია ზემოაღნიშნული დეტალები დაუდასტურა და განუმარტა, თუმცა მის მიერ მოხდა მიღებული ინფორმაციის უგულებელყოფა და გადაანგარიშების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაუქვემდებარა, რაც არასამართლიანია.
მიაჩნია, რომ 2022 წლის 26 სექტემბრის დასკვნა საგადსახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება №22886 არასამართლიანია, ამდენად, უსაფუძვლოა 2022 წლის 12 სექტემბრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა N006-446.
მომჩივანი ითხოვს, დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება და დადგინდა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მახასიათებლები არაა შესაბამისობაში 2018 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მახასიათებლებთან. კერძოდ, განსხვავდება ბინის ფართი, სართული და სახელშეკრულებო თანხა. გარდა ამისა, სადაო ფართზე საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება საკუთრების რეგისტრაცია (მათ შორის წინარე ხელშეკრულება) 2018 წლის მაისამდე, პირველი ამონაწერი რეესტრიდან, რომელიც ბინის (სკ --------------) რეალიზაციის ფაქტს ადასტურებს, თარიღდება 2018 წლის 28 მაისით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იყო ზემოხსენებული ბინის 2018 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენდა გამყიდველი - შპს ----------- (მომჩივანი) და მყიდველი - ფ/პ -------- (პ/ნ ---------). აღნიშნულ პერიოდამდე, ზემოხსენებული ბინა იმყოფებოდა შპს --------------- ბალანსზე მარაგების სახით. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულება შემოწმებას არ მიაჩნია სარწმუნოდ და სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტი 5.12.2022 წლის №---------21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში შპს ----------- მიერ განხორციელდა ბინის რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე, (----------) 85 678.58 ლარად. აღნიშნულ ფართზე საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება საკუთრების რეგისტრაცია (მათ შორის წინარე ხელშეკრულება) 2018 წლის მაისამდე. პირველი ამონაწერი რეესტრიდან რომელიც ბინის ს.კ ------------------- რეალიზაციის ფაქტს ადასტურებს თარიღდება 2018 წლის 28 მაისით. აღნიშნულ პერიოდამდე ზემოხსენებული ბინა იმყოფებოდა შპს -----------ის ბალანსზე მარაგების სახით. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ვერ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილ ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მახასიათებლები არაა შესაბამისობაში 2018 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მახასიათებლებთან, კერძოდ, განსხვავდება ბინის ფართი, სართული და სახელშეკრულებო თანხა. ხოლო, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ გამყიდველი - შპს ---------- (მომჩივანი) და მყიდველი ფ/პ ------------ . შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულება შემოწმებამ არ მიიჩნია სარწმუნოდ და სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ მოახდინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები უნდა შემცირებულიყო, რადგან წარადგინეს თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობის გაგრძელება მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ, დაიდო ხელშეკრულებები თავდაპირველ შემძენებთან, გადასახადის გადამხდელმა რომ ვერ განახორციელა აღებული ვალდებულებების შესრულება, შეაჩერა მშენებლობა და გააგრძელა 2016 წლიდან. ყველა შემძენის მიმართაა დადებული ხელშეკრულება და მათ შორის ----------ას მიმართაც. წარუდგინეს ამხანაგობასა და ------------ას შორის დადებული ხელშეკრულება, მაგრამ უგულებელყოფილი იქნა, რადგან აუდიტორის განმარტებით 2018 წელს დადებულ ხელშეკრულებას ხედავს მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით. მიაჩნია, რომ თუ არა 2008 წელს დადებული ხელშეკრულება, ვერ იქნებოდა 2018 წლის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დაიდო 2008 წელს და ის პირობები, რაც ამ ხელშეკრულებაშია, უნდა იქნეს გათვალისწინებული, ხოლო გამოყენებული ის საბაზრო ფასი, რაც ყველა სხვა მესაკუთრეების მიმართ იქნა გამოყენებული. მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, კერძოდ ----------ას მიმართ, ურთიერთდამოკიდებულობის საფუძვლით, იქნა უგულებელყოფილი 2008 წლის ხელშეკრულება და გათვალისწინებული 2018 წლის ხელშეკრულება. ყველა სხვა მესაკუთრეებთან დადებული ხელშეკრულება, მათ შორის -------------სთან დადებული ხელშეკრულება, იდენტურია, მსგავსი კონტექსტითაა, ყველა შემთხვევაში მოხდა ფართის, სართულის ცვლილება, ანუ ყველას ბინა გადაეცა შეცვლილი ფართებით და ა.შ, რადგან განშლა მერე გაკეთდა და ყველა შემთხვევაში ფართები შეიცვალა ობიექტური გარემოებების გამო (ვერ შეასრულა ამხანაგობამ და გააგრძელა გადასახადის გადამხდელმა), თუმცა მკვეთრი არსებითი სხვაობა ფართში არ არის. ვერცერთი ხელშეკრულება, მათ შორის ------------თან დადებული, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვერ იქნებოდა, რადგან განშლა არ ქონდათ, ხოლო ვალდებულებაში არც სხვა პირებიც არ ფიქსირდებოდა, თუმცა მათ მიმართ გათვალისწინებული იქნა თავდაპირველი ხელშეკრულება. აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა ვერ დადასტურდაო, მაგრამ ხელშეკრულებას ორივე მხარე აწერს ხელს და არცერთი სხვა ხელშეკრულებაც ნოტარიულად დამოწმებული არ არის და თუ ხელმოწერის დადასტურება იყო საჭირო, აღნიშნული არ მოუთხოვია აუდიტორს და ასეთის შემთხვევაში, წარმოადგენდნენ ხელმოწერის დადასტურებას წერილობით და რომ ნამდვილად არის გაყიდული 2008 წლის აგვისტოში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეთხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებების წარდგენა და წარმოადგინა მხოლოდ 2018 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული გადასახადის გადამხდელსა და -----------ას შორის, საჯარო რეესტრის გადამოწმებით, არც წინარე და არც სხვა ნასყიდობის ხელშეკრულება არ ფიქსირდებოდა 2018 წლის მაისამდე. განმარტა, რომ შემდგომ, დავების ეტაპზე დამატებით წარდგენილ 2008 წლის ხელშეკრულებას არ გააჩნია ნამდვილობის დამადასტურებელი არანაირი ნიშანი, ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მახასიათებლები არაა შესაბამისობაში 2018 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ბინის მახასიათებლებთან, კერძოდ, განსხვავდება ბინის ფართი, სართული, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ამხანაგობა --------- და -----------, სადავო ბინა 2018 წლის მაისამდე იმყოფებოდა კომპანიის ბალანსზე და არ იყო აღრიცხული რაიმე ვალდებულება ----------ას მიმართ. --------იას მიერ ბინა იყო ნაყიდი, ნასყიდობა იყო, ანალოგიური შემთხვევა სხვა პირების მიმართ არ ყოფილა, ამდენად დანარჩენ ბინებზე, გარდა ბარტერებისა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით დაიბეგრა. წარმოდგენილი 2008 წლის ხელშეკრულება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილია, მაგრამ ნამდვილობის დასადასტურებლად მოითხოვეს ხელმოწერის დამადასტურებელი განცხადების წარდგენა, რომ ნამდვილად მან (ამხანაგობის თავჯდომარემ) მოაწერა ხელი, მაგრამ არ იქნა წარმოდგენილი. კომუნიკაცია ხელმომწერ პირთან შედგა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვს, იყო ასეთი შემთხვევები და შესაძლებელია რეალობასაც შესაბამებოდესო. სთხოვეს წერილობითი დადასტურება, მაგრამ არ იქნა წარმოდგენილი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, კომპანიის მიერ არ იყო აღრიცხული რაიმე ვალდებულება ---------ას მიმართ, არ ფიქსირდება სადავო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია და ვერ იქნა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიჩნევს, რომ დავების განხილვის საბჭოს 7.04.2022 წლის გადაწყვეტილების (№15333/2/2021) აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.