გადაწყვეტილება №20172/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 31.07.2023
№ დოკუმენტი 20172/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20172/2/2023

31 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ს 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20172/2/2023).

 

დავის საგანი:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის №ID:------- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12372 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით.

2023 წლის 30 იანვრიდან 18 აპრილის შუალედში მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგენა 7 განცხადება დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 20.12.2022 წლის №32086 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის ID:------- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2023 წლის №12372 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით და განმარტავს, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი განმარტებით, ID:------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ უარი ეთქვათ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. მისთვის სრულიად გაუგებარია უარის თქმის მოტივი იმ პირობებში, როდესაც კომპანია სრულად აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

3. გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №73298-21-12 წერილი საიდანაც ირკვევა, რომ მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. მომჩივანი როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.01.2023 წელს. საწარმოს დირექტორის ------- (პ/ნ -------) ინფორმაციით საქმიანობას განაგებს თავის შვილთან ზურაბ ფანგანთან ერთად. ახალი დაწყებული საქმიანობის გამო პარტნიორობა არ აქვს გადამხდელებთან და უფიქსირდება მხოლოდ საქონლის შეძენა, თუმცა გასს-ში არსებული ინფორმაციით შპს ------- (ს/ნ -------) მიერ გაწერილი ზედნადებებით ფიქსირდებოდა ასევე საქონლის რეალიზაციაც, რაც ადასტურებს იმ ფაქტს რომ დირექტორი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის (ხე-ტყის მასალის) მომწოდებლების/მომხმარებლების და საგადასახადო ორგანოს მიმართ ვალდებულებების შესახებ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების და საგადასახადო რისკების პრევენციის მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 20.12.2022 წლის №32086 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

მომჩივნის განცხადებით, გაუგებარია უარის თქმის მოტივი იმ პირობებში, როდესაც კომპანია სრულად აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების მოთხოვნებს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12372 ბრძანება;

3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით.

მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგენა 7 განცხადება დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 20.12.2022 წლის №32086 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2023 წლის №12372 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 286(12)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 563

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №32086

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება N3751