გადაწყვეტილება №19935/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19935/2/2023
10 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19935/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის ID------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8716 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 2022 წლის 17 ოქტომბერს №------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის ID------- გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოთავაზებული პირობებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის ID------- გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.04.2023 წლის №8716 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8716 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე - 12.05.2023 წელს. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 1.06.2023 წელი. საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 9.06.2023 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივნის განმარტებით საჩივრის წარდგენის ვადა დაარღვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. კერძოდ, აქვს პირის ღრუს პრობლემა გინგივიტი, ვინაიდან თვითნებურად ჩაიტარა მკურნალობა უსახსრობის გამო. ზემოაღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე ვერ მოახერხა შემოსავლების სამსახურის ბრძანების დადგენილ ვადაში გასაჩივრება, თუმცა არ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს უარი საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. შემოთავაზებული პირობებით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 21.04.2023 წლის №8716 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293;