გადაწყვეტილება №18732/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18732/2/2023
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 26.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18732/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე (ჩადენილი განმეორებით).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №CB1424254 საგადასახადო
სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 13.01.2023 წლის №310 ბრძანება
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 8.12.2022 წელს ქ. "------"-ში ------ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 21:33 სთ-ზე "------" -ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის (სახ. №"------" ) გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ "------" ახორციელებდა მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას.
მომჩივნის თავდაპირველი განმარტებით ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 500 კგ. ყველი და შესაბამისი ზედნადები ქონდა ატვირთული აღნიშნულ რაოდენობაზე. სასაქონლო ზედნადები გამოწერილი იყო 8.12.2022 წლის 21:32:55 საათზე. ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებული იყო "------" , ---------- ქუჩა. ავტომობილმა მოძრაობა დაიწყო 21:18 საათზე და დაიძრა ქ. "------" -ის მიმართულებით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დაიწყო 21:41 საათზე და დასრულდა 21:44 საათზე. 22:02:05 საათზე მომჩივანმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადები, სადაც ჩასწორებულია ყველის წონა და ნაცვლად 500 კილოგრამისა მიეთითა 750 კილოგრამი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №CB1424254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი 20.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.01.2023 წლის №310 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 1 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ მე-2 და მე-3 პუნქტებზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 8.12.2022 წლის №CB142254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით მას აქვს მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული და მის სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს ყველის დამზადება. ასევე ახორციელებს სხვა გლეხებისგან ყველის შეძენას და გაყიდვას. მომჩივნის განმარტებით 8.12.2022 წელს "------" -ში გასაყიდად მიჰქონდა ყველი, შესაბამისად დაურეკა ახლობელს რომ გამოეწერა სასაქონლო ზედნადები ქ. "-----"-დან ქ."-----" 750 კილოგრამი. წასვლის დროდ მოსარჩელე უთითებს დაახლოებით ათის ნახევარს. ავტომობილის დაძვრიდან 10 ან 15-20 წუთში მომჩივანი გააჩერა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა და დაუწერეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე. მომჩივანის განმარტებით ოქმის შედგენის დროა 21:41 საათი, ხოლო მისი ზედნადების გამოწერის დროა 21:32 საათი. მტკიცებულებად დართული აქვს სასაქონლო ზედნადების ასლი და უთითებს რომ კანონის დაცვით ახორციელებდა ტრანსპორტირებას.
მომჩივანი უთითებს შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული ბრძანების დასკვნით ნაწილზე და ამბობს, რომ სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდანვე ირკვევა, რომ ზედნადების ატვირთვის დროა 21:32 საათი, ხოლო ავტომანქანა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააჩერეს 21:33 საათზე, როდესაც მას 1 წუთით ადრე უკვე ჰქონდა ზედნადები გამოწერილი.
მომჩივანი ითხოვს ჯარიმისა და სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, რადგან მისი შემოსავალი წელიწადში არ შეადგენს იმდენს, რომ ეს ჯარიმა გადაიხადოს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
ამავე ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 14.02.2023 წლის "------" წერილის მიხედვით, 8.12.2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "------" , რა დროსაც დადგინდა, რომ "------" ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (7500 ლარის ღირებულების 750 კგ ყველი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის არგუმენტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ მომჩივნის თავდაპირველი განცხადებით, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 500 კგ. ყველი და შესაბამისი ზედნადები ქონდა ატვირთული აღნიშნულ რაოდენობაზე. სასაქონლო ზედნადები გამოწერილი იყო 8.12.2022 წლის 21:32:55 საათზე. ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებული იყო "------" , ------ ქუჩა. ავტომობილმა მოძრაობა დაიწყო 21:18 საათზე და დაიძრა "------" -ის მიმართულებით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დაიწყო 21:41 საათზე და დასრულდა 21:44 საათზე. 22:02:05 საათზე მომჩივანმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადები, სადაც ჩასწორებულია ყველის წონა და ნაცვლად 500 კილოგრამისა მიეთითა 750 კილოგრამი.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართლზომიერად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.