გადაწყვეტილება №19075/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19075/2/2023
30.03.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19075/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება-დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №074-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №074-16 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის №39766 ბრძანება;
4. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №9492 ბრძანება; 5. შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32233 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 880 520 ლარი (23.12.2021 წლის №074-42 საგადასახადო მოთხოვნა)
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 53 500
ჯარიმა - 26 750
საურავი - 5 558
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის №39766 ბრძანება და 23.12.2021 წლის №074-42 საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 14.04.2022 წლის №9492 ბრძანება და 14.04.2022 წლის №074-16 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 9.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.12.2022 წლის №32233 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, გასაჩივრებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32233 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილებით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 299-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე10 ნაწილებით, ასევე 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია არგუმენტაცია საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანს გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არგუმენტები, იგი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №-------21-14 წერილით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 22.12.2021 წლის №39766 ბრძანებას და 23.12.2021 წლის №074-42 საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 24.12.2021 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 24.01.2022 წელი (30-ე დღე, 23.01.2022 წელი, ემთხვევა არასამუშაო დღეს (კვირა)).
ამავე წერილით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 14.04.2022 წლის №9492 ბრძანება და 14.04.2022 წლის №074-16 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს გაეგზავნა 14.04.2022 წელს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც მომჩივანი გაეცნო 27.05.2022 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 27.06.2022 წელი (30-ე დღე, 26.06.2022 წელი, ემთხევვა არასამუშაო დღეს (კვირა)).
საჩივარი აღნიშნულ აქტებზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 9.12.2022 წელს, გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32233 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება-დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
ფაქტობრივი გარემოება
მომჩივანს არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს. საჩივარი აღნიშნულ აქტებზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება
ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (9); 299 (4) (10); 301(ე);