ბრძანება N 5168
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5168
17.03.2023
შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ქ. თბილისი, ---------------;
2023 წლის 20 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „---------------ის“ (ს/ნ --------------)№79203/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 თებერვლის №EL199270 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სარგებლობს სატრანსპორტო კომპანია შპს „-------------ის” მომსახურებით და ამანათების მისაღებად იყენებს პორტალს HTTPS//-------.GE/, სადაც აქვთ პირადი კაბინეტი. 2023 წლის იანვარში დაადეკლარირა ამანათები, რა დროსაც მითითებული იყო ერთეულის ფასი და რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ უნდა მიეთითებინა ჯამური ღირებულება და ჯამური რაოდენობა. 50 ერთეულ პროდუქტზე ჯამური ღირებულების 2034 აშშ დოლარის ნაცვლად მიეთითა 83,36 აშშ დოლარი. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან არ ყოფილა გადასახადების შემცირების მცდელობა, რადგან პორტალზე ატვირთული იყო ინვოისიც.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის -- იანვარს შპს „---------------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №-------------------- და №-------------- საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება (კომპიუტერის სამაგრი კაბელი - ჯამური ღირებულებით 81,36 აშშ დოლარი). გამომდინარე იქიდან, რომ შპს „---------ის” კუთვნილი საფოსტო გზავნილები დეკლარირებული იყო 81,36 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში.
მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათებზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, კერძოდ: 81,36 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 2 034 აშშ დოლარი. აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება - 1 016,83 ლარის ოდენობით.
ვინაიდან შპს „--------------ის” მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 4 თებერვალს შედგენილი №EL199270 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „----------ს” დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 016,83 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმა შპს „---------------------ის” მიერ გადახდილ იქნა 2023 წლის - თებერვალს (საგადასახადო დავალება №----------). საფოსტო გზავნილზე დაიბეჭდა №2----------------საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რითაც მოხდა ამანათში მოთავსებული საქონლის (კომპიუტერის სამაგრი კაბელი), თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3 პუნქტი კი აზუსტებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას - მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც იწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ შპს „---------ის” კუთვნილი საფოსტო გზავნილები დეკლარირებული იყო 81,36 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში.
დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,1. შპს „-----------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.