გადაწყვეტილება №93585/1/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2025
№ დოკუმენტი 93585/1/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№93585/1/2025

05 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------ს“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 3.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №93585/1/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №041-74 საგადასახდო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 454 050,35 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 244 613 დღგ - 167 800

მოგების გადასახადი - 74 016

საშემოსავლო გადასახადი - 2 797

ჯარიმა - 118 772

საურავი - 90 665,35

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა ----- ბაზრობის ტერიტორიაზე. გადამხდელს უფიქსირდება, როგორც ადგილობრივი შეძენები, ისე იმპორტი ------დან და ------დან.

აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 6.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23322 ბრძანება;

- არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადარიცხული თანხის უპროცენტო სესხად განხილვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. შემოწმების მიღმა პერიოდში (2024 წლის ოქტომბერში) --------დან განხორციელებული იმპორტის მასალები და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი შეუმცირდა 92 052 ლარით. მ.შ. გადასახადი 61 364 ლარით, ხოლო ჯარიმა 30 688 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №041-74 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენას ახორციელებს -----ში, იმპორტის გზით შემოაქვს საქართველოში, ხოლო შემდეგ ახდენს მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. 2021 წლიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის ყიდულობს -----ში. ძირითადი მომწოდებელს წარმოადგენს LTD------- ---- (11 786 509 ლარის იმპორტი), რომელთანაც გადარიცხული ავანსის თანხა 554 539 ლარი და LTD------ ----- (493 833 ლარის იმპორტი) რომელთანაც გადარიცხული ავანსის თანხა 76 810 ლარი, ორივე კომპანიის შემთხვევაში გადარიცხული ავანსის თანხა ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას გადარიცხული ავანსის თანხებთან დაკავშირებით გააჩნია შედარების აქტები. ასევე, დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელდა საქონლის იმპორტი და არსებობს იმპორტის საბაჟო დეკლარაცია. აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინვოისი, საიდანაც ირკვევა, რომ ----- მიმდინარეობს გამოსაგზავნი საქონლის შეგროვება, შეფუთვა და დატვირთვა. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშებაში. ტვირთი 3-4 თვის ინტერვალში ჩამოვა საქართველოში, გაივლის შესაბამის საბაჟო პროცედურებს და წარმოადგენს იმპორტის საბაჟო დეკლარაციას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა სრულყოფილად აღსრულებული საბჭოს 28.11.2024 №24236/2/2024 გადაწყვეტილება. კერძოდ: გადაანგარიშებაში არ იქნა გათვალისწინებული მოსაწოდებელი საქონლის ღირებულება და აღნიშნული თანხით არ იქნა შემცირებული მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სრულყოფილად აღასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, სრულად გაითვალისწინოს წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები ან მიეცეს შესაბამისი დრო, წარადგინოს იმპორტის საბაჟო დეკლარაცია (როდესაც განხორციელდება საქონლის ტრანსპორტირება) და შედეგად, გამოსცეს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2025 წლის №4342-21-14 წერილიდან დგინდება, რომ საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში წარდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ განხორციელებული იმპორტის ოპერაცია, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი 92 052 ლარით, მ.შ. ძირითადი გადასახადი 61 364 ლარით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 30 688 ლარით.

რაც შეეხება მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ, მომავალში "LTD --------------"-დან მისაღებ საქონლის პროფორმა ინვოისს, იგი არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ, ვინაიდან დოკუმენტს არ აქვს შედგენის თარიღი, ხელმოწერა, ბეჭედი, არ არის მითითებული შეძენის ვალუტა, ასევე რატომღაც ინვოისში საქონლის დასახელება მითითებულია ქართულადაც.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტთან დაკავშრებით განმარტა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ვერ გაითვალისწინა მისაღები საქონლის შესახებ წარდგენილი დოკუმენტი, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს და არ შეიცავდა საიდენტიფიკაციო მონაცემებს.

გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მისი საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. ასევე არ მიუთითებს თუ ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საბჭოს 28.11.2024 წლის №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 6.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №041-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №23322 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №24236/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ საბჭოს №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. შემოწმების მიღმა პერიოდში (2024 წლის ოქტომბერში) მომჩივანის მიერ განხორციელებული იმპორტის მასალები და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული მოგების გადასახადი შეუმცირდა 92 052 ლარით. მ.შ. გადასახადი 61 364 ლარით, ხოლო ჯარიმა 30 688 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №041-74 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საბჭოს №24236/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“9 „ბ“); 982(3 „ზ“); 983(1); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);