ბრძანება N 3369
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3369
19 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 29 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) №14110/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №EL239581 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ახალი დაწყებული აქვთ სატერმინალო საქმიანობა და არ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულ ვალდებულებასა და ჩაბარების გრაფიკებზე.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-------მა“ (ს/ნ -----) კუთვნილ საბაჟო საწყობში 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს წარუდგინა 2024 წლის 24 იანვარს (ელექტრონული განცხადება №ID ------), რითაც დაარღვია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ფ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა.
გამოვლენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოში 2024 წლის 25 იანვარს შედგენილ იქნა №EL239581 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------ს“ (ს/ნ -----) პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის №5 დანართის შესაბამისად და წელიწადში ორჯერ, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ან ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერილი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შემდეგი პერიოდულობით:
ფ.ა) ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 იანვრისა;
ფ.ბ) ყოველი წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 ივლისისა.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით მე-8 მუხლის „ფ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის სს-ს 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №EL239581 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნმა კუთვნილ საბაჟო საწყობში 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს წარუდგინა 2024 წლის 24 იანვარს, რითაც დაარღვია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ფ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. გამოვლენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოში 2024 წლის 25 იანვარს შედგენილ იქნა №EL239581 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1).
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N455 დადგენილება.