გადაწყვეტილება №19714/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19714/2/2023
11.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------- 18.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19714/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 წლის გადაწვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 344 122 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 166 914
დღგ - 159 685
საშემოსავლო გადასახადი - 7 082
ქონების გადასახადი - 147
ჯარიმა - 82 886
საურავი - 94 322
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტო-ნაწილებით და სხვადასხვა აქსესუარებით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დიდი რაოდენობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი (2018 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით 829 107 ლარი). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 31 მაისის №17592 და 2019 წლის 18 ნოემბრის №39968 ბრძანებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიისთვის წარდგენილი იქნა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთის შესახებ, რომელმაც შეადგინა 882 686.24 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა, რომლის საბაზრო ღირებულებამ, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგინა 837 310 ლარი, ხოლო 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით 414 060 ლარი (სარეალიზაციო ფასები განსაზღვრული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ).
გამომდინარე იქედან, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ დგინდებოდა ფაქტობრივად აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ანალიზი ჩაუტარდა მეწარმის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ბუღალტრული და ფაქტიური ნაშთი, რომელიც დაემთხვა ერთმანეთს და სხვაობა არ გამოვლენილა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ შეძენილი საქონელი რეალიზებულია სხვადასხვა პერიოდში, თუმცა სრულად არ არის დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი ნაშთი მიჩნეული იქნა ბუღალტრულ ნაშთად, ხოლო თვითღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 126%-ის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შედეგად გაიზარდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად, დადგინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ბუღალტრული ნაშთი, რომელიც დაემთხვა ფაქტობრივ ნაშთს. ამდენად, ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში დანაკლისი არ გამოვლენილა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №39771 ბრძანება და №043-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.04.2021 წლის №11924 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №11924 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 318 756 ლარით, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2021 წლის №043-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2022 წლის №2070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16065/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილების (№16065/2/2022) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №043-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის 10 აპრილის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 სექტემბრის №043-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნას. საჩივარში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს მიეცა დავალება გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალიწინებით, მოახდინოს საკითხის შესწავლა და შედეგების გადაანგარიშება, რაც არ შესრულდა და ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე შედგა დასკვნა. შემოსავლების სამსახურის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 34%-იანი ფასნამატი, მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტი გაანგარიშებისთვის იყენებს სხვა მსგავსი ობიექტის ფასნამატს, რაც სრულიად აბსურდულია, გაუგებარია სხვა მსგავსი ობიექტის შერჩევის კრიტერიუმი, მაშინ როცა მათ მიერ მოძიებულ იქნა არაერთი სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმის აუდირებული შედეგები, სადაც ფასნამატი განისაზღვრა 29%-დან 32%მდე, რაც ამყარებს მეწარმის პოზიციას და მოთხოვნას, რომ შემოსავლების დათვლის საფუძვლად აღებულ იქნეს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაცია.“
დავების გადაწყვეტილების ნაწილში მითითებულია, რომ
„1. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
2. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავების საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (№16065/2/2022) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გავლა, რაც ესოდენ არსებითია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (საქონლის იდენტიფიცირებისათვის) დასადგენად და
3. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).“
აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაში მითითებულია, რომ „2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია და გამოცემულია შესაბამისი დასკვნა, სადაც დეტალურად არის განხილული აღნიშნული გადაწყვეტილებით დავალებული საკითხი. აღნიშნული გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ კვლავ იქნა გასაჩივრებული ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, იმ არგუმენტით რომ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე მოახდინა აუდიტორმა გადაანგარიშების შედგენა და შესაბამისი დასკვნის გამოცემა და მოითხოვა გადამხდელის მონაწილეობით (ისევე როგორც დავალებული იყო 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილებით) ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილების ხელახალი შესწავლა/გადაანგარიშება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოხდა დაკონტაქტება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, როგორც სატელეფონო, ისე პირისპირი აუდიენციის ფარგლებში, რაზედაც უარი განაცხადა და აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით დავალებულია არა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ინვენტარიზაციის მონაცემების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება, არამედ ინვენტარიზაციის შედეგების პირდაპირ გათვალისწინება და დარიცხული თანხების შემცირება. იმის გათვალისწინებით, რომ გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის/წარმომადგენლის მონაწილეობით დავალებული საკითხის ერთად გავლა, ხოლო 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და გამოცემულია შესაბამისი დასკვნა, დამატებით დარიცხული თანხები აღარ დაექვემდებარა კორექტირებას.“
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, კერძოდ:
- უპირველეს ყოვლისა, 2021 წლის 21 აპრილს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ №11924 ბრძანებაში პირდაპირი დავალება მიეცა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მომხდარიყო გასაჩივრებული საკითხების ხელახალი შესწავლა და შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით მომხდარიყო გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება, რაც სრულად უგულებელყოფილ იქნა. საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილებით ხელმეორედ მიეცა დავალება აუდიტის დეპარტამენტს „გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით“, მოახდინოს საკითხის შესწავლა და შედეგების გადაანგარიშება, რაც ასევე არ შესრულდა და ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე მოხდა დასკვნის შედგენა, რითაც დაირღვა გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესები;
- აუდიტის დეპარტამენტი დავების გადაწყვეტილების მოდელირებას ცდილობს 2022 წლის 23 სექტემბრის N043-7 კორექტირებული (რეალურად კი დაუკორექტირებელი) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გასამყარებლად და დავების გადაწყვეტილების ფორმულირებას ცდილობს ერთი შინაარსის გამოსაყვანად, კერძოდ: ვეთანხმებით №1 პუნქტად განსაზღვრული საკითხის ფორმულირებას: აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით. ვეთანხმებით მეორე პუნქტად განსაზღვრული საკითხის ფორმულირებასაც №2: საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავების საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (№16065/2/2022) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გავლა, რაც ესოდენ არსებითია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (საქონლის იდენტიფიცირებისათვის) დასადგენად, მაგრამ ამ საკითხთან ჩვენს მიერ №3 პუნქტად განსაზღვრული საკითხის მიბმად, კერძოდ: N3. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება) ამ ფორმულირების გამყარებას ნამდვილად არ ემსახურება;
- 2022 წლის 16 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე საკითხის განხილვისას დავების საბჭოს წევრებისთვის დასმული იქნა კითხვა, თუ რა იგულისხმებოდა „ე.წ სათანადო საფუძვლებში“, რათა მეტად გასაგები ყოფილიყო ამ ჩანაწერის შინაარსი როგორც გადასახადის გადამხდელისთვის, ასევე აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნულ საკითხზე მიეცათ განმარტება, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2022 წლის 30 ივნისს მიიღო N16065/2/2022 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ ინვენტარიზაციით დადგენილი შედეგების (შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი შეადგენს 34%-ს) გამოყენების თაობაზე, ხოლო „სათანადო საფუძვლები“ განმარტებულ იქნა შემდეგნაირად: თუ ინვენტარიზაციის შედეგების გამოყენება დაამძიმებდა გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ტვირთს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი აუდიტის დეპარტამენტი არ შეესრულებინა გადაანგარიშება, სხვა შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება;
- ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების „ძებნა“ არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის, რაც განემარტა მათი მხრიდან აუდიტის დეპარტამენტს;
- აუდიტის დეპარტამენტი თავის პოზიციაში უთითებს, რომ „გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოხდა დაკონტაქტება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, როგორც სატელეფონო ისე პირისპირი აუდიენციის ფარგლებში, რაზედაც უარი განაცხადა.“ ზემოაღნიშნულთან დაკვშირებით აღნიშნავს, რომ არც სატელეფონო და არც პირისპირ კომუნიკაციაზე უარი არ განუცხადებიათ, პირიქით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი იყო შეხვედრაზე მისული და აუდიტორთან ერთად შეადგინეს გადაანგარიშების პროექტიც, მაგრამ როგორც ჩანს, დასკვნაში აღნიშნული მონაცემები ასახული არ არის;
- შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 31 მაისის №17592 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 34%-იანი ფასნამატი და როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში იყო აღნიშნული, დანაკლისი არ გამოვლენილა. ამავე დროს, როდესაც მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, აუდიტის დეპარტამენტი გაანგარიშებისთვის იყენებს სხვა მსგავსი ობიექტის ფასნამატს, სრულიად აბსურდულია. მიუხედავად აბსურდულობისა, როგორც უკვე არაერთხელ დააფიქსირეს, გაუგებარია სხვა მსგავსი ობიექტის შერჩევის კრიტერიუმი, მაშინ როცა მათ მიერ მოძიებულ იქნა არაერთი მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმის აუდირებული შედეგები, სადაც ფასნამატი განისაზღვრა 29%-დან 32%-მდე, რაც ამყარებს მეწარმის პოზიციას და მოთხოვნას, რომ გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშების მეთოდი, შემოსავლები დათვლილ იქნეს პირდაპირი მეთოდით და ამის საფუძვლად აღებულ იქნეს ამავე ობიექტზე შემოსავლების სამსახურის მეორე სტრუქტურული ობიექტის - მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიება - ინვენტარიზაცია, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიების შედეგების უგულებელყოფა ეჭვქვეშ აყენებს თვითონ შემოსავლების სამსახურის მიმართ ნდობას, ვინაიდან სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები არ ენდობიან და არ ეყრდნობიან მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებს, რაც სრულიად მიუღებელია;
- ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 6 აუდირებული პირის ფასნამატი, რომელთა ოდენობა მერყეობს 29%-დან 32%-ის ფარგლებში და ნაკლებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატზე, რაც ასევე დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ამდენად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).“ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შედეგების არ გადაანგარიშების საფუძველი.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლზე და მიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებითა და შედეგად მიღებული სამართლებრივი აქტით დაირღვა გადასახადის გადამხდელის კანონიერი უფლება და კანონიერი ინტერესი.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე, და აღნიშნავს, რომ დავების საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს მიეცა 2 დავალება:
1. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მომხდარიყო საკითხის ხელახალი შესწავლა;
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
ამ ორი პუნქტიდან არც ერთის აღსრულება არ განახორციელა აუდიტის დეპარტამენტმა, რითაც დაირღვა გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესები. თუკი, აუდიტის დეპარტამენტი ვერ ახერხებს ინვენტარიზაციის მასალების დაკავშირებას, შემოსავლების სამსახურის მეორე სტრუქტურული ერთეულის მიერ, კერძოდ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 31 მაისის №17592 ბრძანებით დანიშნული ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამხდელის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 34%, რასაც ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტი და აღნიშნულიც არის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილებაში. ეს მიანიშნებს კოორდინაციის ან არ ქონაზე ამ ორ სახელმწიფო უწყებას შოროს და ამავე დროს, ზემოაღნიშნული ორივე უწყება შემოსავლების სამსახურის დაქვემდებარებაშია, ან აუდიტის დეპარტამენტი სუბიექტურია მეწარმის მიმართ განხორციელებულ გადაანგარიშებაში.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 დეკემბრის №18178/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს განემარტა, რომ არ მომხდარა საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესრულება და დაევალა მისი აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საჩივრის განხილვას, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 დეკემბრის №18178/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია და გამოცემულია შესაბამისი დასკვნა, სადაც დეტალურად არის განხილული საბჭოს გადაწყვეტილებით დავალებული საკითხი. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ კვლავ იქნა გასაჩივრებული ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, იმ არგუმენტით რომ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე მოახდინა აუდიტორმა გადაანგარიშების შედგენა და შესაბამისი დასკვნის გამოცემა, მოითხოვა გადამხდელის მონაწილეობით (ისევე როგორც დავალებული იყო 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილებით) ფინანსთა სამინისტრო დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილების ხელახალი შესწავლა/გადაანგარიშება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოხდა დაკონტაქტება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, როგორც სატელეფონო, ისე პირისპირი აუდიენციის ფარგლებში, რაზედაც უარი განაცხადა და აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით დავალებულია არა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ინვენტარიზაციის მონაცემების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება, არამედ ინვენტარიზაციის შედეგების პირდაპირ გათვალისწინება და დარიცხული თანხების შემცირება. იმის გათვალისწინებით, რომ გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის/წარმომადგენლის მონაწილეობით დავალებული საკითხის ერთად გავლა, ხოლო 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და გამოცემულია შესაბამისი დასკვნა, დამატებით დარიცხული თანხები აღარ დაექვემდებარა კორექტირებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დავების განხილვის საბჭოს ორჯერა აქვს მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ, ანალოგიური გადაწყვეტილებებია მიღებული სხვა გადასახადის გადამხდელის მიმართაც, განსახილველ შემთხვევაშიც საქმე ეხება სიტყვების „სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში“ განმარტებას, რაც მათი მიერ გაგებული იქნა რომ აღნიშნული გულისხმობს, თუ გადაწყვეტილების შედეგებით დამძიმდებოდა საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილიყო გამოყენებული, სხვა შემთხვევაში გამოყენებული ყოფილიყო ინვენტარიზაციის შედეგები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით პირდაპირ არ დავალებიათ ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება, ხოლო საკითხის ერთად გავლაზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან უარი ეთქვა და ითხოვს ინვენტარიზაციის ფასნამატის პირდაპირ გათვალისწინებას.
საბჭო მიუთითებს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, რომლითაც საბჭო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 6 აუდირებული პირის ფასნამატი, რომელთა ოდენობა მერყეობს 29%-დან 32%-ის ფარგლებში და ნაკლებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატზე, რაც ასევე დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).
საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ 16.12.2022 წლის №18178/2/2022 წლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საბჭო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ დავების საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (№16065/2/2022) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გავლა, რაც ესოდენ არსებითია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (საქონლის იდენტიფიცირებისათვის) დასადგენად და რაც, როგორც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელიც აღნიშნავს, არ განხორციელებულა.
ამგვარად, საბჭომ, საჩივრის ზეპირი განხილვისას მხარეთა მიერ გამოთქმულ პოზიციებთან ერთად, მიუთითა საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მიიჩნია, რომ საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (№16065/2/2022) არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 წლის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბჭოს 2022 წლის 16 დეკემბრის №18178/2/2022 გადაწყვეტილების შესრულება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 წლის გადაწვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტო-ნაწილებით და სხვადასხვა აქსესუარებით ვაჭრობა.
1. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები და შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შედეგად გაიზარდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. დადგინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა ბუღალტრული ნაშთი, რომელიც დაემთხვა ფაქტობრივ ნაშთს. ამდენად, ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში დანაკლისი არ გამოვლენილა.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.04.2021 წლის №11924 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მისი აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2021 წლის №043-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2022 წლის №2070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16065/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №16065/2/2022 წლის გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 16.12.2022 წლის №18178/2/2022 წლის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306(2).