გადაწყვეტილება №20496/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.09.2023
№ დოკუმენტი 20496/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20496/2/2023

21 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“-ს 7.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20496/2/2023).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი ავანსის თანხის სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-394 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 340 996 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 184 067

მოგების გადასახადი - 157 258

საშემოსავლო გადასახადი - 25 551

ქონების გადასახადი - 1 258

ჯარიმა - 113 100

საურავი - 43 829

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა რკინა კავეულით საცალო/საბითუმო ვაჭრობა, ასევე აქვს რკინის ნაკეთობების მცირე წარმოება. კომპანიას ძირითადი ნედლეული, მზა სახის მეტალის აქსესუარები და ნაჭედი დეკორატიული ფიგურები შემოაქვს იმპორტით (---------- და ---------).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.07.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 30.06.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 8.01.2021 წელს და 3.12.2021 წელს ---------- რეგისტრირებულ საწარმოებზე -------------ზე და ---------- სალაროდან გაცემული აქვს თანხა, რომელიც ბუღალტრულად აღრიცხული როგორც ავანსი, ჯამური ოდენობით - 524 746 ლარი ხელშეკრულების შესაბამისად (ორივე შემთხვევაში თანხის სალაროდან გაცემა მოხდა ერთი ოპერაციის ფარგლებში, რომლის დეკლარირება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ ფიქსირდება). --------------ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ე.წ. საგარანტიო თანხას ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც არარეზიდენტ კომპანიასთან უცვლელად/გაუნაშთავად დარჩება ხელშეკრულების შეწყვეტის წლამდე. --------------ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილ თანხას, რომლის მოწოდებაც არ მომხდარა დღემდე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 96-ე „ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს მიერ გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტებზე -----------ზე და -----------ზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულია მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33453 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 394 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 26.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა. გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის განხორციელება დამოკიდებულია იმპორტზე. ------- და -------- შემოაქვს როგორც ნედლეული, ასევე მზა სახის მეტალის აქსესუარები და მეტალის ნაჭედი დეკორატიული ფიგურები. აღნიშნულის გარეშე კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან საქონლის ტიპის, ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით მსგავსი ნედლეული და პროდუქცია საქართველოში არ იწარმოება. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი გაჯერებულია იმპორტული საქონლით არის შევსებული და შეუძლებელია კონკურენტული ფასის მიღება იმპორტის განხორციელების გარეშე. რკინა-კავეულით ვაჭრობის ბიზნეს გარემო კი საკმაოდ კონკურენტულია და შეიძლება ითქვას არაჯანსაღი. ბაზრის 75% გაჯერებულია -------- საქონლით, დანარჩენ 25% განაწილებულია კომპანიის მიერ წარმოებული ადგილობრივი პროდუქციასა და -------- საქონელზე. შესაბამისად ---------- კომპანიებთან თანამშრომლობა ერთგვარ მოცემულობას წარმოადგენს. ---------- კომპანიებიც დიდი ძალისხმევით ცდილობენ საქართველოში პარტნიორების მოძებნასა და უკვე მოძებნილის ახლით ჩანაცვლებას. სწორედ ასეთ გარემოში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, 8.02.2021 წელს გაფორმებულია ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულება მომწოდებელთან -----------სთან. აღნიშნული კომპანია ყველაზე კონკურენტულ ფასად ყიდის შესაბამისი ხარისხის პროდუქციას, რომლის იმპორტსაც ახორციელებდნენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ ისედაც გაჯერებულ ბაზარზე შეძლებოდა კონკურენტული ფასებითა და კარგი ხარისხით პოზიციონირება, მიიღო ზემოხსენებული ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.2.1 მუხლის მიხედვით გამყიდველი იღებდა პასუხისმგებლობას, რომ სხვა მესამე პირს (გარდა შპს „----------“-სი) არ ექნებოდა უფლება შეეძინა და საქართველოში იმპორტით შემოეტანა ----------- საქონელი. ხოლო, კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ მხოლოდ ზემოხსენებული კომპანიისგან მოახდენდა საქონლის შეძენას. ამასთან, ხელშეკრულების 1.2.2 მუხლის მიხედვით, მყიდველს უნდა შეესყიდა წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000 დოლარის ექვივალენტი ღირებულების საქონელი. ხოლო 1.2.3 მუხლის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულებისა და შეთანხმების გარანტიისათვის მყიდველს გამყიდველისათვის საგარანტიოდ, ავანსის სახით უნდა განეთავსებინა 100 000 დოლარის ოდენობით თანხა, რომელიც გაიქვითებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ბოლო ოპერაციებიდან. ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ურთიერთშედარების დოკუმენტაცია წარდგენილი იყო შემოწმებისათვის, ასევე შემოწმებისათვის მიწოდებული იყო ზემოხსენებული ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, შემოწმებამ უგულებელყო თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებული სრულიად კანონიერი და ბიზნეს ინტერესებით განპირობებული დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეუცვალა ოპერაციას კვალიფიკაცია. კერძოდ, გადახდილი საგარანტიო/ავანსის თანხა (რომელიც გაიქვითებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში განხორციელებული ბოლო მიწოდებებიდან) დააკვალიფიცირა როგორც გაცემული უპროცენტო სესხი. კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშული ნაწილის სესხად კვალიფიკაციას, რადგან არსებობს იურიდიული დოკუმენტაცია და სავსებით რეალური და ლოგიკური დასაბუთება იმისა, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს წინასწარ გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც უნდა გაიქვითოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო ოპერაციებიდან. ხსენებული თანხის განთავსების გარეშე საწარმოს არ ექნებოდა შესაძლებლობა კონკურენტუნარიანი საქონელი და ნედლეული შემოეტანა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების რეალური მოქმედება იმითაც დასტურდება, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშემკვრელი კომპანიის საქონლის იმპორტი საქართველოში სხვა პირის მიერ არ მომხდარა (აღნიშნული ფაქტი შემოსავლების სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით მარტივად გადამოწმებადია).

გარდა ამისა, შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოახდინა ყოველთვიურად მოგების გადასახადის დარიცხვა რაც გულისხმობს უსასყიდლოდ მომსახურების გაწევას. აღნიშნული ნაწილი სრულიად შეუსაბამო და აცდენილია რეალობას, რადგან სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს საქონლის შესყიდვას, ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასებითა და ხარისხით ოპერირებას. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულმა შესაძლებლობამ მისცა საშუალება, რომ საწარმო გამხდარიყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა რკინა-კავეულის პროდუქცია. შემმოწმებლის მიერ გამოყენებული საკანონმდებლო ნორმა საჭიროებს განვრცობას, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს თუ რა განიხილება მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად, კერძოდ: ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება“. საინტერესოა, რომელი ფაქტობრივი გარემოება ან/და არგუმენტი მიუთითებს რომ ზემოხსენებული თანხის განთავსების მიზანი არ იყო მოგების შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დასაბუთება არ არის მოცემული შემოწმების აქტში და ასევე არც ზეპირსიტყვიერი განმარტება მიუღია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ოპერაციის შემდგომ შეძლო საწარმომ კონკურენტუნარიანი ფასისა და ხარისხის ნედლეულისა და მასალების იმპორტი (საბაჟოზე არსებული ინფორმაციის მიხედვით დასტურდება, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე ამავე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაერთი საქონელი და ნედლეულია შესყიდული ზემოხსენებული კომპანიისაგან).

ყოველივედან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ როგორც დოკუმენტურად, ასევე ეკონომიკურად და ბიზნეს ინტერესით დასაბუთებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის ცვლილებას. ერთის მხრივ გარანტიის სახით, ავანსად გაცემული თანხის უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას და მეორეს მხრივ უსასყიდლო მომსახურების გაწევისათვის ყოველთვიურად მოგების გადასახადის დარიცხვას. რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, არცერთი ფაქტობრივი გარემოება თუ დოკუმენტი არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული თანხის განთავსების მიზანი არ იყო დაკავშირებული საწარმოს მიერ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. რადგან, სწორედ აღნიშნული ოპერაციის შემდგომ შეძლო საწარმომ შესაბამისი ფასისა და ხარისხის პროდუქციისა და ნედლეულის შესყიდვა, რომლის საშუალებითაც საწარმოს მიეცა შესაძლებლობა ბაზარზე კონკურენტუნარიანი გამხდარიყო, მოეხდინა შემოსავლების გენერირება და მიეღო მოგება.

რაც შეეხება, ----------- აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით განხორციელებულ ოპერაციებს, აღნიშნავს, რომ საწარმოო სიმძლავრეების გაძლიერების მიზნით, კომპანიამ ----------- პროგრამის მხარდაჭერით 2021 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება 3 000 კვ. მეტრის საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსებული იქნება უახლესი მანქანა დანადგარები, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარჯების შემცირებას, ბაზარზე პროდუქციის გამრავალფეროვნებას და შესაბამისად ბაზარზე კონკურენტული ფასის მიღებას.

კომპანიას საწარმოო სივრცის მოწყობითი სამუშაოების დამთავრება დაგეგმილი ჰქონდა 2022 წლის აპრილში, თუმცა, რესურსების მიმართვა მოხდა საექსპორტო პროდუქციის მოსამზადებელი ხარჯებისთვის, შესაბამისად, გადავადდა საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოების დასრულება. ამიტომ კომპანიას არ აქვს გადახდილი საინვოისო ღირებულების მეორე ნახევარი. დანადგარების ღია ცის ქვეშ დალაგება კომპანიისთვის იქნება დიდი ზარალის მომტანი, შესაბამისად დანადგარების საინვოისო ღირებულების ნახევარს გააჩნია საავანსო სტატუსი. შემოწმებისათვის წარდგენილია ხელშეკრულება, ინვოისი, ასევე სალაროს გასავლის ორდერი სადაც მიმღები აფიქსირებს ხელმოწერით თანხის მიღებას და რაც მთავარია შედარების აქტი. აუდიტორებმა ერთიდაიმავე დოკუმენტაცია რწმუნებულებად მიიღეს იმპორტული საქონლის შესყიდვის ნაწილში (შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება - მაგალითი №3) და ანულირება მოახდინეს ავანსად გაცემული თანხების ნაწილში. ალოგიკურია ერთსადაიმავე დოკუმენტს მარწმუნებელი ძალა ჰქონდეს ერთ შემთხვევაში და არა მეორე შემთხევაში. კანონის ანალოგიის პრინციპით, თანხის მიღების დამადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია მარწმუნებელია როგორც კრედიტორული დავალიანების დაფარვის კუთხით, ასევე საავანსო თანხის გადახდის კუთხითაც. ამასთანავე, აუდიტისათვის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ თანხის პირველი ნაწილის გადარიცხვის შემდგომ, ბაზარზე მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა, რამაც შეცვალა საწარმოს დაგეგმილი ბიუჯეტი და მოუწია პრიორიტეტების განსაზღვრა, რადგან საწარმოს ფულადი რესურსები არ ყოფნიდა ყველა დაგეგმილი ოპერაციის განხორციელებას. შესაბამისად საწარმომ ფინანსური რესურსები მიმართა საექსპორტო პროდუქციის მოსამზადებელი ხარჯებისთვის და გადავადდა საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოების დასრულება. თუმცა პროცესი დღეის მდგომარეობით დასკვნით ფაზაშია. აუდიტისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კი ნათლად ჩანს, რომ პროდუქციის მიღებას შეძლებს, მას შემდეგ რაც გადაიხდის საინვოისო ღირებულებას სრულად. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო მოხდა საინვოისო ღირებულების მეორე ნაწილის გადახდის გადავადება, თუმცა აღნიშნული პირობა ძალაშია და არ ნიშნავს იმას, რომ საწარმომ თანხის მეორე ნაწილის გადახდის გადავადებით დაკარგა დანადგარის შეძენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ავანსის სახით გადახდილ ანაზღაურებას, რაც დასტურდება ორივე მხარის მიერ და აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს გაცემულ უპროცენტო სესხს. ამასთან, როგორც წინა შემთხვევაში, შემოწმების მიერ გაცემული სესხი ჩაითვალა უპროცენტოდ გაცემულად და ყოველთვიურად დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა. თუმცა, დოკუმენტაციითაც და ფაქტობრივი გარემოებებითაც ნათლად დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ავანსის სახით გადახდილ თანხებს და პირდაპირ კავშირშია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან, რომლის შედეგადაც საწარმო აპირებს მოახდინოს შემოსავლის გენერირება და მოგების მიღება. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც მიაჩნია, რომ ეს ოპერაცია თავისი შინაარსით არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 96-ე „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის თანახმად:

3. მოგების გადასახადით იბეგრება: ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

3. მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები: უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით:

I. 8.02.2021 წელს მომწოდებელთან, ------------სთან, გაფორმებულია ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.2.1 მუხლის მიხედვით გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ სხვა მესამე პირს (გარდა შპს „----------“-სი) არ ექნებოდა უფლება შეეძინა და საქართველოში იმპორტით შემოეტანა -----------ს საქონელი. ხოლო, კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ მხოლოდ ზემოხსენებული კომპანიისგან მოახდენდა საქონლის შეძენას. ამასთან, ხელშეკრულების 1.2.2 მუხლის მიხედვით, მყიდველს უნდა შეესყიდა წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000 დოლარის ექვივალენტი ღირებულების საქონელი, ხოლო 1.2.3 მუხლის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულებისა და შეთანხმების გარანტიისათვის მყიდველს გამყიდველისათვის საგარანტიოდ, ავანსის სახით უნდა განეთავსებინა 100 000 დოლარის ოდენობით თანხა, რომელიც გაიქვითებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ბოლო ოპერაციებიდან. აღნიშნული თანხის გადახდა დასტურდება მხარეებს შორის ურთიერთშედარების დოკუმენტებით და სალაროს გასავლის ორდერებით.

II. -----------თან განხორციელებულ ოპერაციაზე აღნიშნავს, რომ საწარმომ სიმძლავრეების გაძლიერების მიზნით „-----------“ პროგრამის მხარდაჭერით 2021 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება 3 000 კვ. მეტრის საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსებული იქნება უახლესი მანქანა დანადგარები, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარჯების შემცირებას, ბაზარზე პროდუქციის გამრავალფეროვნებას და შესაბამისად ბაზარზე კონკურენტული ფასის მიღებას. კომპანიას საწარმოო სივრცის მოწყობითი სამუშაოების დამთავრება დაგეგმილი ჰქონდა 2022 წლის აპრილში, თუმცა, რესურსების მიმართვა მოხდა საექსპორტო პროდუქციის მოსამზადებელი ხარჯებისთვის, შესაბამისად, გადავადდა საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოების დასრულება. ამიტომ კომპანიას არ აქვს გადახდილი საინვოისო ღირებულების მეორე ნახევარი. დანადგარების ღია ცის ქვეშ დალაგება კომპანიისთვის იქნება დიდი ზარალის მომტანი, შესაბამისად დანადგარების საინვოისო ღირებულების ნახევარს გააჩნია საავანსო სტატუსი. შემოწმებისათვის წარდგენილია ხელშეკრულება, ინვოისი, ასევე სალაროს გასავლის ორდერი სადაც მიმღები აფიქსირებს ხელმოწერით თანხის მიღებას და რაც მთავარია შედარების აქტი. აუდიტორებმა ერთიდაიმავე დოკუმენტაცია რწმუნებულებად მიიღეს იმპორტული საქონლის შესყიდვის ნაწილში და ანულირება მოახდინეს ავანსად გაცემული თანხების ნაწილში. წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ პროდუქციის მიღებას შეძლებს, მას შემდეგ რაც გადაიხდის საინვოისო ღირებულებას სრულად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ როგორც დოკუმენტურად, ასევე ეკონომიკურად და ბიზნეს ინტერესით დასაბუთებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის ცვლილებას. ერთის მხრივ გარანტიის სახით, ავანსად გაცემული თანხის უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას და მეორეს მხრივ უსასყიდლო მომსახურების გაწევისათვის ყოველთვიურად მოგების გადასახადის დარიცხვას. როგორც ზემოთ აღინიშნა, არცერთი ფაქტობრივი გარემოება თუ დოკუმენტი არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული თანხის განთავსების მიზანი არ იყო დაკავშირებული საწარმოს მიერ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებისათვის.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მომჩივნის მიერ გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტებზე -----------ზე და --------------ზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულია მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. აღნიშნულ ოპერაციაში კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს წარმოადგენდა აღნიშნული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განუთავსებლობა (თანხის სალაროდან გატანა).

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის მიერ განხორციელებული სადავო სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი ავანსის თანხის სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის განხორციელება დამოკიდებულია იმპორტზე. შემოაქვს როგორც ნედლეული, ასევე მზა სახის მეტალის აქსესუარები და მეტალის ნაჭედი დეკორატიული ფიგურები.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მომჩივანს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ საწარმოებზე, სალაროდან გაცემული აქვს თანხა, რომელიც ბუღალტრულად აღრიცხული როგორც ავანსი.ორივე შემთხვევაში თანხის სალაროდან გაცემა მოხდა ერთი ოპერაციის ფარგლებში, რომლის დეკლარირება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ ფიქსირდება.

შემოწმებით საწარმოს მიერ გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირებული იქნა არარეზიდენტებზე გაცემულ უპროცენტო სესხად.ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილული იქნა მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(3,9);96(ა);97(1ბ,გ);982(3ზ);983(1,3ზ);