ბრძანება N 30030

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.10.2020
№ დოკუმენტი 30030
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 30030

05/10/2020

შპს --------------

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთნ დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 2 ივლისის (ოქმი № 43) და 18 სექტემბრის (ოქმი № 70) სხდომებზე განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 22 მარტის №50232/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 სექტემბრის № 005-352 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

არ ეთანხმება ნაპატიები პირგასამტეხლოს ოდენობას და აღნიშნულის გაანგარიშების მეთოდს. საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №10595 ბრძანება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №10595 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- ს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:

1. შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებისგან, მათ შორის საქართველოს ----- სამინისტროსგან/სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია (დოკუმენტებთან ერთად) „სამინისტროს“, „სააგენტოს“ და „-----“-ს შორის არსებული მიმოწერების თაობაზე, რომელზე დაფუძნებითაც შედგენილია 2015 წლის 18 ნოემბრის „ოთხმხრივი ხელშეკრულება“; ამასთანავე, ყოველმხრივი შესწავლის გზით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება: ----- სამინისტროსა და შპს ----- ს შორის 2007 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებები ვალდებულებებისთვის რა ნაწილში აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნილი პირგასამტეხლო და ასეთის არსებობის შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ვალის/ვალდებულების პატიების ფაქტს ადგილი. აღნიშნული მასალების, გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მიღებული ზარალის ოდენობისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად აღნიშნულის გამოქვითვის უფლების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა შპს ----- ს მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, 2019 წლის 05 სექტემბერს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. კერძოდ, სულ შეუმცირდა 156 290 ლარის ოდენობით, მათ შორის: გადასახადი 104 193 ლარი და ჯარიმა 52 097 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 16 სექტემბრის №005-352 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნისმიხედვით დადგენილია, რომ:

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №10595 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ----- სამინისტროსგან/სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია (დოკუმენტებთან ერთად) „სამინისტროს“, „სააგენტოს“ და „----- “-ს შორის არსებული მიმოწერების თაობაზე, რომელზე დაფუძნებითაც შედგენილია 2015 წლის 18 ნოემბრის „ოთხმხრივი ხელშეკრულება“.

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, საქართველოს -----------სამინისტროსა და შპს ----- ს შორის, 2007 წლის 15 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1 მუხლით გათვალისწინებული შენობის ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ რეკოსტრუქციის და 35 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო:

1) შენობის რეკონსტრუქციის განუხორციელებლობისათვის საპრივატიზებო საფასურის 0.1% დარღვევის დღიდან (21.03.2010 წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2) 35 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განუხორციელებლობისთვის დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.3% დარღვევის დღიდან (21.03.2010 წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №2413 განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ----- გათავისუფლდა პირგასამტეხლოსგან, რაც 01.12.2015 წლის ჩათვლით შეადგენს 85 362 000 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №10595 ბრძანების შესაბამისად, დამატებით შესწავლილი იქნა მიღებული ზარალის ოდენობის საკითხი, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 156 290 ლარი, მათ შორის, გადასახადი 104 193 ლარი და ჯარიმა 52 097 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შესწავლილი იქნა საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს ----- სამინისტროსა და შპს ----- ს შორის, 2007 წლის 15 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1 მუხლით გათვალისწინებული შენობის ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ რეკოსტრუქციის და 35 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, რომლის გადახდის ვალდებულებისგან შპს ----- გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №2413 განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულის გარემოების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე დამატებით იქნა შესწავლილი გამოსაქვითი ზარალის სისწორე და აღნიშნულ ნაწილში კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ნაპატიები პირგასამტეხლოს ოდენობას და აღნიშნულის გაანგარიშების მეთოდს. საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით: სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, შედგენილია ოთხმხრივი ხელშეკრულება. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენობის ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ რეკონსტრუქციის და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საწარმო გათავისუფლდა პირგასამტეხლოსგან, რაც 01.12.2015 წლის ჩათვლით შეადგენს 85 362 000 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 304(21)