ბრძანება N 858
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 858
24.01.2023
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის (ოქმი №5) სხდომაზე იმსჯელა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) №235182/21-11 საჩივარზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №081-1240 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით , საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს , რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა ხელზე 2022 წლის 7 ნოემბერს, ხოლო ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 28 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 26 დეკემბერს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.