გადაწყვეტილება №21456/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21456/2/2023
29 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------30.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21456/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20239 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №225-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28242 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 147 185,78 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 719
დღგ - (- 33)
მოგების გადასახადი - 79 891
საშემოსავლო გადასახადი - 1 861
ჯარიმა - 44 371
საურავი - 21 095,78
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №225-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20239 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
სალაროში არსებული ფულადი სახსრების არაგონივრულ ნაშთად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20239 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ თანხები გადარიცხული აქვს ---------- რეგისტრირებული საწარმოსთვის, რომელიც არ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. ამასთან, განაცხადა, რომ თანხის ანაზღაურება ხდება ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოს დავალებით ---------- ბანკში ამავე საწარმოს საბანკო ანგარიშზე. საკითხის დამატებითი შესწავლისთვის გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხები გადარიცხული იყო ---------- ბანკში, საქონლის მიმწოდებელი ფირმა წარმოადგენდა ---------- (ოფშორული ზონა) რეგისტრირებულ კომპანიას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.09.2023 წლის
№225-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28242 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში დამატებით წარმოდგენილ იქნა ბიზნეს ლიცენზია (ასლი) ---------- ენაზე, მისი თარგმანი ქართულ ენაზე და ბიზნეს ლიცენზიაში (ასლი) ---------- ენაზე არსებული მონაცემების თარგმანის ნოტარიული (ქართული) აქტი. ასევე, რეგისტრაციის სერტიფიკატი ---------- ენაზე, მისი თარგმანი ქართულ ენაზე და ნოტარიული (ქართული) აქტი, რომელმაც დაადასტურა რეგისტრაციის სერტიფიკატში ---------- ენაზე არსებული მონაცემების თარგმანი. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ორივე დოკუმენტის (ბიზნეს ლიცენზია (ასლი) ---------- ენაზე და რეგისტრაციის სერტიფიკატი ---------- ენაზე) უტყუარობა არ არის დამოწმებული სანდო ორგანოს მიერ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიზნეს ლიცენზიაში (ასლი) ორგანიზაციის დასახელებაა შპს „----------“, ხოლო რეგისტრაციის სერტიფიკატში ----------. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრებოდა უცხოური ორგანიზაციის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, გადაანგარიშების შედეგად ვერ მოხერხდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების შესაბამისად, რის გამოც აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმისათვის, რომ კომპანიას დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, პარტნიორი, ---------- კომპანიიდან მოთხოვნილი იქნა ყველა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც თვალნათლივ გამოჩნდებოდა კომპანიის ყველა ოფიციალური მონაცემი, კერძოდ, კომპანიის რეგისტრაციის ადგილი და კომპანიის მისამართი, სადაც ხდება პროდუქციის წარმოება. ხელახლა ითარგმნა და ნოტარიულად დადასტურდა ელექტრონული წერილით მიღებული დოკუმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ „----------“ - ---------- სახელია და ნიშნავს „----------“ - ქართულად, ხოლო ინგლისურად „----------“.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის სამეწარმეო საქმიანობა. კონტრაქტის თანახმად, ყველა გადახდილი თანხა შესაბამისობაშია მიღებულ საქონელთან. საქონელი ავანსის თანხის გადახდიდან ერთი თვის მანძილზე მზადდება, ხოლო საშუალოდ ორიდან ოთხ თვემდე ესაჭიროება გემით ტრანსპორტირება კომპანიამდე ჩამოსატანად. მომწოდებლის პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ წინასწარ არ გადავურიცხავთ ავანსის თანხას, ისე მოთხოვნილი პროდუქციის დამზადებას არ იწყებენ. ამჟამად ყველა კონტრაქტი აღნიშნულ ---------- კომპანიასთან დასრულებულია, კერძოდ ყველა თანხა გადახდილია და საქონელი სრულად მიღებული და განბაჟებულია.
განხილული უნდა იქნას წარმოდგენილი დოკუმენტები, რომელიც დადასტურებულია სანდო ორგანოს მიერ, რაც ადასტურებს მის უტყუარობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20239 ბრძანებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ თანხები გადარიცხული აქვს ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოსთვის, რომელიც არ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. ამასთან, განაცხადა, რომ თანხის ანაზღაურება ხდება ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოს დავალებით ---------- ბანკში ამავე საწარმოს საბანკო ანგარიშზე. საკითხის დამატებითი შესწავლისთვის გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხები გადარიცხული იყო ---------- ბანკში, საქონლის მიმწოდებელი ფირმა წარმოადგენდა ----------(ოფშორული ზონა) რეგისტრირებულ კომპანიას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებზე, შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28242 ბრძანებაში მითითებულ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საჩივარზე დართული დოკუმენტაციის და მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრის საკითხი შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20239 ბრძანების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28242 ბრძანება;
3. დაევალოს საბჭოს აპარატს აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი საქმის მასალებთან ერთად;
4. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
5. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20239 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20239 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, თანხები გადარიცხული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოსთვის, რომელიც არ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. ამასთან, განაცხადა, რომ თანხის ანაზღაურება ხდება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს დავალებით უცხოურ ბანკში ამავე საწარმოს საბანკო ანგარიშზე. საკითხის დამატებითი შესწავლისთვის გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხები გადარიცხული იყო უცხოურ ბანკში, საქონლის მიმწოდებელი ფირმა წარმოადგენდა (ოფშორული ზონა) რეგისტრირებულ კომპანიას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;97(1);982(3გ,8,10);