გადაწყვეტილება №19282/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19282/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 1.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19282/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №001-270 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4116 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 193 715 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 79 437
ჯარიმა - 79 437
საურავი - 34 841
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და მათი საკვებით.
საბაჟო დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32912 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის მიერ -----------------------საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის №--------- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT თბილისი, დეკლარაციებში და მის თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) ასევე გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელებიც სავარაუდოდ შესაძლებელია რეალურად/სრულად არ ასახავდეს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს (მნიშვნელოვნად დაბალი იყოს), რომელიც წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა მომჩივნისგან.
ასევე, პერიოდის მიხედვით შერჩეული დეკლარაციების თანმხლები სატრანსპორტო ზედნადებებით ------- გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოთხოვილია უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ---------- -ის ფილიალისგან საქართველოში (ს/ნ-------------) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს ------------ (ს/ნ -------------).
საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია, შემდეგი:
1) კომპანიის მიერ 12.08.2022წ. №146800/21-11 და 3.11.2022წ. №200457/21-10 განცხადებებით წარდგენილი, 1.01.2019-11.08.2022წ.წ. პერიოდზე სს ------- ბანკის მიერ გაცემული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხა შეუსაბამობაშია მოცემულ პერიოდში კომპანიის საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;
2) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ---------- (-----------)-ის ფილიალმა საქართველოში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში 25.12.2022წ. №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს, სატრანსპორტო ზედნადებების (------------) მიხედვით, მიაწოდა ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველი დოკუმენტები, რომლებშიც მითითებული თანხები ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს;
3) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს --------------გან (ს/ნ -----------) №172783/21-10-20 წერილით, სატრანსპორტო ზედნადებების ------------ მიხედვით, გამოგზავნილ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველ დოკუმენტში მოცემული თანხები ასევე, ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს;
4) გადამზიდავი ფირმა -------------ის მიერ განხორციელებული გადაზიდვების შემთხვევებშიც შესაბამის სატრანსპორტო ზედნადებებში (-----------) მითითებული საქონლის ტრანსპორტირების ხარჯები ასევე, ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს.
მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციებზე კომპანიას დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი (დღგ) - 79 436,58 ლარი და სანქცია ჯარიმის სახით საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 79 436,58 ლარი.
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33518 ბრძანება და ამავე თარიღის №001-270 საგადასახადო მოთხოვნა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები 29.12.2022წ. №--------- წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.
აღნიშნული აქტები 10.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.03.2023 წლის №4116 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული საბაჟო დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ მოთხოვნის მიუხედავად შემოწმების მიერ არ მომხდარა შემოწმების მასალების გადაცემა, რომელიც დაეხმარებოდა საკითხის დეტალურად გარკვევაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული შემოწმების მასალები გადამხდელს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც ადრესატი გაეცნო 11.01.2023 წელს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პროდუქციის იმპორტირება ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად გადამზიდავ კომპანიასთან კომპანიას კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი. ანგარიშსწორებაც ხორციელდება, მხოლოდ მომწოდებელთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.
7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საქონლის იმპორტი ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, გადამზიდავ კომპანიასთან კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი და ანგარიშსწორებაც ხორციელდება, მხოლოდ მომწოდებელთან.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში.
აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო: მომჩივნის მიერ ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის შეუსაბამობა შესაბამის პერიოდში მის მიერ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „-----------ის ფილიალის საქართველოში“, უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს „ ----------“ და გადამზიდავი ფირმა ----------ის მიერ სატრანსპორტო ზედნადებების (---------) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად წარდგენამ და დეკლარაციებში არასწორად ასახვამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და მათი საკვებით.
მმომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული საბაჟო დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
30(2,9,10);64(2დ);167(1);13(2);44(6,7);