გადაწყვეტილება №18341/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18341/2/2022
3.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ (პ/ნ --------------)
მოპასუხე: შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ის 1.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18341/2/2022).
დავის საგანი:
1. ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
არ ირკვევა.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. პირადი აღრიცხვის ბარათზე 2.02.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2.02.2021 წლის №011-597 შეტყობინებით, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ქონების გადასახადის ნაწილში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება და ვალის მართვის დეპარტამენტის 2.02.2021 წლის №011-597 შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.11.2022 წლის №28149 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გადასახადის გადამხდელმა 16.11.2022 წელს კვლავ წარადგინა საჩივარი (რეგისტრაციის №209115/21) შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №--------21-04 წერილით, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის საფუძველზე, საჩივარი კუთვნილებისამებრ გამოგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გამოყენება.
საგადასახადო კოდექის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:
გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;
დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
16.11.2022 წლის საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის წერილით ეცნობა, რომ 10.11.2022 წლის №28149 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა მისი პირადი აღრიცხვის ბარათი. შემოსავლების სამსახურში ითხოვა აღნიშნული ბრძანების გაცნობა თუ რა თანხა დაკორექტიდა, რაზეც ძალიან უხეშად უპასუხეს, რომ არანაირი ბრძანება არ არსებობს და გადასახდელი აქვს მიწაზე ქონების გადასახადი და თუ არ გადაიხდიდა კიდევ დაემატებოდა.
განმარტავს, რომ იმყოფება ასაკში, არის გაჭირვებული, შვილი გარდაეცვალა გმირულად აფხაზეთთან შეტაკების დროს 24.09.1993 წელს და მიუთითებს, რომ ცოტა ნორმალურად უნდა აეხსნათ შესაბამის თანამდებობის პირს და გაეცა პასუხი. რადგან ვერ გაარკვია გაგზავნილი წერილის შინაარსი და შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ არანაირი ბრძანება მიღებული არ არის, კვლავ ითხოვს 10.11.2022 წლის №28149 ბრძანების ასლს და ამავდროულად ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება და ქონება გათავისუფლდეს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისგან.
ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი, არ არის მითითებული გასაჩივრებული დოკუმენტების რეკვიზიტები, საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი და საჩივრის/მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია, საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. მომჩივანს ხარვეზის შესახებ გაეგზავნა 2.12.2022 წლის №03/------ წერილი და აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების ვადა განესაზღვრა წერილის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღე. აგრეთვე წერილში მიეთითა, რომ აღნიშნული ხარვეზი საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს და მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
2.12.2022 წლის №03/-------- წერილი მომჩივანს ჩაბარდა პირადად საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 5.12.2022 წელს. მომჩივნის მიერ 30.12.2022 წელს წარმოდგენილია №--------/01 განცხადება, სადაც გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მის შვილს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით გადაეცა მიწის სამოსახლო ადგილი 400 კვ. მ, ---------ში, მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე. შვილი გარდაიცვალა 24.09.1993 წელს --------თან შეტაკების დროს, 25 წლის ასაკში. შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გადაიფორმა მიწის ნაკვეთი. 2022 წლის სექტემბერში დაჭირდა იუსტიციის სახლიდან ცნობის აღება, სადაც შეიტყო, რომ ქონებას ადევს ყადაღა. მიუთითეს,რომ უნდა გაერკვია შემოსავლების სამსახურში. გაარკვია, რომ მიწის ნაკვეთის გამო გადასახდელი აქვს გადასახადი 821 ლარის ოდენობით. არანაირი შეტყობინება არ მიუღია, არც ტელეფონით დაკავშირებია ვინმე. განმარტეს, რომ შეტყობინება გამოგზავნილი იყო ელექტრონული ფოსტით, რაც იყო გაუგებარი. ამ თანხის დაგროვებამდე რომ შეეტყობინებინათ, ამხელა თანხაზე არ აიყვანდა, ამიტომ თავს დამნაშავედ არ თვლის, დამნაშავეა ის, ვინც არასათანადოდ ასრულებს თავის მოვალეობას. ითხოვს გათავისუფლდეს აღნიშნული გადასახადიდან და მიწის ნაკვეთს განესაზღვროს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსი, სადაც გადასახადი არ ექნება გადასახდელი.
აღნიშნულ წერილიდან კვლავ არ ირკვევა მოთხოვნის არსი (არ არის მითითებული გასაჩივრებული დოკუმენების რეკვიზიტები); საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი; საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დადგენილი ხარვეზი არ არის სათანადოდ გამოსწორებული, რაც წარმოადგენს საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელ გარემოებას. შესაბამისად, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.