გადაწყვეტილება №25248/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.06.2025
№ დოკუმენტი 25248/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25248/2/2025

17 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 2.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25248/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა;

2. ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №21-11/16771 გადაწყვეტილება;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №011-1157 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 14 174.32 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 13 499.34

საურავი - 674.98

 

პროცედურული გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №21-11/16771 გადაწყვეტილება და ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №011-1157 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 16 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №21-11/16771 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, №01063 ლიცენზიის ნაწილში, საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდზე (2024 წლის II ნახევარი), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა განახორციელოს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, იმ მოცულობის ფარგლებში, რაც აჭარბებს ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის ჯამურ მოცულობას (4 421.8 მ 3 );

- დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, მოახდინოს წინა პუნქტის შესრულების ტექნიკური უზრუნველყოფა და შემდგომ საანგარიშო პერიოდზე (ლიცენზიის გაუქმებამდე პერიოდზე), №01063 ლიცენზიის ფარგლებში, არ განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სავარაუდო დარიცხვა;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა

ფაქტების აღწერა

2008 წლის 18 იანვარს საწარმოზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობის ლიცენზია №01063 20 წლის ვადით. ქვიშა-ხრეშის ჯამური მოპოვება 604 157მ3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 2012 წლის 30 მარტს და 2024 წელს შეადგენს წლიური 45 000 მ 3 . სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 11 მარტის №162/ს ბრძანებით აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია. შესაბამისად, მოსაკრებლის დარიცხვის მიზნებისთვის, ლიცენზია №01063 გაუქმებულად ითვლება 2025 წლის 11 მარტიდან.

ვინაიდან კომპანიის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2024 წლის II ნახევრის გაანგარიშება, განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა 2024 წლის ათვისების გეგმის ნახევრის რესურსის შესაბამისი მოსაკრებლის ოდენობით, რაც შეადგენს 13 500 ლარს. განაკვეთი 1მ3 – 0.60 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდო დარიცხვის შეცვლა შესწორებული დარიცხვით საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ განხორციელდა. ასევე, ვერ განხორციელდა მოსაკრებლის გაანგარიშებაში არსებული შეზღუდვის გაუქმება. აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეცნობა 2025 წლის 12 მარტის №------ წერილით.

მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილება 2025 წლის 16 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანებით ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-6 მუხლებზე, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე, 107-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს მომჩივანის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, კომპანიამ №01063 ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ჯამური მოცულობა 604 157 მ 3 ფაქტობრივად სრულად აითვისა 2012-2022 წლებში. საწარმოს მიერ ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის სახით, 2012 წლიდან ბიუჯეტში გადახდილია 122 755.64 ლარი. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდები, დარიცხული საურავების გათვალისწინებით, უდავოდ, სრულად ფარავს ლიცენზიით და ათვისების გეგმით გათვალისწინებულ მოსაკრებელს. 2024 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს №01063 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, რაც გაუქმდა სააგენტოს 2025 წლის 11 მარტის №162/ს ბრძანებით.

ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 18.01.2008 წელს მომჩივანზე 20 წლის ვადით გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №01063 (მოქმედების ვადა 4.01.2008- 4.01.2028 წ.წ.). №01063 ლიცენზიის ფარგლებში მოსაკრებელი დარიცხულია სულ 608 578.8 მ 3 მოცულობის რესურსზე, ხოლო ამავე ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა ლიცენზიით შეადგენს სულ 604 157 მ 3 . დარიცხული 4 421.8 მ 3 -ით აჭარბებს ლიცენზიით განსაზღვრულ ჯამურ მოცულობას. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ №01063 ლიცენზია გაუქმებულია 2025 წლის 11 მარტს, ხოლო მოსაკრებლის დარიცხვის მიზნებისათვის ლიცენზიის გაუქმების თვე ითვლება სრულ თვედ, გაანგარიშების წარუდგენლობის შემთხვევაში, 2025 წლის 15 ივლისს განხორციელდება 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდზე სავარაუდო დარიცხვა 3 თვის პროპორციულად - 6 750 ლარის ოდენობით (45 000/12*3*0,6).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების მე-7 მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლზე, „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 21 მარტის №7084 ბრძანებით დამტკიცებულ №2546 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ №01063 ლიცენზია გაუქმებულია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ, მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, №01063 ლიცენზიის ნაწილში, საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდზე (2024 წლის II ნახევარი), განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, იმ მოცულობის ფარგლებში, რაც აჭარბებს ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის ჯამურ მოცულობას (4 421.8მ3 ), ხოლო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა და შემდგომ საანგარიშო პერიოდზე (ლიცენზიის გაუქმებამდე პერიოდზე), №01063 ლიცენზიის ფარგლებში, არ განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სავარაუდო დარიცხვა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არსებული ლიცენზიის ფარგლებში ფაქტობრივად სრულად იყო გადახდილი კუთვნილი მოსაკრებელი, შესრულებული იყო ყველა გარემოსდაცვითი და რეკულტივაციის პირობა. დეკლარირების წესში არსებული ხარვეზების გამო კომპანიას მაინც წარმოეშვა მოსაკრებლის დავალიანება. შემოსავლების სამსახურის მიერ არსობრივად გაზიარებულ იქნა საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია მოსაკრებლის მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრულ ფარგლებში დარიცხვის შესახებ. თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გამო საწარმო მაინც ვერ ახერხებს მოსაკრებლის სათანადო დეკლარირებას, მიუხედავად გადასახადის სრულად გადახდისა, საბიუჯეტო დავალიანების და ყადაღის გაუქმებას:

- გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის „ჩვენი მოთხოვნის“ ნაწილში მექანიკურად მოხდა გრაფის „ჩვენი არგუმენტების“ ჩაკოპირება, სადაც მომჩივნის მიერ ჩამოყალიბებული იქნებოდა მოთხოვნა: 2024 წლის პირველი და მეორე სავადოს მიხედვით სავარაუდო დარიცხვის გაუქმება (ჯამში 45 000 კუბი), რის ნაცვლადაც გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადეკლარირდებოდა 40 578,2 კუბი, რის შედეგადაც ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებელი სრულად იქნებოდა დადეკლარირებული.

- საჩივარში დეტალურად იქნა აღწერილი, რომ: 1) მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა შეადგენდა 122 755.64 ლარს, რაც უდავოდ სრულად ფარავდა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის მოცულობას. 2) 2024 წელისთვის ათვისებული იყო ლიცენზიით განსაზღვრული რესურსი, ამ წლის განმავლობაში არცერთი მეტრ კუბი რესურსის მოპოვება არ განხორციელებულა და კომპანიამ მხოლოდ იმის გამო ვერ გააუქმა ლიცენზია, რომ შეესრულებინა გარემოს დაცვითი და რეკულტივაციის პირობა. 2024 წლის პირველ და მეორე სავადოზე დარიცხული მოსაკრებლის მოცულობა შეადგენდა 1 კუბზე 0,60 თეთრს, ხოლო კომპანიის მიერ ფაქტობრივი მოპოვების და გადახდის პერიოდში მოსაკრებელი იყო 0,20 თეთრი 1 კუბზე. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების დადგენილების ნაწილში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: გაუქმდეს 2024 წლის პირველი და მეორე პერიოდის სავარაუდო დარიცხვები იმ პირობით, რომ 2024 წლამდე საწარმო თვითონ დაადეკლარირებს ლიცენზიით დარჩენილ მოსაკრებელს 40 578,2 კუბს.

ფაქტია, რომ კომპანიას სრულად აქვს მოსაკრებლის თანხა გადახდილი და დეკლარირების პროცესებში არსებული ხარვეზების გამო შეიქმნა პრობლემები. პროცესი გაართულა რეკულტივაციის საკითხის მოგვარებამ, რასაც დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდა. ამასობაში გაიზარდა მოსაკრებლის თანხა 0,60 თეთრამდე და მოხდა სავარაუდო დარიცხვები, რამაც გამოიწვია კომპანიისთვის ყადაღის დადება.

დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის 2022 წლის პირველი სავადოს დაზუსტება და 40 578,2 კუბის შესაბამისი მოსაკრებლის დამატებით დარიცხვა, რითიც სრულად შესრულდა ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაკრებლის დეკლარირების ვალდებულება, ზედმეტად ერიცხებათ მხოლოდ 2024 წლის დეკლარაციებით დარიცხული მოსაკრებელი. ასევე, როგორც აღნიშნეს, საჩივარში დაშვებული იყო ხარვეზი. „ჩვენი მოთხოვნის“ ნაწილში მექანიკურად ჩააკოპირეს „ჩვენი არგუმენტები“. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის ლიცენზიაზე სრულად არის გადახდილი და დადეკლარირებული მოსაკრებელი, ითხოვს გაუქმდეს 2024 წლის პირველი და მეორე სავადოს მიხედვით დარიცხული მოსაკრებლის დეკლარაციები. წარმოადგენს დაზუსტებულ დეკლარაციას - დამატებით დარიცხულია 40 578,2 კუბი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გაანგარიშების მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½- ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მაგალითებში მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა ნაკლებია ათვისების გეგმით გათვალისწინებულ წლიურ მოცულობაზე, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობა. ხოლო, თუ რომელიმე ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, აღნიშნული გაითვალისწინება მხოლოდ წლის შიგნით II ნახევრის ექვსთვიანი პერიოდის მოსაკრებლის გამოანგარიშებაში იმ პირობით, რომ შესაბამისი წლის მანძილზე დარიცხული რესურსის მოცულობა ნაკლები არ უნდა იყოს ათვისების გეგმით გათვალისწინებულ წლიურ მოცულობაზე. ხოლო, თუ საანგარიშო წლის წინა წლებში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, სხვაობით არ შემცირდება საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარსადგენ გაანგარიშებაში ბუნებრივი რესურსის მოცულობა.

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

„საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 21 მარტის №7084 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელო შეეხება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადაანგარიშებას, როდესაც ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა ან მისი უმეტესი ნაწილი რომელიმე საანგარიშო პერიოდში და დროულად არ მიმართა ლიცენზიის გამცემს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ან ლიცენზიის ათვისების გეგმის დაკორექტირებაზე. ამასთან, სიტუაციურ სახელმძღვანელოში მოცემული მსჯელობა და ქმედებები რელევანტურია როგორც წარდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე მოსაკრებლის დარიცხვის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაშიც, როცა მოსაკრებელი დარიცხულია სავარაუდო დარიცხვის წესით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 9.06.2025 წლის №------ წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:

18.01.2008 წელს კომპანიაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობის ლიცენზია №01063 20 წლის ვადით. ქვიშა-ხრეშის ჯამური მოპოვება 604 157 მ 3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 30.03.2012 წელს და 2024 წელს შეადგენს წლიური 45 000 მ 3 -ს. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს 11.03.2025 წლის №162/ს ბრძანებით აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია. შესაბამისად, მოსაკრებლის დარიცხვის მიზნებისთვის, ლიცენზია №01063 გაუქმებულად ითვლება 11.03.2025 წლიდან. საწარმოს მიერ წარდგენილი არ ყოფილა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის 2024 წლის I ნახევრის გაანგარიშება, განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა 2024 წლის ათვისების გეგმის ნახევრის რესურსის შესაბამისი მოსაკრებლის ოდენობით, რაც შეადგენს 13 500 ლარს (45000/2*0,6). განაკვეთი 1 მ 3 - 0,60 ლარი. 16.09.2024 წელს წარდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2024 წლის I ნახევრის გაანგარიშება, რომლის საფუძველზე დარიცხულია 22 500 მ 3 რესურსის შესაბამისი მოსაკრებელი 13 500 ლარი. შედეგად, გაუქმებულია სავარაუდო დარიცხვა 13 500 ლარი და დარიცხულია დეკლარირებული 13 500 ლარი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის I და II ნახევრის გაანგარიშებებში შეზღუდულია ათვისების გეგმით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის რესურსის შეტანა. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (ამ შემთხვევაში ქვიშა-ხრეში) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, მიუხედავად იმისა, ფაქტობრივად ახორციელებდა თუ არა მოპოვებას ლიცენზიის მფლობელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ მოსაკრებლის 2024 წლის I ნახევრის გაანგარიშებაში ვერ განხორციელდება არსებული შეზღუდვის გაუქმება. 2.06.2025 წელს წარდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2022 წლის I ნახევრის დაზუსტებული გაანგარიშება, რომლის საფუძველზე დამატებით დარიცხულია 40 578.2 მ 3 რესურსის შესაბამისი მოსაკრებელი 8,115.64 ლარი. ათვისების გეგმის მიხედვით, №01063 ლიცენზიის ფარგლებში დასარიცხი რესურსის მოცულობა შეადგენს: 2012 წელს - 20 000 მ 3 ; 2013 წელს - 20 000 მ 3 ; 2014 წელს - 20 000 მ 3 ; 2015 წელს - 25 000 მ 3 ; 2016 წელს - 25 000 მ 3 ; 2017 წელს - 25 000 მ 3 ; 2018 წელს - 30 000 მ 3 ; 2019 წელს - 30 000 მ 3 ; 2020 წელს - 35 000 მ 3 ; 2021 წელს - 35 000 მ 3 ; 2022 წელს - 40 000 მ 3 ; 2023 წელს - 40 000 მ 3 ; 2024 წელს - 45 000 მ 3 ; 2025 წელს - 45 000 მ 3 ; 2026 წელს - 69 830 მ 3 ; 2027 წელს - 69 830 მ 3 . საწარმოს მიერ წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებებით №01063 ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული რესურსის მოცულობა შეადგენს: - 6 თვიანი გაანგარიშებებით 2011 წლიდან დარიცხულია 614 368.55 მ 3 შესაბამისი მოსაკრებელი 131 873.71 ლარი 2022 წლის I ნახევრის დაზუსტებული გაანგარიშების გათვალისწინებით; - 2008-2009 წლის ყოველთვიური გაანგარიშებებით დარიცხული რესურსის ოდენობა შეადგენს: 12 295,95 მ 3 (მათ შორის არ ექვემდებარება გადახდას 7,5 მ 3 ), განაკვეთი 1 მ 3 - 0,2 ლარი. შესაბამისად, მოსაკრებელი დარიცხულია სულ 2 457,60 ლარი. 2010 წელზე მოსაკრებელი დარიცხული არ არის. ამასთან, ყოველთვიურ გაანგარიშებებში არ იდენტიფიცირდება რომელი ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული რესურსის მოსაკრებელია დარიცხული. 2024 წლის II ნახევრის გაანგარიშება წარდგენილი არ ყოფილა, ამიტომ დარიცხულია სავარაუდო 22 500 მ 3 *0,6 = 13,500.00 ლარი; თუ დავუშვებთ, რომ 2008-2009 წლის ყოველთვიურ გაანგარიშებებით რესურსი დარიცხულია მხოლოდ №01063 ლიცენზიის ფარგლებში, მაშინ სულ №01063 ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული რესურსი შეადგენს 649 157 მ 3 -ს, ხოლო №01063 ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსი ლიცენზიით შეადგენს სულ 604 157 მ 3 -ს. დარიცხული 45 000 მ 3 აჭარბებს ლიცენზიით განსაზღვრულ სრულ მოცულობას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, №01063 ლიცენზიის ნაწილში, საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდზე (2024 წლის II ნახევარი), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა განახორციელოს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, იმ მოცულობის ფარგლებში რაც აჭარბებს ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის ჯამურ მოცულობას (4 421.8 მ 3 ); მომსახურების დეპარტამენტს დაევალა წინა პუნქტის შესრულების ტექნიკური უზრუნველყოფა და შემდგომ საანგარიშო პერიოდზე (ლიცენზიის გაუქმებამდე პერიოდზე) №01063 ლიცენზიის ფარგლებში არ განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სავარაუდო დარიცხვა. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანების აღსრულების მიზნით, პროგრამულ მოდულში „ბუნებრივი რესურსების ლიცენზიების აღრიცხვა“ №01063 ლიცენზიის ათვისების გეგმაში განხორციელდა არსებული შეზღუდვის მოხსნა და 2024 წლის II ნახევარში 22 500 მ 3 -ის ნაცვლად მიეთითა 18 078,20 მ 3 , ხოლო 2025 წლის I ნახევარში 11 250 მ 3 -ის ნაცვლად 0 მ 3 . აღნიშნულის შესახებ ეცნობა მომჩივანს და მიეცა წინადადება წარადგინოს 2024 წლის II ნახევრის გაანგარიშება, რის შემდეგ სავარაუდო დარიცხვა შეიცვლება შესწორებითი დარიცხვით. დღეის მდგომარეობით, 2024 წლის II ნახევრის გაანგარიშება დაზუსტებული არ არის. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან დღემდე მოსაკრებელში გადახდილია 136 192.64 ლარი. მომჩივანს 8.06.2025 წლის მდგომარეობით გადასახადების ნაწილში ერიცხება ზედმეტობა 457.16 ლარი და დავალიანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში სულ 23,933.01 ლარი. მათ შორის, ძირითადი - 20,592.94 ლარი, ჯარიმა - 675 ლარი, საურავი - 2,665.07 ლარი და დამატებით დარიცხული, რომელიც არ არის აღიარებული ჯარიმა - 405.78 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსის და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №011-1157 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

აღნიშნული ბრძანება 2025 წლის 16 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 238-ე, 241-ე, 239-ე მუხლებზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული დავალიანება, მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივნის ქონებაზე ყადაღის დადება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2024 წლის პირველი და მეორე სავადოს მიხედვით დარიცხული მოსაკრებლის დეკლარაციები.

2.მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.2008 წლის 18 იანვარს საწარმოზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობის ლიცენზია №01063 20 წლის ვადით. ქვიშა-ხრეშის ჯამური მოპოვება 604 157მ3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 2012 წლის 30 მარტს და 2024 წელს შეადგენს წლიური 45 000 მ 3 . სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ბრძანებით აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია. შესაბამისად, მოსაკრებლის დარიცხვის მიზნებისთვის, ლიცენზია გაუქმებულად ითვლება 2025 წლის 11 მარტიდან. ვინაიდან კომპანიის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2024 წლის II ნახევრის გაანგარიშება, განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა 2024 წლის ათვისების გეგმის ნახევრის რესურსის შესაბამისი მოსაკრებლის ოდენობით, რაც შეადგენს 13 500 ლარს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდო დარიცხვის შეცვლა შესწორებული დარიცხვით საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ განხორციელდა. ასევე, ვერ განხორციელდა მოსაკრებლის გაანგარიშებაში არსებული შეზღუდვის გაუქმება. აღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა წერილით. მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანებით ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

2.ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნული ბრძანება 2025 წლის 16 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 14 მაისის №9499 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

238,241.

საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია.