გადაწყვეტილება №22706/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22706/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 28.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22706/2/2024).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება გაფრთხილების სანაცვლოდ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.03.2024 წლის №CB1597272 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5295 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 600 ლარი.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ყავს შეყვანილი სამი პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად.
დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობისთვის, მომჩივანს, 7.03.2024 წლის №CB1597272 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5295 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-12, 269-ე, 270-ე, 2885 -ე მუხლებზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებაზე, ამასთან აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კაფე საკონდიტრო ---------- გაიხსნა მარტის თვის დასაწყისში და შემოწმების მომენტში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობდა ახალი დასაქმებულების აყვანა და მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. რის გამოც დაქირავებულ პირთა რეესტრში დროულად ვერ მოხდა დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა. წინა დღეებში აქტიურად ხდებოდა ახალი დასაქმებულების პორტალზე დამატება, რისი გადამოწმებაც პორტალზე შესაძლებელია. ამასთან აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას და ითხოვს ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნეს გაფრთხილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილია, რომ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ყავს შეყვანილი სამი პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად.
მომჩივანი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კაფე საკონდიტრო ---------- გაიხსნა მარტის თვის დასაწყისში და შემოწმების მომენტში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობდა ახალი დასაქმებულების აყვანა და მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. რის გამოც დაქირავებულ პირთა რეესტრში დროულად ვერ მოხდა დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა, ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №---------- წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა რომ დარღვეული იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნები და დაჯარიმდა 2885 -ე მუხლის შესაბამისად 600 ლარით.
ამასთან, სამართალდარღვევის ოქმში მითითებული პირების შესახევ ინფორმაცია, დაქირავებულ პირთა რეესტრში, მომჩივნის მიერ შეტანილი იყო 2024 წლის 7 მარტს. (ოქმის გამოცემის დროს). აგრეთვე, მათზე ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით, გაცემული შრომის ანაზღაურების თანხა და დაკავებული გადასახადი არ ფიქსირდება.
ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
საბჭო განმარტავს, რომ შემოსავლების სადაო ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება გაფრთხილების სანაცვლოდ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5295 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა რომ დარღვეული იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნები და დაჯარიმდა 2885 -ე მუხლის შესაბამისად 600 ლარით. ამასთან, სამართალდარღვევის ოქმში მითითებული პირების შესახევ ინფორმაცია, დაქირავებულ პირთა რეესტრში, მომჩივნის მიერ შეტანილი იყო 2024 წლის 7 მარტს. (ოქმის გამოცემის დროს). აგრეთვე, მათზე ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით, გაცემული შრომის ანაზღაურების თანხა და დაკავებული გადასახადი არ ფიქსირდება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სადაო ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2885.