გადაწყვეტილება №19802/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 19802/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19802/2/2023

07.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19802/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №042-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11259 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 307 125 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 199 871

დღგ - 157 432

საშემოსავლო გადასახადი - 42 439

ჯარიმა - 99 463

საურავი - 7 791

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №042-7 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 მაისის №11259 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11259 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტს, 4 აპრილის №7249 ბრძანებას და №042-7 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 6 აპრილს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 9 მაისს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრების ვადის გადაცილება მოხდა მძიმე ავადმყოფობის გამო.

უნდა მოხდეს ფასნამატის გადაანგარიშება, ვინაიდან დაბეგვრა ხდება ფასნამატის მიხედვით. ასევე, უნდა მოხდეს თანხის დანაკლისის აღიარება. საწარმო არის ზარალზე, ამხელა თანხის საქონელი არც ჰქონია. შესაბამისად, არის პარალიზებულები.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №54132-21-14 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 6 აპრილს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 8 მაისი, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 2023 წლის 9 მაისს. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ვადის გადაცილება მოხდა მძიმე ავადმყოფობის გამო, თუმცა არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №042-7 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 მაისის №11259 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11259 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301("ე"), 299(4)(10), 44(9).