გადაწყვეტილება №23588/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.09.2024
№ დოკუმენტი 23588/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23588/2/2024

23 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 29.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23588/2/2024).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის №011-2224 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16331 ბრძანება

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ქიმიით ვაჭრობა ---------- ბაზრობის ტერიტორიაზე.

2024 წლის 13 ივნისის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 171 187.17 ლარი, ჯარიმა 85 436 ლარი, საურავი 51 228.77 ლარი) უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №011-2224 ბრძანება, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №011-2224 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 10.07.2024 წლის №16331 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილზე, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2024 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ 2024 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართა ---------- საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-425 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4180 ბრძანება (კომპანიის 2024 წლის 26 იანვრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.05.2024 წლის №22808/2/2024 გადაწყვეტილება.

კომპანიას შეექმნა დაუძლეველი ფინანსური პრობლემები, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო და ითხოვა გადავადება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით (საქმე №3/4229-24), დადგენილი იქნა ხარვეზი კომპანიის 2024 წლის 13 ივნისის სარჩელზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 (ათი) დღე. ხარვეზის შევსების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებაში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით, 19 ივნისს მიმართა სასამართლოს განცხადებით, ხარვეზის შევსების თაობაზე.

-----------საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განჩინებით (საქმე №3/4229-24), კომპანიის სარჩელი მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და ამ ეტაპზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ვინაიდან დაზუსტდა სასარჩელო განცხადება და მოპასუხეთა წრე (მოპასუხედ დარჩა მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), შემოსავლების სამსახური არ არის ინფორმირებული გასაჩივრდა თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №22808/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველი დარჩა კომპანიის 8.04.2024 წელს რეგისტრირებული საჩივარი (რეგისტრაციის №22808/2/2024). კომპანიის მიერ, 8.04.2024 წელს რეგისტრირებული საჩივრით (რეგისტრაციის №22808/2/2024) გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-425 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის N4180 ბრძანება.

სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 2024 წლის 24 ნოემბერს (დანართი - უწყება). ვინაიდან, კომპანიის მიერ სასამართლოშია გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-425 საგადასახადო მოთხოვნა (სარჩელი დასაშვებადაა ცნობილი), ვიდრე სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება არ ექნება მიღებული, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-425 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები გადატანილ უნდა იქნეს არ აღიარებული საგადასახდო ვალდებულების ნაწილში და ყადაღის ბრძანება უნდა გაუქმდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16331 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის №011-2224 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-425 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები გადატანილ იქნეს არ აღიარებულ საგადასახდო ვალდებულების ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება.

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-9 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა.

9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და დავების განმხილველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს: თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.

დადგენილია, რომ 2024 წლის 13 ივნისის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 171 187.17 ლარი, ჯარიმა 85 436 ლარი, საურავი 51 228.77 ლარი) უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №011-2224 ბრძანება, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი 12.08.2024 წლის №75015-21-17 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 188 696.44 ლარი, ჯარიმა 85 536 ლარი, საურავი 56 096.62 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 0 ლარი.

ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-425 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილი საჩივარი 19.04.2024 წლის №22808/2/2024 გადაწყვეტილებით განუხილველი დარჩა, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტი პირადი აღრიცხვის ბარათზე ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხების აღიარებულად არამართლზომიერად განსაზღვრის თაობაზე უსაფუძვლოა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2024 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭო მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ 2024 წლის 13 ივნისის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №011-2224 ბრძანება, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-425 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილი საჩივარი 19.04.2024 წლის №22808/2/2024 გადაწყვეტილებით განუხილველი დარჩა, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტი პირადი აღრიცხვის ბარათზე ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხების აღიარებულად არამართლზომიერად განსაზღვრის თაობაზე უსაფუძვლოა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 238(1,2,6);241(1,2,9)

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი.