გადაწყვეტილება №21667/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 21667/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21667/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 21.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21667/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №999-279 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31993 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 361.91 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარადგინა დაგვიანებით 3.12.2023 წელს. აღნიშნულ ფაქტზე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილია 4.12.2023 წლის №999-279 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 274- ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 361,91 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი და გპაბ-ზე დარიცხული საურავი 12.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.12.2023 წლის №31993 ბრძანებით საჩივარი:

- გპაბ-ზე დარიცხული საურავის ნაწილში დარჩა განუხილველი;

- მომსახურების დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №999-279 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

- საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31993 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წელს განახორციელა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია, აღნიშნული ბინა საკუთრებაში ჰქონდა 2 წელზე ნაკლები ვადით. იმის გამო, რომ არ იცოდა ფიზიკური პირის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესახებ 1.04.2023 წლისთვის არ წარუდგენია წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესახებ გვიან გაიგო, რადგან არის კანონმორჩილი ადამიანი, როგორც კი ასეთი ვალდებულების შესახებ გაიგო გადაწყვიტა დაედეკლარირებინა ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა 3 620 ლარი, რომელიც გადაიხადა 11.122023 წელს. ასევე, სრულად არის გადახდილი დაგვიანებით გადასახადის გადახდაზე დაკისრებული საურავი 463 ლარი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით ჩამოეწეროს/გათავისუფლდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული სანქციისგან 361.91 ლარისგან. იმედი აქვს საბჭოს გულისხმიერების.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელის ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31993 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარადგინა დაგვიანებით. აღნიშნულ ფაქტზე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.

აღნიშნული ოქმი და გპაბ-ზე დარიცხული საურავი 12.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31993 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 274(2); 269(7)