ბრძანება N 27001-7

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2020
№ დოკუმენტი 27001-7
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 27001

09/09/2020

შპს --------------------

(მის.: ქ. -------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ივნისის და 12 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №36 და №58) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 29 იანვრისა №18668/21 და 2020 წლის 18 მარტის №60943/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №007-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების წყაროსთან დაბეგვრა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის №8572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 30 დეკემბრის №47566 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-688 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 715 672 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 718 472 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 2 800 ლარი, ხოლო საურავი 0 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს დაქირავებული ყავს რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომელთა ხელფასის ანაზღაურება ხდება, როგორც საბანკო გადარიცხვებით, ისე ნაღდი ანაგარიშსწორებით. გადამხდელი ასევე სარგებლობს გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზ. პირების მომსახურებით. რიგ შემთხვევებში ასევე ფიქსირდება ზემოხსენებულ პირებზე კვების, ტრანსპორტირების და სხვა მსგავსი ხარჯების ანაზღაურება. სააღრიცხვო მონაცემებისა და სხვა წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზები: ხელფასის სახით და გად. მოწმობის არმქონე ფიზ. პირებზე წყაროსთან დაკავებას დაქვემდ. განაცემები. შედეგად გამოვლინდა სხვაობები.

აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში დაფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის 20%-ით დასაბეგრი განაცემები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა განაცემები ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებაზე, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების წყაროსთან დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს ყავს დაქირავებული თანამშრომელი, გადამხდელი ასევე სარგებლობს გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირების მომსახურებით. რიგ შემთხვევებში ფიქსირდება ზემოხსენებულ პირებზე კვების, ტრანსპორტირების და სხვა მსგავსი ხარჯების ანაზღაურება. სააღრიცხვო მონაცემებისა და სხვა წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზები ხელფასის სახით და გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები. შედეგად გამოვლინდა სხვაობები. აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში დაფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის 20%-ით დასაბეგრი განაცემები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16(2); 79; 154(1,,დ“)