გადაწყვეტილება №84038/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№84038/1/2023
06 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 12.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №84038/1/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №081-92 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №23505 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 315 677 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 613 315
დღგ - 332 633
მიწა - არასასოფლო - 556
მოგების გადასახადი - 1 934
საშემოსავლო გადასახადი - 278 192
ჯარიმა - 311 096
საურავი - 391 266
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №3896 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №42405 ბრძანება და №081-451 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 468 628 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 22.06.2022 წლის №15819 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.06.2022 წლის №15819 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის დასკვნა, 6.06.2023 წლის №12517 ბრძანება და №081-92 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 143 867 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 315 677 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 სექტემბრის №23505 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №23505 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის დასკვნას, 2023 წლის 6 ივნისის №12517 ბრძანებას და №081-92 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2023 წლის 6 ივნისს, ხოლო საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 3 აგვისტოს. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 3 აგვისტოს №133151/21 საჩივარი წარდგენილი აქვს გაურკვეველი საფოსტო გზავნილით. კერძოდ, გზავნილის ქვითარზე არ არის მითითებული საფოსტო დაწესებულების დასახელება ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. საჩივარზე თანდართული გზავნილის ქვითრის მიხედვით, გზავნილი ფოსტაში ჩაბარებულია 2023 წლის 4 ივლისს. გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია და ზეპირსიტყვიერად იქნა მიღებული ინფორმაცია საფოსტო დაწესებულების დასახელების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №21-04/64336 წერილით საფოსტო დაწესებულებისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია შპს „---ის“ საჩივართან დაკავშირებით, დასტურდებოდა თუ არა გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარზე დართული საფოსტო დაწესებულების მიერ გაცემული გზავნილის ქვითრის ნამდვილობა, როდის და რა სახის გზავნილი იქნა ჩაბარებული შპს „---ის“ მიერ საფოსტო დაწესებულებაში. თუმცა, ადრესატისთვის წერილის ჩაბარება ვერ მოხერხდა და გზავნილი ორივე შემთხვევაში უკან დაბრუნდა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია გაურკვეველი საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ამასთან, მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს კომპანიისთვის უნდა დაევალებინა წარედგინა ცნობა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების მომსახურე კომპანიის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი ე.წ. ბილი გაცემულია შემოსავლების სამსახურის მიერ და გაუგებარია თუ როგორ ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება მომსახურე კომპანიის. წარმოადგენს ი/მ ---ის მიერ გაცემულ ცნობას მომსახურების შესახებ, საფოსტო ბილს და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, რაც ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის ვადაში წარდგენას, რაც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება და მომჩივანიც ადასტურებს წარმოდგენილ საჩივარში, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 6 ივნისს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 6 ივლისი (ხუთშაბათი), ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 3 აგვისტოს.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია გზავნილის ქვითარი, რომელზეც არ არის მითითებული საფოსტო დაწესებულების დასახელება ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. აღნიშნული ქვითრის მიხედვით, გზავნილი ფოსტაში ჩაბარებულია 2023 წლის 4 ივლისს. ამასთან, საჩივარს თან ერთვის ი/მ ---ის მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის 4 ივლისის გზავნილი შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2023 წლის 3 აგვისტოს.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში განაცხადა, რომ საფოსტო მომსახურება გაუწია შპს „----მ“, წარადგინა აღნიშნული კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიუთითა, რომ წარმოადგენდა შესაბამის ცნობას. თუმცა, დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა ი/მ ---ის მიერ გაცემული ცნობა. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გასაჩივრების ვადის აღდგენა საბჭომ არ მიიჩნია მართებულად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 სექტემბრის №23505 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №23505 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 299; 44(9).