გადაწყვეტილება №18450/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18450/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 18450/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 14.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18450/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17309 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №006-339 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29601 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 637,13 ლარი

მათ შორის

საშემოსავლო გადასახადი - 8 021

ჯარიმა - 4 010

საურავი - 3 606,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.11.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.12.2021 წლის №006-1045 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17309 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17309 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 22 651 ლარი, მათ შორის გადასახადი 17 727 ლარი და ჯარიმა 4 924 ლარი.

აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 25.07.2022 წლის №006-339 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამატის დათვლისას აუდიტორის მიერ გათვალისწინებული არ იქნა, რომ უძრავი ქონების გაყიდვისას გაიყიდა როგორც უძრავი ქონება, ასევე მასზე არსებული მოძრავი ქონების გაუმიჯნავი ნაწილი. გამომდინარე აქედან, გაყიდულ ქონებასთან ერთად მყიდველის საკუთრებაში გადავიდა მოძრავი ნივთები, ტექნიკა, ავეჯი და აქსესუარები, ანუ გაყიდული ქონების (უძრავ ქონებას + მოძრავი ქონება) თვითღირებულებად უნდა აღიარდეს 29 * 1 501,035 = 43 530,015 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გამომდინარე აქედან, აუდიტორის მიერ არასწორად იქნა დათვლილი რეალიზებული ქონების თვითღირებულება რის შედეგადაც არასწორად იქნა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17309 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 22 651 ლარი, მათ შორის გადასახადი 17 727 ლარი და ჯარიმა 4 924 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს პირველ სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო მე-2 სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ ყოფილა გამხდარი სადავოდ და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17309 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არგუმენტი/მტკიცებულება, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17309 ბრძანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17309 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.