გადაწყვეტილება №19761/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19761/2/2023
06.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19761/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 იანვრის №023-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8459 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 346 853,05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 200 459
დღგ - 1 094
მოგების გადასახადი - 558
საშემოსავლო გადასახადი - 198 807
ჯარიმა - 100 705
საურავი - 45 689,05
ფაქტების აღწერა
2023 წლის 17 მარტს, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 იანვრის №023-1 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8459 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 44- ე მუხლის მე-10 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 26 იანვრიდან 2023 წლის 4 თებერვლამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, შესაბამისად ვერც ელექტრონული პორტალის საშუალებით და ვერც ფიზიკურად ვერ მოახერხებდა დოკუმენტაციის ჩაბარებას. მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს საზღვრის კვეთები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს მიაჩნია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად განხილულ იქნას მისი საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №50338-21-14 წერილი, საიდანაც დგინდება, რომ მომჩივანი, მის მიმართ შედგენილ 2021 წლის 29 დეკემბრის დასკვნას, მის საფუძველზე გამოცემულ 2022 წლის 13 იანვრის №299 ბრძანებას და 2022 წლის 17 იანვრის №023-1 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას“ არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტების ჩაბარება, ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2022 წლის 29 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2022 წლის 18 აპრილს.
წერილს თან ახლავს საფოსტო გზავნილის ადრესატზე ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის მიხედვითაც მომჩივანს 2022 წლის 27 იანვარს და 2022 წლის 1 მარტს სადავო მოთხოვნა გაეგზავნა ორჯერ იურიდიულ მისამართზე (ჭიათურა, მეჩხეთური). ერთ შემთხვევაში გზავნილი დაბრუნდა შემდეგი მიზეზით „დიდთოვლობის და უგზოობის გამო გზავნილი ვერ ბარდება“, ხოლო მეორე შემთხვევაში დაბრუნების მიზეზად მითითებულია „აღნიშნულ სოფელში არის დიდთოვლობა და გზა არ არის“.
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის დაცული დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8459 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8459 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 17 მარტს, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 იანვრის №023-1 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8459 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8459 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ე", 44(10)(11).