გადაწყვეტილება №19339/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 19339/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19339/2/2023

04.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 5.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19339/2/2023).

 

დავის საგანი:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №142675991 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა 10.10.2022 და 24.01.2023 წელს განცხადებებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა კომპანიის შესახებ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რის შემდგომ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია წარმომადგენელთან (ბუღალტერი) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

დადგინდა, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.06.2006 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 1.04.2007 წლიდან. 5.08.2022 წლიდან იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმისწარმოება. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 656 458 ლარის ოდენობით აღიარებული დავალიანება.

კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ---------- მოპოვება. კომპანია აწარმოებს დაქირავებულ პირთა რეესტრს, სადაც ასახულია ორი პირი: ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------). ახსნა-განმარტებაში მითითებულ მინდობილ პირს ---------- (პ/ნ ----------) არ წარუდგენია მინდობილობა. 2022 წლის განმავლობაში უფიქსირდება ერთი მიღებული სასაქონლო ზედნადები და არც ერთი მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რაზეც ბუღალტერმა განმარტა, რომ შეზღუდული აქვს სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიას მიენიჭა არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

აღნიშნული 13.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

24.01.2023 წელს შემოსავლების სამსახურში შეტანილ განცხადებაში მიუთითა, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო შეზღუდული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება და ითხოვდა განეხილათ კომპანიისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი და ასევე, მოეხსნათ ზემოაღნიშნული შეზღუდვები.

განცხადებაზე პასუხი მიიღო 6.02.2023 წელს, რითაც უარი ეთქვა განცხადებაში დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული უარი გასაჩივრდა და კვლავ არ დაკმაყოფილდა კომპანიის კანონიერი მოთხოვნა

კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და ამის პარალელურად კი, არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება, რაც აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.07.2022 წლის განჩინებით (საქმეზე №ბს3-(კ-21)) კომპანიას უნდა დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წელს შემოსავლების სამსახურში გადარიცხული თანხა 143786,44 ლარი, რისი დაუბრუნებლობის გამოც კომპანიას ადგება დამატებითი ზიანი. ნებისმიერი კომპანიის საქმიანობის სრულყოფილი წარმართვა მნიშვნელოვანია ეკონომიკის დინამიკის შენარჩუნებისთვის, რითაც ზიანი ადგება არა მხოლოდ კომპანიას, არამედ მის ფუნქციონირებაზე დამოკიდებულ სხვა სექტორებსაც. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომპანიას, რომელიც ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლოს ფუნქციონირება და ამ გზით, ფინანსური პრობლემების მოგვარება, რასაც ისიც ემატება, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინების მიუხედავად, არ უბრუნდება უკანონოდ ჩამოჭრილი დღგ, კერძოდ 143 786,44 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კომპანიას მიენიჭოს კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი და მოეხსნას განცხადებაში დასმული შეზღუდვები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

საჩივრის თანახმად, კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და ამის პარალელურად არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ანგარიშფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება, რაც აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. რასაც ისიც ემატება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.07.2022 წლის განჩინების (საქმეზე №ბს-3-(კ-21)) მიუხედავად, არ უბრუნდება უკანონოდ ჩამოჭრილი დღგ (აღნიშნული განჩინების საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წელს შემოსავლების სამსახურში გადარიცხული თანხა 143 786,44 ლარი).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები

საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7030 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

 

მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და ამის პარალელურად კი, არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება, რაც აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით კომპანიას უნდა დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წელს შემოსავლების სამსახურში გადარიცხული თანხა, რის გამოც კომპანიას ადგება დამატებითი ზიანი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(1-ბ)

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება, მუხლი 563 (1-გ); 51; 561;