გადაწყვეტილება №18566/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18566/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18566/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 28.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18566/2/2022).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დავის საგნის არ არსებობის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2021 წლის №068-27 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30916 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 124 657 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 84 366

დღგ - 28 653

საშემოსავლო გადასახადი - 55 713

ჯარიმა - 30 245

საურავი - 10 046

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაცია.

1. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 9 მარტის №6775 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2019 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 87 375 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებულმა სასაქონლომატერიალური ფასეულობებმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1 075 444.32 ლარი. საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 23.8 პროცენტი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 187 834.82 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა 2020 წლის 30 დეკემბრის №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაზეც დაჯარიმა 18 783.48 ლარით. გადამხდელმა აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2021 წლის 25 იანვარს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №4439 ბრძანების საფუძველზე, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისათვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №4439 ბრძანებას გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) გაეცნო ამავე დღეს. ბრძანებით გათვალისწინებული 15 კალენდარული დღის ვადაში გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რის გამოც არ არსებობდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირების სათანადო საფუძვლები და 2020 წლის 30 დეკემბრის №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხის კორექტირება არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტის №7762 ბრძანებით, უცვლელად დარჩა მეწარმის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 30 დეკემბერს შედგენილი №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ამ ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №6775 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 19 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 9 მარტის №6775 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 187 834.81 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2020 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1120061, რომლის მიხედვითაც ი/მ „----------“ დაჯარიმდა 18 783 ლარით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია და 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს არ მოუხდენია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ის დეკლარაციაში და შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 159 182 ლარით (აღმოჩენილი დანაკლისის თანხით დღგ-ს გარეშე) გაიზარდა გადამხდელის 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაეკისრა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, რაზეც გამოიცა 2021 წლის 30 ნოემბრის №36940 ბრძანება და №068-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანებით:

1. 2020 წლის 30 დეკემბრის №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად მიჩნევის გამო განახლდა წარმოება და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის კორექტირება;

2. 2021 წლის 30 ნოემბრის №068-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შედეგების გათვალისწინებით, შეესწავლა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანების აღსრულების შედეგად:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 27 აპრილის №10685 ბრძანება 2020 წლის 30 დეკემბერს შედგენილი №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ოქტომბრის დასკვნით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა შეძენილი და რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები კატეგორიების მიხედვით, რის საფუძველზეც, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე გადაანგარიშების შედეგად დადგენილმა ფასნამატმა ნაცვლად 23.8%-სა, შეადგინა 17%. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა სადავო №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

გადაანგარიშებისას 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოყენებულ იქნა 17%-იანი ფასნამატი, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან 9 მარტის ჩათვლით პერიოდზე, აგრეთვე სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი - 23,8%-ის ოდენობით. გადაანგარიშების შედეგად, სმფების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით, ნაცვლად 187 834.82 ლარისა, შეადგინა 124 138,38 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, იწვევს დაჯარიმებას 12 413.84 ლარის ოდენობით. შესაბამისად, განხორციელდა NCB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

2. აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის N10685 ბრძანების საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით, ნაცვლად 187 834 ლარისა, შეადგინა 124 138 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშებას დაექვემდებარა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები (საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2021 წლის 19 ნოემბერს). კერძოდ, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი და 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 53 980 ლარით. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. შედეგად, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 30 769 ლარით, მათ შორის გადასახადი 20 512 ლარით, ხოლო ჯარიმა 10 257 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 28 ოქტომბრის №068-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №068-27 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.12.2022 წლის №30916 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა დავის საგნის არ არსებობის გამო, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8670 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №068-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის 2021 წლის 29 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8670 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადაანგარიშებას დაექვემდებარა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი და 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 53 980 ლარით. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30916 ბრძანებას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი; არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №068-27 საგადასახადო მოთხოვნა 29.12.2021 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იგივე მოთხოვნით მომჩივანმა ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს.

ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №068-27 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მომჩივნის მიმართ არსებობს შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანება, ასევე, ამავე ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 19 ოქტომბრის დასკვნით განხორციელდა 2021 წლის 30 ნოემბრის №068-27 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია, შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30916 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.