ბრძანება N 33147

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33147
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33147

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---------------------ის (პ/ნ -------------------)

(მის: ------------------------------------------)

2023 წლის 5 და 7 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა --------------------ის (პ/ნ -------------------) №85843/1/2023 და №85881/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის №ა205-21- 10 „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედურ“ აქტს, „--------სთვის (პ/ნ --------- გადასახდელის დარიცხვის შესახებ“ 2023 წლის 3 ნოემბრის №27167 ბრძანებას და №056-52 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორის განმარტებით, ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) მიმართ ჩატარდა 5 №-------/------ 05.01.2021, №-------/------ 20.11.2021, №№-------/------ 17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, მეწარმის მიერ უცხოელ მომწოდებელთან 01/01/2019- 31/10/2022 წლებში გადარიცხულია 133 563,26 დოლარით მეტი თანხა, რაც გახდა საქონლის თვითღირებულების აფასების და მასზე დამატებული ღირებულების დარიცხვის საფუძველი.

„-------------- LTD“ წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორ საწარმოს -----ში, რომელთანაც დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი თანამშრომლობა. ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში აუცილებელ პირობას წარმოადგენს და წარმოადგენდა თანხის ავანსად გადარიცხვა, ხოლო საქონელი ეტაპობრივად იქნებოდა მოწოდებული „-------------- LTD“-ის მიერ, რაც ნაწილობრივ განხორციელდა 2020-2022 წლებში.

მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს რულონებად იმპორტირებული მოთუთიებული ფურცლებისგან ჭერის CD და UD პროფილების წარმოებას. ვინაიდან მოწოდებული საქონლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, მეწარმესა და -----რ კომპანიას შორის დროებით შეჩერდა თანამშრომლობა, ვინაიდან გაუმჯობესებული ხარისხის საქონლის მოწოდება მოხდება 2024 წელს, ვინაიდან ქარხანას გაფორმებული აქვს წინასწარი შეკვეთები და შესაბამისი საქონლის მიწოდება დამკვეთებისთვის ხორციელდება ეტაპობრივად.

ამასთანავე, „--------- LTD“-ის მეწარმესთან გაფორმებული აქვს შედარების აქტი 2022 წლის მდგომარეობით, რომლითაც აღიარებს არსებულ დავალიანებას 133 563,26 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ არსებობს ზემოაღნიშნული თანხის უკვე შესრულებული შეკვეთების თვითღირებულების გაზრდის გზით დამატებული ღირებულების დარიცხვის საფუძველი.

მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს განზრახ და ბრალეულად. გარდა ამისა მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულზე, მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და დარიცხული გადასახადების და სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის №25979 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) სახელზე გაფორმებული №--------- 05.01.2021, №--------- 20.11.2021, №---------- 17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) მიერ განხორციელდა საქონლის (მოთუთიებული ლითონის ფურცლები რულონებად, სასაქონლო კოდი --------) იმპორტი --ეთის -----.

საქონლის ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ყველა ხარჯის და შესაბამისად, საბაჟო ღირებულების სიზუსტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ი/მ --------------------სგან (პ/ნ -------------------).

მოწოდებული და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა შემდეგი:

1) ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) მიერ 2022 წლის 11 ნოემბერს №------/21-11 განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019-31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი „----ი“ ბანკის საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან (---------------- LTD, China) ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა (458 850.83 აშშ დოლარი) ბევრად (133 563.26 აშშ დოლარით) აღემატება შესაბამის პერიოდში ი/მ „---------ის“ საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას (325 284.57 აშშ დოლარი);

2) საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით გადამხდელს 2022 წლის 29 აგვისტოს შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით ექსპორტის თარიღსა და ერთზე მეტი გარიგების ფასის გამოვლენისას, უმცირესი ფასის გათვალისწინებით) ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) №---------- საბაჟო დეკლარაციაზე ერთეულის ფასი (1 კგ-ის ფასი) განისაზღვრა 0.732 აშშ დოლარით; №--------- საბაჟო დეკლარაციაზე - 1.132 აშშ დოლარით და №---------- საბაჟო დეკლარაციაზე - 1.183 აშშ დოლარით.

2023 წლის 20 ოქტომბრის № ა 205-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედურ აქტის მიხედვით ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) შემოწმების შედეგად №-------- 05.01.2021, №---------- 20.11.2021, №---------- 17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 73121.05 ლარი, ხოლო საურავის თანხხამ შეადგინა 24 598,31 ლარი. საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა სადავო აქტები, რომელთაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 6 ნოემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე კოდექსის 40-ე მუხლის ადგენს, რომ თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2022 წლის 11 ნოემბერს №------- განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019-31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის შესაბამსიად, მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში მომჩივნის საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

დადგენილია ასევე, რომ საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია.

ასევე დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით მომჩივანს 2022 წლის 29 აგვისტოს შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება.

ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას და სადავო აქტით ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელი და საურავი მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ --------------------ის (პ/ნ -------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრების ავტორი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და დარიცხული გადასახადების და სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის №25979 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის სახელზე გაფორმებული საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა საქონლის იმპორტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან.საქონლის ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ყველა ხარჯის და შესაბამისად, საბაჟო ღირებულების სიზუსტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია .

მოწოდებული და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა,რომ მომჩივნის მიერ 2022 წლის 11 ნოემბერს განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019-31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის შესაბამისად, მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში მომჩივნის საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

ამასთან,საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია.

ასევე დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით მომჩივანს 2022 წლის 29 აგვისტოს შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება.

მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა სადავო აქტები, რომელთაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 6 ნოემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272;

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 27(1 „თ“); 30(2, 9 ,10); 37(2); 40; 64 (2 „დ“);