გადაწყვეტილება №19165/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19165/2/2023
7.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------------“ 20.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19165/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14200 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №007-190 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 მარტის №3890 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 176 095 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 92 018
დღგ - 35 087
საშემოსავლო გადასახადი - 56 258
ქონების გადასახადი - 673
ჯარიმა - 45 142
საურავი - 38 935
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 თებერვლის №2774 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 5 ივლისის №21796 ბრძანება და 6 ივლისის №007-277 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 159 118 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 10 დეკემბრის №38147 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 18.03.2022 წლის №15342/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 დეკემბრის №38147 ბრძანება და
საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2022 წლის 8 ივნისის №14200 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14200 ბრძანება 13.08.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.09.2022 წლის №17477/2/2022 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის დასკვნა, 14.07.2022 წლის №18536 ბრძანება და №007-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 1 მარტის №3890 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ დღგ-ის ბრუნვასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა იმგვარი ინფორმაცია, რაც შემოწმების ეტაპზევე იყო ცნობილი. შესაბამისად, არ იწვევდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის საფუძველს. ხოლო, გაცემულ ხელფასად განხილული თანხების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დამატებით ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე კომუნიკაცია ხდებოდა გადასახადის გადამხდელის მინდობილ პირთან, რომლის მიერ არ ხდებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება. ხოლო, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, საჩივარს თან ერთვის სესხის დაფარვის გრაფიკი სს „------------“ აღებულ სესხზე, რომელიც საწარმოს დირექტორის სახელზეა 2020 წლის 10 დეკემბერს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული სესხი გავლენას არ ახდენს შემოწმების შედეგებზე, ვინაიდან შემოწმების პროცესში დირექტორის მიერ კაპიტალში თანხების მოძრაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა ცნობილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე,გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
წარდგენილია სრული არგუმენტაცია და მტკიცებულებები იმისა, რომ შემოწმებისას დაშვებულია მთელი რიგი შეცდომები. ასევე, დავების განხილვის საბჭოზე განხილვისას წამოჭრილი იყო რიგი საკითხები, რომლებიც არ ჰქონდა შემმოწმებელს გათვალისწინებული, რაზეც სრულად დაეთანხმნენ მომჩივანს.
წარდგენილ არგუმენტაციაში სრულად იყო ჩაშლილი კომპანიის მიერ შესრულებული ოპერაციები 3 წლის განმავლობაში, სადაც რიგ საკითხებში ეთანხმებოდნენ შემმოწმებელს და მიუთითებდნენ რომ არაპირდაპირი მეთოდით მოხდა დარიცხვა, რაც არასწორია და ითხოვს ჩასწორდეს შემოწმების შედეგად დარიცხვა და დაკორექტირდეს. შემოწმება მოხდეს პირდაპირი მეთოდით. ასევე, წარმოადგენს ბანკის დოკუმენტაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14200 ბრძანებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა შემოწმებულ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშების ცხრილი, რომელიც მოიცავს სალაროს და ბანკით მიღებულ შემოსავლებს, რაც შემოწმების ეტაპზეც იყო ცნობილი. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია ვერ გახდება არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების კორექტირების საფუძველი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, საწარმოს ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
მომჩივანი დამატებით მტკიცებულებად წარმოადგენს ანგარიშს, რომელსაც საფუძვლად უდევს გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების (სალარო + ბანკი) ჯამის შედარება მის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, წარმოდგენილი მონაცემები არ იძლევა შემოწმების მეთოდის შეცვლის საფუძველს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.