გადაწყვეტილება №18513/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18513/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------------- (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ს 23.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18513/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №002-108 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.11.2022 წლის №28983 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 4 031 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 2 197
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 21 ქონების
გადასახადი - 2 176
ჯარიმა - 1 098
საურავი - 736
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2018, 2019, 2020 და 2021 წლებში ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც აისახა 17.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელს და მის მეუღლეს 2017 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი, ხოლო 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის გამოც დაუდგინდა 2018, 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. 2019 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციებში, გადამხდელს ქონების გადასახადის განაკვეთი აღებული აქვს 0,2%, თუმცა 2018 წელს სახელფასო შემოსავლის 82 227 ლარის პარალელურად, უფიქსირდება მიწის ნაკვეთის (ს/კ -----------) რეალიზაცია 94 000 ლარად, ხოლო 2020 წელს სახელფასო შემოსავლის 91 878 ლარის პარალელურად, უფიქსირდება მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია 32 846 ლარად, რომლითაც ოჯახის შემოსავლები 2018 და 2020 წლებში აჭარბებს 100 000 ლარს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად 2019 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრა 0,8%-ით. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებში არსებული ინფორმაციით, გადამხდელს 2017, 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, გადამხდელის მეუღლეს 2018 წლის ოქტომბრის თვიდან საკუთრებაში უფიქსირდება 801 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ქ. ----------, სოფ. -------). მიწის ნაკვეთი ასახულია შესაბამისი პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციებში, თუმცა კატეგორიაში მითითებულია საკარმიდამო და გამოყენებულია შეღავათი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით არ აქვს მინიჭებული მიწის კატეგორია. შესაბამისად, მიწა არ წარმოადგენს საკარმიდამო კატეგორიის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მიწის ნაკვეთი ცარიელია და მასზე არ არის დატანილი შენობა/ნაგებობები ან სხვა ობიექტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შემმოწმებელმა მოიძია მიწის ტიპის („სახნავი და სხვა ტიპის მიწები“) და მდებარეობის მიხედვით განსაზღვრული განაკვეთი - 1 ჰექტარზე 82 ლარი.
შედეგად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით გაანგარიშდა მიწაზე ქონების გადასახადი. ასევე, გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის №40013 ბრძანება და ამავე თარიღის №002-404 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 16.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8343 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ (შემოწმებით განსაზღვრული ქონების საბაზრო ღირებულება) და მე-2 (შემოწმებით ქონების გადასახადის განაკვეთის ცვლილება 0,2%-დან 0,8%-მდე) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8343 ბრძანება 19.05.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.07.2022 წლის №16609/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8343 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხა დაკორექტირდა (შემცირდა) 4 575 ლარით, მათ შორის ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა) 3 050 ლარით და ჯარიმა 1 525 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 4.07.2022 წლის №17380 ბრძანება და 5.07.2022 წლის №002-108 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 25.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.11.2022 წლის №28983 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ წარუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა დამატებით შეესწავლა მისი და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება რამეთუ ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას აუდიტორების მხრიდან არ იყო გათვალისწინებული შემზღუდველი ფაქტორები და არ შეესაბამებოდა რეალობას რამეთუ ორივე აფასებული ქონება დატვირთულია იპოთეკით დაახლოებით 160 000 ლარის ვალდებულებით, (შესაბამისი ცნობები სს ვითიბი და სს თიბისი ბანკებიდან წარდგენილია) შესაბამისად წარმოადგენს ხარვეზიან ქონებას და აღნიშნული შემზღუდველი ფაქტორი გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო საბაზრო ფასის განსაზღვრისას. აღნიშნულის შესახებ შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია სს ------ ბანკისა და სს ----- ბანკის მიერ გაცემული ცნობები, 2018-2021 წლებში საკუთრებაში არსებული ქონება რა ღირებულების საბანკო ვალდებულებას უზრუნველყოფდა, აუდიტის დეპარტამენტს საერთოდ არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ საკითხზე ისე გამოსცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შეფასდეს შემოსავლების სამსახურის 18.11.2022 წლის №28983 ბრძანების კანონიერება, ასევე იმ პირობებში რომ დარიცხვა გამოწვეულია საბაზრო ფასის ცვლილებით, საბჭომ იმსჯელოს როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის შესახებ და აღნიშნული პრინციპებიდან გამომდინარე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8343 ბრძანებით პირველ (შემოწმებით განსაზღვრული ქონების საბაზრო ღირებულება) და მე-2 (შემოწმებით ქონების გადასახადის განაკვეთის ცვლილება 0,2%-დან 0,8%-მდე) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8343 ბრძანების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის დასკვნით:
აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საიდანაც დადგინდა, რომ გადამხდელს 2019 წლის ოქტომბერში შეძენილი ჰქონდა ავტომობილი 14 000 აშშ დოლარად (ექვივალენტი ლარში), რომლის რეალიზაცია განხორციელდა 2020 წლის დეკემბერში 10 000 აშშ დოლარად (ექვივალენტი ლარში). ასევე, გადამხდელს 2017 წლის დეკემბერში აუქციონით შეძენილი ჰქონდა მიწა 105 000 ლარად, რომლის რეალიზაციაც განახორციელა 2018 წლის თებერვლის თვეში 94 000 ლარად. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ მიუღია აღნიშნული ოპერაციების შედეგად ნამეტი შემოსავალი, შემოწმების შედეგად გამოვლენილი მომჩივნის (მისი ოჯახის) შემოსავლები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული 2018 წლის შემოსავალი 176 227 ლარის ნაცვლად დადგინდა 82 227 ლარი, ხოლო 2020 წლის შემოსავალი 124 724 ლარის ნაცვლად 91 878 ლარი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრული ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დაექვემდებარა ცვლილებას 2019 და 2021 წლებში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხა დაკორექტირდა (შემცირდა) 4 575 ლარით, მათ შორის ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა) 3 050 ლარით და ჯარიმა 1 525 ლარით.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული შემზღუდველი ფაქტორები, რაც მდგომარეობს ორივე აფასებული ქონების იპოთეკით დატვირთვაში დაახლოებით 160 000 ლარის ვალდებულებით. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია სს ----- ბანკისა და სს ----- ბანკის მიერ გაცემული ცნობები, 2018-2021 წლებში საკუთრებაში არსებული ქონება რა ღირებულების საბანკო ვალდებულებას უზრუნველყოფდა, აუდიტის დეპარტამენტს საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე ისე გამოსცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, იმ პირობებში რომ დარიცხვა გამოწვეულია საბაზრო ფასის ცვლილებით, მომჩივანი ითხოვს საბჭომ იმსჯელოს როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის შესახებ და აღნიშნული პრინციპებიდან გამომდინარე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ წარუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია სრულყოფილად და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8343 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სანქციებისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8343 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.