გადაწყვეტილება №18572/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18572/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18572/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 29.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18572/2/2022).

 

დავის საგანი:

დაუბეგრავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №002-41 საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31281 ბრძანება. დარიცხული თანხა: 36 827 ლარი. მათ შორის: დღგ - 35 613 საურავი - 1 214

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

3.10.2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია გადამხდელის მიერ 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, რომელთაგან ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. აღნიშნული დოკუმენტების და ამავე პერიოდის დეკლარაციის შესწავლის შედეგად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის თანხამ შეადგინა 35 904.24 ლარი, ხოლო დეკლარირებულმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 291.05 ლარი, დღგ-ის დასაბეგრი თანხის სხვაობა გამოვლინდა 35 613.19 ლარის ოდენობით.

7.10.2022 წელს გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ, მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება.

გადამხდელის მხრიდან დეკლარაციის დაზუსტება არ მომხდარა.

აღნიშნულ ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 31.10.2022 წელს გამოიცა №001671 ბრძანება და ამავე თარიღის №002-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა დღგ 35 613 ლარის და საურავი 1 214 ლარის ოდენობით.

აღნიშნული აქტები 18.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2022 წლის №31281 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილია 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა ასახული ჰქონდა არასრულად. აღნიშნულ პერიოდში შემოწმების მიერ დადგინდა, რომ ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხა, გარდა დეკლარირებულისა, კიდევ დამატებით შეადგენდა 35613.19 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა დეკლარაციის დაზუსტება და ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 31.10.2022 წლის №002-41 საგადასახადო მოთხოვნა (31.10.2022 წლის №001671 ბრძანება) გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე სატელეფონო კომუნიკაცია კონტროლის პროცედურის განმახორცილებელ უფლებამოსილ პირთან, რომელთანაც გავლილია დასაბეგრი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და შესაბამისი გაბათილების ფაქტურების დეკლარაციაში ასახვისა და დაბეგვრის შესახებ მონაცემები, რაც მის მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული.

კომპანიის მიერ 2022 წლის ივლისის თვის დეკლარაციის დაზუსტება დადასტურებული ა/ფაქტურების შესაბამისად განხორციელდა მოგვიანებით 17.11.2022 წელს. საგადასახადო ა/ფაქტურების ეა-75 --------- და ეა-75 --------- დაწყვილება, 2022 წლის ივლისის პერიოდზე, განხორციელდა შემდეგნაირად:

1) ეა-75 ---------- ა/ფაქტურა (42 689.29 ლარი) დაწყვილდა სრულად ავ-72 ---------- (42 689.29 ლარი) ა/ფაქტურასთან, რომელიც მიბმულია №----------- დეკლარაციაზე და დაბეგრილია შესაბამისად, როგორც ავანსი 2021 წლის ოქტომბრის პერიოდში, რაც დასტურდება დაზუსტებული დეკლარაციებითაც, ხოლო

2) ეა-75 ---------- ა/ფაქტურა (190 774.92 ლარი) დაწყვილდა ავ-72 ------------ ა/ფაქტურასთან (20 445.65 ლარი; მიბმულია №------------ დეკლარაციაზე და დაბეგრილია შესაბამისად, როგორც ავანსი 2021 წლის დეკემბრის პერიოდში) და ავ-72 -------------- ა/ფაქტურასთან (მიბმულია №------------- დეკლარაციაზე და დაბეგრილია შესაბამისად, როგორც ავანსი 2021 წლის სექტემბრის პერიოდში) ნაწილობრივ (375 225.97 ლარიდან დაწყვილდა 153 673.38 ლარი), ამასთანავე, ვინაიდან საკონტრაქტო ღირებულება გაიზარდა 16 655.89 ლარის ოდენობით (ავ-72 ---------- ფაქტურის შესაბამისის საკონტრაქტო ღირებულება 20 445.65 ლარი გაიზარდა 16 655.89 ლარის ოდენობით და აისახა ეა-75 ----------- ა/ფაქტურაში), დღგ-ს გარეშე თანხა 14 115.16 დაიბეგრა დღგ-ით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის 2022 წლის ივლისის პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციის მე-4 პრიმა გრაფაში ჩაიწერა 183 735.85 ლარი (მათ შორის: ავ-72 ------------- ა/ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის გარეშე 36 177.36 ლარი და ავ-72 ----------; ავ-72 ----------- ა/ფაქტურების - 147 558.5 ლარი).

ერთი და იგივე ფაქტურების შესაბამისი თანხების ორჯერ არ დაბეგვრის გამო უმორჩილესად ითხოვს ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სადავო აქტების ბათილობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საფის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიის მიერ 2022 წლის ივლისის თვის დეკლარაციის დაზუსტება დადასტურებული ა/ფაქტურების შესაბამისად განხორციელდა მოგვიანებით 17.11.2022 წელს. ამდენად, ერთი და იგივე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის ორჯერ არ დაბეგვრის გამო ითხოვს სადავო აქტების ბათილობას.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შესასწავლია ერთი და იგივე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის ორჯერ (გადამხდელის და საგადასახადო ორგანოს მხრიდან) დაბეგვრის საკითხი, რის გამოც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31281 ბრძანება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ერთი და იგივე საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხის ორჯერ (გადამხდელის და საგადასახადო ორგანოს მხრიდან) დაბეგვრის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.