ბრძანება N 7027
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7027
03.04.2023
------------- (პ/ნ ------------)
(ფაქტ. მის: ------------;
იურ. მის: ------------)
2023 წლის 1 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა ------------ ის (პ/ნ ------------) №79442/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №------------ გადაწყვეტილებას და 2023 წლის 30 იანვრის №------------ დეკლარაცია ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის №------------ გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ 2023 წლის 10 იანვარს ონლაინ მაღაზია Ebay.com- დან გამოიწერა 513 აშშ დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონი, რომლის წონამ შეადგინა 0,55კგ. ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე დარეგისტრირდა დეკლარაცია №------------ და განესაზღვრა მწვანე დერეფანი, რის გამოც არ მოხდა ამანათის გახსნა და ნივთის იდენტიფიცირება. ამანათის სახლში გახსნისას აღმოაჩინა, რომ ნაცვლად დეკლარირებული მობილური ტელეფონისა, აღმოჩნდა მუყაოს ქაღალდებს შორის ჩადებული უამრავ პოლიეთილენში გადახვეული ცარიელი Iphone 6-ის ყუთი. დაუკავშირდა Ebay.comის ტექნიკური დახმარების ჯგუფს და აუნაზღაურეს ნივთის სრული ღირებულება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №------------ გადაწყვეტილებისა და დეკლარაცია ფორმა 4- ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 იანვარს საფოსტო გადამზიდავ შპს „------------“ მიერ (ს/ნ ------------) №------------ ინვოისის საფუძველზე განხორციელდა ფიზიკური პირი ------------ის კუთვნილი №------------ საფოსტო გზავნილის (მობილური ტელეფონი - საბაჟო ღირებულებით 1367.91 ლარი) დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა “მწვანე დერეფანი” და საქონელი გაშვებული იქნა დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
2023 წლის 10 თებერვალს ------------მ საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №------------ განცხადებით და ითხოვა №------------ საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დარიცხული გადასახდელის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მობილური ტელეფონის ნაცვლად, ამანათში აღმოჩნდა უამრავ პოლიეთილენის პარკში გახვეული აიფონის ცარიელი ყუთი.
აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ეცნობა (2023 წლის 23 თებერვლის №------------ გადაწყვეტილება), რომ ვინაიდან №------------ (30.01.2023) საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელები წარმოადგენს ------------ის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას, ხოლო საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს; დეკლარანტი კი არის პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-60 მუხლით კი, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში შეტანილი მონაცემების (მათ შორის საქონლის დასახელება, საქონლის რაოდენობა, საქონლის სეს ესნ კოდი, საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯი, სატარიფო ღირებულება, დარიცხული დღგ-ის ოდენობა) სისწორე დადასტურებულია დეკლარანტის (მომჩივნის) მიერ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის შესაბამის გრაფაში შესრულებული ხელმოწერით. ამასთან, საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა. შესაბამისად, 2023 წლის 30 იანვრის №------------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4- ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი წარმოადგენს ------------ის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №------------ გადაწყვეტილება დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებაზე უარი, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------------ის (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას და ითხოვს გადაწყვეტილებისა და დეკლარაცია ფორმა 4- ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 იანვარს საფოსტო გადამზიდავის მიერ ინვოისის საფუძველზე განხორციელდა ფიზიკური პირის კუთვნილი საფოსტო გზავნილის (მობილური ტელეფონი - საბაჟო ღირებულებით 1367.91 ლარი) დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა “მწვანე დერეფანი” და საქონელი გაშვებული იქნა დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
2023 წლის 10 თებერვალს ფიზიკური პირმა საბაჟო დეპარტამენტს მიმართა განცხადებით და ითხოვა საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დარიცხული გადასახდელის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მობილური ტელეფონის ნაცვლად, ამანათში აღმოჩნდა უამრავ პოლიეთილენის პარკში გახვეული აიფონის ცარიელი ყუთი.
აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ეცნობა, რომ ვინაიდან საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელები წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას, ხოლო საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებაზე უარი, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმას: 6;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(5), 60, 61(2);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.