ბრძანება N 2629

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2023
№ დოკუმენტი 2629
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2629

14.02.2023

ი/მ "-------" (ს/ნ --------- )

(ფაქტ. მის.: ------- )

(იურ. მის.: -------- )

2023 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "--------" (ს/ნ -------- ) №7219/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 29 სექტემბრის №CB1400558 და 8 დეკემბრის №CB1424020 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10).

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 5 სექტემბერს ახდენდა 3.4 მ 3 წიფლის ჯიშის ფიცრის ტრანსპორტირებას "-----"-ის რაიონიდან, რომელიც შეძენილი ჰქონდა ადრე და ინახავდა სახლში. არ იცოდა თუ ტრანსპორტირებისას საჭირო იყო სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

ხოლო 2022 წლის 3 ნოემბერს ახდენდა 3.9 მ 3 წიფლის ჯიშის ფიცრის ტრანსპორტირებას, რომელიც მიჰქონდა რაიონში. ტრანსპორტირებულ საქონელზე ზედნადები ეგონა გამოწერილი, თუმცა კომპიუტერის ხარვეზით მუშაობის გამო ბუღალტერმა ვერ მოახერხა სასაქონლო ზედნადების გამოწერა, რის გამოც ცაგერში მოხდა მისი დაჯარიმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონმდებლობის არცოდნით მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმების გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

როგორც №CB1400558 სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №------ წერილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "------" , რა დროსაც დადგინდა, რომ "--------" (ს/ნ --------- ) ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (3400 ლარის საბაზრო ღირებულების 3.4 მ 3 წიფლის ჯიშის დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დახერხილი ხის მასალის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დასადგენად მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა. 2022 წლის 13 სექტემბრის №------- ექპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დახერხილი წიფლის ჯიშის ფიცარი არის სხვადასხვა ზომის. წარდგენილ ხე-მასალას აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება. აზომვის შედეგად დახერხილი ხე-მასალის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 3.4 მ 3 .

საბაზრო ღირებულების დადგენისას ექსპერტების მიერ გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიური პროდუქციით მოვაჭრე საწარმოებიდან მოკვლეული ინფორმაცია. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი მსგავსი ერთი მ 3 დახერხილი წიფლის ჯიშის ფიცრის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 1000 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1400558 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

რაც შეეხება №CB1424020 სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №------- წერილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "-------" , რა დროსაც დადგინდა, რომ "-------" (ს/ნ --------) ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (4680 ლარის საბაზრო ღირებულების 3.9 მ 3 წიფლის ჯიშის დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დახერხილი ხის მასალის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დასადგენად მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა. 2022 წლის 5 დეკემბრის №------- ექპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ ფოთლოვანი დახერხილი წიფელას ჯიშის ფიცარი არის სხვადასხვა ზომის. წარმოდგენილ ხე-მასალას აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება. შესრულებული აზომვის შედეგად დახერხილი ხე-მასალის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 3.9 მ 3

საბაზრო ღირებულების დადგენისას ექსპერტების მიერ გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიური პროდუქციით მოვაჭრე საწარმოებიდან მოკვლეული ინფორმაცია. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი მსგავსი ერთი მ 3 დახერხილი წიფლის ჯიშის ფიცრის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 1200 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1424020 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ზემოაღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს გაეცნო 2023 წლის 17 იანვარს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------" (ს/ნ ------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.