ბრძანება N 2012
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2012
06.02.2023
ი/მ "-------" (ს/ნ -------- )
(ფაქტ. მის.:---------)
2022 წლის 20 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ "--------" (ს/ნ ---------- ) №77405/1/2022 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №CB1415695 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს მის მაღაზიაში არავინ მისულა, რადგან იმ დროს დაკეტილი ჰქონდა მაღაზია იჯარის გადაუხდელობის გამო. სავაჭრო ობიექტი დაკეტა 2022 წლის 15 ივლისს, არის სოციალურად დაუცველი და მის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისი დაჯარიმება არასწორია, ვინაიდან მაღაზიის საქმიანობას აწარმოებდა კეთილსინდისიერად. არ იყო მუშაობა, ვერ იხდიდა იჯარის გადასახადს და ამიტომ დახურა მაღაზია. ინვენტარიზაციის განხორციელების დროს ის არ მუშაობდა. მასთან არავინ მისულა შესამოწმებლად და არანაირი წერილობითი შეტყობინება არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აგვისტოს №21152 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ "-------" (ს/ნ -------- ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ ის არ იყო ინფორმირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიმდინარეობის შესახებ და პროცედურის განხორციელების დროს მის ობიექტზე არავინ გამოცხადებულა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით 2022 წლის 9 აგვისტოს დილის საათებში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გამოცხადდა ი/მ"-------" სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივ მისამართზე (-------- ), რა დროსაც ობიექტი დახვდათ დაკეტილ მდგომარეობაში და გარედან ვიზუალური დათვალიერებით მაღაზიის ფართში არანაირი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არ იყო განთავსებული. აღნიშნულ ფაქტს ცხადყოფს მისამართზე გამოცხადების შესახებ თანდართული აქტი. შემდგომ ამისა განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია ი/მ "--------" , რა დროსაც მეწარმეს განემარტა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მის ობიექტზე გამოცხადების მიზეზი, მაგრამ "--------" დაბა "-------" არყოფნის მიზეზით უარი განაცხადა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
"-------" მის მიმართ გამოცემული ინვენტარიზაციის ბრძანებას მისსავე ელექტრონულ გვერდზე გაეცნო იმავე დღეს, კერძოდ 2022 წლის 9 აგვისტოს. 2022 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელს ელექტრონულ გვერდზე, ასევე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა №-------- წერილი, ათი დღის ვადაში წარმოედგინა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია და რომ მითითებულ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი ჩაეთვლებოდა ნულის ტოლად. "-------" აღნიშნული წერილი ელექტრონულად ჩაბარდა 2022 წლის 14 სექტემბერს, მაგრამ პასუხი არ იქნა წარმოდგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება, ი/მ "---------" სასაქონლო-მატერიალური მარაგები ჩაითვალა ნულის ტოლად და „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა შეავსო დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.
ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 280875.92 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. დანართის პროექტი "--------" ელექტრონულად ჩაბარდა 2022 წლის 11 ნოემბერს, თუმცა გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას 28087.59 ლარის ოდენობით
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2022 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა №CB1415695 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2022 წლის 15 ივლისის შემდეგ ი/მ "-------" ობიექტი არ ფუნქციონირებს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას საქმიანობის შეჩერების შესახებ ინფორმაციით შემოსავლების სამსახურისთვის არ მიუმართავს, მეტიც, 2022 წლის 9 აგვისტომდე გადასახადის გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის ბრუნვამ შეადგინა 359.02 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში შეძენილმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა (39 ზედნადების მიხედვით) შეადგინა 3196.33 ლარი.
ამასთანავე, ი/მ "-------"-ის მიმართ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ბრძანების გამოცემას წინ უსწრებდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 ივნისის მარაგების მართვის შესახებ პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე №20590 ბრძანებით დამტკიცებული ორი საგადასახადო პროცედურა, რომელთა დროსაც ი/მ "-------" ინფორმირებული გახდა მის მიმართ შესაძლო საგადასახადო შემოწმების განხორციელების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ იგი არ მოახდენდა მასზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გონივრულ დონემდე შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------" - ის (ს/ნ -------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.