ბრძანება N 3416
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3416
23.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: --------------------------)
2023 წლის 9 იანვრის და 20 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „----------“ (ს/ნ ----------) №1978/21 და №9285/21 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №CB1423971 და №CB1423974 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლის და მასზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 14 თებერვლის №3476 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „----------“ (ს/ნ ----------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.შპს „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 7 ოქტომბერს. გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მინერალური სასუქებითა და აგროქიმიური პროდუქტებით ვაჭრობა. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 20 მარტს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 14 თებერვლის №3476 ბრძანება შპს „----------“ (ს/ნ ----------) დირექტორს ჩაბარდა პირადად. მისი წერილობითი ახსნაგანმარტებებით ირკვევა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს შემდეგ მისამართებზე: ----------, ------ის ქუჩა №-- და ---------, შპს „----------“ (ს/ნ ----------) ინვენტარიზაციის დაწყებისას ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთების აღწერა) დაიწყო 2022 წლის 14 თებერვალს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2022 წლის 7 დეკემბერს.
შპს „----------“ (ს/ნ ----------) ობიექტში 2022 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 889498.29 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2021 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
გადასახადის გადამხდელის 2021 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 995150 ლარი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით) შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 858328.39 ლარი. აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების თანხების ჯამი შემცირდა, ამავე პერიოდის განმავლობაში უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებების თანხების ჯამით.
2021 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები, რომელიც ჯამში შეადგენს 662707.10 ლარს.
2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო, გადამხდელის საკუთრებაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები და ინფორმაცია ბანკში ჩარიცხული თანხების შესახებ, რომელმაც შეადგინა 5804.42 ლარი. სულ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ (დღგ-ს გარეშე) შეადგინა 668511.52 ლარი.
ფასნამატად აღებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემთხვევაში 39.74%, ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემთხვევაში კი 34,69%.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციის საბაზრო ღირებულებიდან გაიმიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები და ცალ-ცალკე, შესაბამისი ფასნამატების გამოყენებით მოხდა მათი პირვანდელ ღირებულებაზე დაყვანა. მთლიანი ბრუნვიდან (668511.52 ლარი დღგ-ის გარეშე) დასაბეგრმა მიწოდებამ შეადგინა 197276.42 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომლის პირვანდელმა ღირებულებამ შესაბამისი ფასნამატის გამოყენებით შეადგინა 141173.91 ლარი (197276.42/1.3974), ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებულმა მიწოდებამ შეადგინა 471235.1 ლარი, რომლის პირვანდელმა ღირეუბლებამ შეადგინა 349866.43 ლარი (471235.1/1.3469). შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 491040.34 ლარი (დღგ-ის გარეშე).
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2022 წლის 14 თებერვალი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1362438.05 ლარი.
პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 5948.95 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 749642,11 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით კი შეადგინა 1119670.89 ლარი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ჰქონდა დღგ-სგან გათავისუფლებული მიწოდება, საწყის ნაშთში გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად გაიმიჯნა დასაბეგრი და გათავისუფლებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებაშიც გაიმიჯნა დასაბეგრი და გათვისუფლებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებები, რამაც შესაძლებელი გახადა ბუღალტრულ ნაშთში დასაბეგრი და გათავისუფლებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრა. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი შესაძლებელი გახდა დანაკლისის პირვანდელი ღირებულებიდან დღგ-ით დასაბეგრი (364126.7 ლარი) და გათავისუფლებული (385515.42 ლარი) დანაკლისის გამოყოფა. დასაბეგრი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაწილში დანაკლისის პირვანდელი ღირებულების დღგ-ზე და ფასნამატზე გამრავლებით (364126.7*1.18*1.3974) მიღებულ იქნა დანაკლისის საბაზრო ღირებულება - 600420,18 ლარი, ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებული დანაკლისის პირვანდელი ღირებულების ფასნამატზე გამრავლებით (385515.42*1.3469) მიღებულ იქნა საბაზრო ღირებულება 519250,71 ლარი. სულ დანაკლისის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1 119 670.89 ლარი.
შპს „----------“ (ს/ნ ----------) დირექტორს 2022 წლის 29 ივლისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის შესახებ. გადასახადის გადამხდელმა შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშაო დღე) წარმოადგინა პოზიცია, რომლის მიხედვითაც არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის პროცესში გამოყენებულ ფასნამატს და მოითხოვა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2022 წლის 6 ოქტომბრის №22 სხდომის ოქმის მიხედვით შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა დოკუმენტურად რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა მედიაციის საბჭოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (კანც. შემოსვლის №--------/21-12), რომლის შესწავლის შედეგად მოხდა ინვენტარიზაციით დასარიცხი თანხების კორექტირება.
კერძოდ: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებიდან გამიჯნულ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადები) მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რომლის პირვანდელი ღირებულება განისაზღვრა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დამადასტურებელ პირველად საგადასახადო დოკუმენტებში მოცემული ღირებულებების მიხედვით. რეალიზაციის დანარჩენ ნაწილში გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. სულ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ (დღგ-ის გარეშე) შეადგინა 144872.7 ლარი, რომლის პირვანდელმა ღირებულებამ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლის შედეგად შეადგინა 119059.59 ლარი. კორექტირების შედეგად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელმა ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 504305.53 ლარი. შესაბამისად, საბუღალტრო ნაშთმა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის შეადგინა 1 349 172.86 ლარი. კორექტირების შედეგად ასევე განისაზღვრა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი პირველადი ღირებულებით 736376.92 ლარი (დასაბეგრი 359812.31 ლარი, გათავისუფლებული 376564.61 ლარი), რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 1100500.91 ლარი.
პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 5948.95 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 736376.92 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 1 100 500.91 ლარი.
შპს „----------“ (ს/ნ ----------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 5948.95 ლარი, რის გამოც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით 2974.48 ლარის ოდენობით, რაზეც შედგა №CB1423971 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 1100500.91 ლარი, რის გამოც გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაჯარიმდა 110050.09 ლარის ოდენობით, რაზეც შედგა №CB1423974 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.