ბრძანება N12525

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2023
№ დოკუმენტი 12525
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12525

06.06.2023

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 5 მარტის №19013/2/2023 და №79476/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №028-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშება განახორციელა მათი მონაწილეობის გარეშე. მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას.

მომჩივნის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ერთ აქტიურ ლიცენზიას მოცულობით 75 300 მ3 , რომელიც აღებული აქვს 2017 წლის 3 აგვისტოს. აღნიშნავს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს მოპოვებულია 17 704 მ3 , 2018 წელს 28 758 მ3 , 2019 წელს 29 050 მ3 , რაც ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი მოცულობაა ჯამში 2019 წლის 1 დეკემბრამდე. განმარტავს, რომ საწარმოში ჩატარებულია სრული საგადასახადო შემოწმება და შემოწმების დროს არ მომხდარა მის მიერ დეკლარირებული მოცულობების შემცირება. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში ლიცენზიაზე არ იყო მოსაპოვებელი მოცულობა და იმის მიუხედავად, რომ ლიცენზია ჯერ კიდევ ვადაში იმყოფება და აქტიურია არ უნდა მომხდარიყო მასზე გეგმა გრაფიკით თანხების დარიცხვა, რადგან აღნიშნულმა გამოიწვია გადასახადების გაორმაგება, გადახდილი და დეკლარირებული გადასახადების მეორედ დარიცხვა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ოქტომბრის №32453 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2021 წლის 21 აგვისტოს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დაკისრებული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ოქტომბრის №32453 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №028-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. გადასახადის გადამხდელს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. საწარმოში ჩატარებული სრული საგადასახადო შემოწმების მონაცემები თანხვედრაშია საგადასახადო შემოწმებასთან. ასევე, კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის თარიღისას (06.07.2021 წ.) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1004760 იყო აქტიური. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის შესწავლა განხორციელდა გადამხდელის მონაწილეობით და არგუმენტაციის გათვალისწინებით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოში ჩატარებული სრული საგადასახადო შემოწმების მონაცემები თანხვედრაშია თემატურ საგადასახადო შემოწმების შედეგებთან და გადასახადის გაორმაგებულ დარიცხვას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის თარიღისას (06.07.2021 წ.) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1004760 იყო აქტიური.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. გადასახადის გადამხდელს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. საწარმოში ჩატარებული სრული საგადასახადო შემოწმების მონაცემები თანხვედრაშია საგადასახადო შემოწმებასთან. ასევე, კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის თარიღისას (06.07.2021 წ.) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1004760 იყო აქტიური. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21)