ბრძანება N 7622-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.03.2019
№ დოკუმენტი 7622-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7622

27/03/2019

იბა -----

(მის: --------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 25 იანვარს, 2019 წლის 06 მარტს და 2019 წლის 07 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმი N4, N13 და N14) განიხილა იბა ----- საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 დეკემბრის N002-283 „საგადასახადო მოთხოვნას“.

წარმოდგენილ საჩივარში ამხანაგობის დასმული სადავო საკითხი:

ამხანაგობა აღნიშნავს, რომ შემოწმების პერიოდში სადავო გახდა ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ღირებულება, რასთან დაკავშირებითაც ამხანაგობის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა აღნიშნული უძრავი ქონების შეფასების თაობაზე. შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული არც ამხანაგობის მიერ განსაზღვრული მიწის ღირებულება და არც დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასება მიწის ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 აპრილის N8906 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა იბა ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 27 ნოემბერს გამოსცა N33626 ბრძანება და 2018 წლის 03 დეკემბრის N002-283 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 193832 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 42768 ლარი, ჯარიმა 80108 ლარი, საურავი 70956 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება:

იბა ----- ს მიერ შესამოწმებელი პერიოდის, 2014 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, განმავლობაში რეალიზებულია მშენებარე კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები. რეალიზაცია დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, სადაც ფიქსირდება მფლობელზე ბინის გადაფორმების ფაქტი. საზოგადოება მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ბინების გადაფორმების თარიღს არ თვლის რეალიზაციად, ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა 2016 წლის ოქტომბერში. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაბეგრილია 2016 წლის მოგების დეკლარაციაში, ხოლო დღგ-ის გადასახადში დაბეგრილია 2016 წლის ოქტომბრის თვეში. სსკ-ის 100-ე, 161-ე და 144-ე (შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით) მუხლების შესაბამისად შემოწმების მიხედვით ბინის მფლობელებზე საჯარო რეესტრის მიხედვით ბინის გადაფორმების თარიღით განისაზღვრა იბა ----- ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2014, 2015 და 2016 წლებში რეალიზებული ბინების ღირებულება განისაზღვრა კონკრეტულ წელში ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.

გადამხდელი მის მიერ რეალიზებულ ბინებს ერთობლივ შემოსავალში ასაღებ ბრუნვად აღიარებს 2016 წლის ოქტომბერში, შესაბამისად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით მიწის ღირებულებად პროპორციულად ჩამოწერს 2016 წელს და ხარჯის სახით აღიარებს 2016 წლის მოგების დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად ბინების რეალიზაციის თარიღი განისაზღვრა საჯარო რეესტრში მესაკუთრეზე გადაცემის თარიღით. შედეგად მიწის ღირებულება ხარჯად აღიარდა 2014, 2015 და 2016 წლებში რეალიზაციის პროპორციულად. ------ მდებარე 908 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკ. კოდი -------), სადაც ამაჟამად აშენებულია მრავალსაცხოვრებელი კორპუსი, 2007 წლის 13 ივლისს საქართველოს განვითარების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურისა და ფ/პ ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საკუთრებაში გადაეცა ფ/პ ----- ს, რომლის მიერ ქონების შესაძენად გადახდილმა თანხამ შეადგინა 215 000 აშშ. დოლარი (359 395 ლარი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნახევარი 2012 წლის 13 მარტს ფ პ -------- ს მიერ ჩუქების საფუძველზე გადაცემულია ფ/პ ------ს. იბა ----- რეგისტრაციის თარიღისათვის კრების ოქმის მიხედვით საწესდებო კაპიტალში ზემოთაღნიშნული ორი ფიზიკური პირის მიერ შეტანილია მიწა, ხოლო ფულადი შენატანი განხორციელდა მესამე თანადამფუძნებლის ფ/პ -------- მიერ. ქონებრივი შენატანის საბაზრო ღირებულება დამფუძნებლების მიერ განისაზღვრა საერთო ჯამში 823 500 ლარით, რაც აღემატება 2007 წელს აუქციონზე გადახდილი კომპენსაციის თანხას 464 105 ლარით. აღნიშნული ქონების ღირებულების შეფასების რაიმე სახის დასკვნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ ქონების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა 2007 წელს აუქციონზე გადახდილი თანხით.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილზე, რომლის თანახმად: „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით“.

სსკ-ის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად.”

სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად „პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისიწინებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ ამხანაგობას უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამხანაგობაში შეტანილი მიწის ღირებულების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ექსპერტიზის დასკვნა. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-21ე ნაწილზე, რომლის თანახმად:

2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“ სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. იბა ----- საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით ამხანაგობას მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამხანაგობაში შეტანილი მიწის ღირებულების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ექსპერტიზის დასკვნა. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;

3. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ღირებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანი დამფუძნებელმა განსაზღვრა საერთო ჯამში 823 500 ლარით რაც აღემატება აუქციონზე გადახდილი კომპენსაციის თანხას 464 105 ლარით. გადამხდელის მიერ აღნიშნული ქონების ღირებულების შეფასების რაიმე სახის დასკვნა წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ ქონების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა აუქციონზე გადახდილი თანხით.

გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტმა დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145(3)