გადაწყვეტილება №19180/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 06.04.2023
№ დოკუმენტი 19180/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19180/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ ------ (პ/ნ -----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ --------ის 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19180/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13602 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2.05.2022 წელს, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, ვალის მართვის დეპარტამენტის 2.08.2016 წლის №081-432 ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და აქტის ბათილობა. შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13602 ბრძანებით, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს. შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13602 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაბარდა ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №27660-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13602 ბრძანება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს, -------- ------------ს ჩაბარდა პირადად 3.06.2022 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 23.06.2022 წელი. ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 21.03.2023 წელს (საფოსტო დაწესებულებაში წარდგენილი 20.03.2023 წელს), მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარში (წარმოდგენილია მომჩივნის წარმომადგენლის ------ -----------ს მიერ) მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ ჩაბარებია პირადად მას, ხოლო მისი წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი ჩაებარებინა აღნიშნული და რომც ჩაბარებოდა, მის მიერ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით არ იკვეთებოდა მისი წარმომადგენლის უფლება, შემოსავლების სამსახურიდან რაიმე სახის გადაწყვეტილება ან ბრძანება ჩაებარებინა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ბრძანების გასაჩივრების პირობების არასწორი განმარტება გამოიწვევს გასაჩივრების ვადის ერთ წლამდე გაზრდას. მომჩივანი მიიჩნევს, რომ თუ მინდობილ პირს არ ქონდა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით შეეტანა საჩივარი ან განცხადება, შემოსავლების სამსახურს უნდა დაედგინა ხარვეზი ან მიეცა დამატებითი დრო მარწმუნებლისთვის დაზუსტებული საჩივრის წარდგენისთვის. მომჩივანმა საბჭოში წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც მიუთითებს, რომ ვადის ათვლა უნდა მოხდეს უშუალოდ მომჩივნისთვის ჩაბარების თარიღიდან 22.03.2023 წლიდან, რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №21-04/23223 წერილით, სადაო ბრძანების განმეორებით ჩაბარების თაობაზე. ამასთან, მომჩივნის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სადავო საკითხზე მიმართული აქვს სასამართლოსთვის და ელოდება საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში მოთხოვნის დასაზუსტებლად. შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №27660-21-04 წერილით შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13602 ბრძანების გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელზე ჩაბარების ხელწერილთან ერთად წარმოდგენილია 1.02.2022 წლის მინდობილობა №-------, რომლის მიხედვითაც წარმომადგენელს, -------- --------ს, უფლება ჰქონდა წარედგინა მარწმუნებელი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან და აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად მინდობილი პირი უფლებამოსილია მიმნდობის სახელით შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის: ხელი მოაწეროს მიმნდობის ნაცვლად, ასევე, უფლებამოსილია შეასრულოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული ამ მინდობილობით, მაგრამ აუცილებელია მიმნდობის უფლებების და კანონიერი ინტერესების დასაცავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტს საბჭო ვერ მიიჩნევს სადავო ბრძანების ჩაუბარებლობის და ვადის აღდგენის საფუძვლად. ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13602 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი. რაც შეეხება, სასამართლოსთვის მიმართვას, საქმეში წარმოდგენილია მომჩივნის მიერ 4.04.2022 წელს სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და ვინაიდან სადავო შემოსავლების სამსახურის №13602 ბრძანება გამოცემულია 31.05.2022 წელს მომჩივანი ვერ მიმართავდა იგივე დავის საგანზე სასამართლოს, ხოლო აღნიშნულის შემდგომ მომჩივნის მიერ დაზუსტებული წერილობითი სარჩელი წარმოდგენილი (საბჭოსთვის ცნობილი) არ არის.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, ვალის მართვის დეპარტამენტის ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და აქტის ბათილობა. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს.შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა დარღვეულია და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (4); 44 (6); 299 (10); 301(ე); 305 (1)