ბრძანება N 14464

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 14464
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14464

23 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: ------- -------)

2023 წლის 11 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა ი/მ -------ს (ს/ნ -------) №80938/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №078-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის დარიცხულ მოსაკრებელს და განმარტავს, რომ თერმული წყლის დებეტი და ტემპერატურა ვერ პასუხობდა ლიცენზიით განსაზღვრულ პარამეტრებს, შესაბამისად, წიაღისეულით სარგებლობა და მოგების მიღება არ მომხდარა. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხის კორექტირებას ფაქტობრივი დებეტისა და ტემპერატურის მიხედვით. აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან გაუქმებული აქვს წყლის ლიცენზიაც.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №11638 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №078-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 22 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ -------ს (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებული გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 მაისის №11638 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, შემცირებას დაექვემდებარა სულ 1 369 ლარი, მათ შორის გადასახადი 912 ლარი და ჯარიმა 457 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 აპრილის №078-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 22 იანვრის №66954/1/2022 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ელექტრონულად ჩაბარდა 2022 წლის 10 მაისს. შემოწმების მიერ, გასაჩივრებული საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლებიდან გამომდინარე, მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) სულ 1 369 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ -------ს (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის დარიცხულ მოსაკრებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 22 იანვრის №66954/1/2022 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოწმების მიერ, გასაჩივრებული საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლებიდან გამომდინარე, მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);