გადაწყვეტილება №19926/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19926/2/2023
20.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს---------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------9.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19926/2/2023).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება;
2.საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა;
3. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №EL205316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №EL205317 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №EL205319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11487 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა 7 500 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 500
ჯარიმა - 1 000
ჯარიმა - 6 000
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
23.03.2023 წელს შპს -----------ის (ს/ნ ----------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ, დარეგისტრირდა №---------- აღრიცხვის მოწმობა, რომლითაც ტრანზიტის პროცედურაში მოექცა 20 524 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (ორგანული ნივთიერებები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, თავის მოვლის საშუალებები). აღნიშნული აღრიცხვის მოწმობისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „----------“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
შპს -----------ის 2.04.2023 წლის №---------- და შპს ---------- 5.04.2023 წლის №---------- განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ №---------- სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე 27.03.2023 წელს აიხსნა საბაჟო ლუქი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ჩამოიტვირთა ამავე მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ იმავე დღეს დატოვა საბაჟო საწყობის ტერიტორია. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს ---------- საბაჟო საწყობში ჩამოტვირთული საქონლის დათვალიერება, რის შემდეგაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, 5.04.2023 წელს შედგენილ იქნა №EL205316, №EL205317 და №EL205319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმები (თითოეული ოქმით 500, 1 000 და 6 000 ლარის ოდენობით).
აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11487 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-100 მუხლის მე-7 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 166-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვას, ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საბაჟო კოდექსის 166-ე, 170-ე და 176-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს საბაჟო საწყობის ---------- ტერიტორიაზე 19.03.2023 წელს -------------დან ფორმა №222-ით შემოვიდა კონტეინერი №----------- ტვირთით კოროზიული სითხეები, რაოდენობა 21 პალეტი, ბრუტო წონა 20 524,31 კგ.
აღნიშნული ტვირთი ექსპედიტორული კომპანიის ------------ მოთხოვნით გადაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაში №------------ ექსპედიტორის გადმოცემით ვერ მოხერხდა აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურების გატარება (მოწმობის გაფორმება) და მათი განმარტებით საბაჟო ორგანომ დართო ნება სატრანსპორტო საშუალების დაცლაზე. 27.03.2023 წელს ექსპედიტორული კომპანიის ------------- დავალებით განხორციელდა ტვირთის დაცლა დასაწყობება კომპანიის ----------- საბაჟო საწყობში ხოლო სატრანსპორტო საშუალება ----------- გაშვებული იქნა ტერმინალიდან.
ტერმინალი არ იყო ინფორმირებული ან გაფრთხილებული არც ექსპედიტორის მხრიდან და არც საბაჟო ორგანოს მიერ აღნიშნულ დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე საერთოდ საბაჟო პროცედურების განხორციელების შესახებ. შესაბამისად არც ტვირთის წითელ დერეფანში არსებობის შესახებ იცოდა. ტერმინალის მხრიდან არ ყოფილა შეგნებული დანაშაულის თუ უფლება-მოვალეობის გადაცდომის შემთხვევა
წითელ დერეფანში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცლა იყო გამოწვეული გაუფრთხილებლობით და არცოდნით ------------ მოწმობის არსებობის შესახებ, რომელიც მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სწორად, სრულად და ობიექტურად უნდა შეფასდეს ფაქტობრივი გარემოებები და კომპანიას ეპატიოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №EL205319, №EL205317 და №EL205316 საბაჟო სამართალდარღვევების ოქმების საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხები.
გასათვალისწინებელია, რომ კომპანია მხოლოდ 3 წელია რაც ოპერირებს ამ კუთხით და ასეთი სახის შეცდომები არ ყოფილა დაშვებული და სისტემატიურ ხასიათს არ ატარებს და საკითხი უნდა გადაწყდეს გულისხმიერად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებსა და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სწორედ, ბრალი არის ადმინისტრაციული გადაცდომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი. მოცემულ შემთხვევებში კი სახეზე არ არის არც გადაცდომების შემადგენლობა და არც კომპანიის ბრალეულობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად:
დადგენილია, რომ შპს ------------- -ის 2.04.2023 წლის №57401/21-10-19 და შპს -------------- 5.04.2023 წლის №------------- განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ №-------------- აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ №-------------- სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე 27.03.2023 წელს აიხსნა საბაჟო ლუქი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ჩამოიტვირთა ამავე მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ იმავე დღეს დატოვა საბაჟო საწყობის ტერიტორია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე აიხსნა საბაჟო ლუქი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ჩამოიტვირთა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო საწყობის ტერიტორია, მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება;
2.საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა;
3. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე 27.03.2023 წელს აიხსნა საბაჟო ლუქი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ჩამოიტვირთა ამავე მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ იმავე დღეს დატოვა საბაჟო საწყობის ტერიტორია.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;70(2);141;166;170;176;163(11);
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8,17 მუხლი