გადაწყვეტილება №22236/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22236/2/2024
28 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 13.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22236/2/2024).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №CB1562420 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1205 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევის გამო, პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ძელაკის“ (2.5 მ 3 X 850 ლარი), ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №CB1562420 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.01.2024 წლის №1205 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის 17 ნოემბერს დატვირთეს ავტომანქანა 26,07 მ 3 ფიცრით, რომელზედაც გამოწერეს ხე-ტყის ტრანსპორტირების შესაბამისი დოკუმენტაცია. ტრანსპორტირების ეტაპზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამოწერილი იყო №--- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები 26,07 მ 3 ფიცარზე, თუმცა 2,5 მ 3 ექსპერტიზის შეფასებით აღმოჩნდა ძელაკი, რამაც გამოიწვია კომპანიის დაჯარიმება 5 000 ლარით და საქონლის ჩამორთმევა. მომჩივანი აცხადებს, რომ დატვირთვის დროს ვერ იქნა შემჩნეული ფიცარსა და ძელაკს შორის დადგენილი სხვაობა, რაც განპირობებულია მექანიკური შეცდომით. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და დაკისრებული 5 000 ლარიანი ჯარიმის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ.---), გადამოწმების დროს (17.11.2023 წ. 15:11 სთ) გამოვლინდა 2 125 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს დატვირთეს ავტომანქანა 26,07 მ 3 ფიცრით, რომელზედაც გამოწერეს ხე-ტყის ტრანსპორტირების შესაბამისი დოკუმენტაცია. ტრანსპორტირების ეტაპზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამოწერილი იყო №--- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები 26,07 მ 3 ფიცარზე, თუმცა 2,5 მ 3 ექპერტიზის შეფასებით აღმოჩნდა ძელაკი, რამაც გამოიწვია კომპანიის დაჯარიმება 5 000 ლარით და საქონლის ჩამორთმევა.
მომჩივანი აცხადებს, რომ დატვირთვის დროს ვერ იქნა შემჩნეული ფიცარსა და ძელაკს შორის დადგენილი სხვაობა, რაც განპირობებულია მექანიკური შეცდომით. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და დაკისრებული 5 000 ლარიანი ჯარიმის ბათილად ცნობას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის №17629-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ---, რომლის ბორტზეც განთავსებული იყო მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 2 125 ლარის საბაზრო ღირებულების 2.5 მ 3 ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტი - „დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ძელაკი“, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდებოდა ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე.
საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ დადგინდა, რომ შპს ----ს (ს/ნ ---) კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ძელაკის მოცულობა შეადგენს 2,5 კუბ. მეტრს, ხოლო საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 125 ლარს დღგ-ის ჩათვლით.
მოპასუხემ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, განმარტა, რომ მომჩივანს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ფიცარის ნაცვლად ძელაკიც, რომ მიეთითებინა მას აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ხე-ტყის წარმოშობის ცნობის ნომრების მიხედვით, ძელაკის ტრანსპორტირების უფლება არ ჰქონდა.
მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევის გამო, პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ძელაკის“ (2.5 მ 3 X 850 ლარი), ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №CB1562420 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.01.2024 წლის №1205 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 12.