ბრძანება N 8948

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 8948
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8948

25.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 6 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №79485/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №005-20 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების პროცესში წარადგინა საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ მოპოვებული დოკუმენტები, რომელიც არ იქნა მხედველობაში მიღებული. თვლის, რომ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები დამძიმებულია, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. მიუთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით საქონლის ღირებულების 100%-ის გადახდილად ჩათვლისთვის წარდგენილია სრული დოკუმენტაცია, თუმცა შემმოწმებლის მიერ არ არის გათვალისწინებული არსებული ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ არის გამოთხოვილი დამატებითი ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოდან, რომელზეც პასუხი ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გადამხდელი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ივლისის №21420 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №005-429 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2019 წლის 5 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ-------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს პირველი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ივლისის №21420 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 75 758 ლარი, მათ შორის, გადასახადი 50 505 ლარი და ჯარიმა 25 253 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №005-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N8-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთან არსებობს ახსნა-განმარტება, როგორც მტკიცებულება, თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. სხვაობა საინვოისე ღირებულებასა და ანაზღაურებად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვალა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა თურქეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოსგან შპს „-------“ და თურქეთის რეზიდენტ კომპანიებს შორის (ვისგანაც უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა) განხორციელებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც არ იქნა მოწოდებული.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, გადამხდელის მიერ საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო საინვოისე ღირებულებასა და ანაზღაურებად განხილულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა თურქეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოსგან შპს „-------“ და თურქეთის რეზიდენტ კომპანიებს შორის (ვისგანაც უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა) განხორციელებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც არ იქნა მოწოდებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გაუთვალისწინებლობას, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დანართის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთან არსებობს ახსნა-განმარტება, როგორც მტკიცებულება, თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. სხვაობა საინვოისე ღირებულებასა და ანაზღაურებად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვალა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა თურქეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოსგან და თურქეთის რეზიდენტ კომპანიებს შორის (ვისგანაც უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა) განხორციელებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც არ იქნა მოწოდებული.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით კი შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154; 304 (21)

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის N22708 ბრძანება, დანართი 8