ბრძანება N 4543

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 4543
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4543

10.03.2023

შპს „--------------ს“ (ს/ნ -------------------)

(მის.: ქ. თბილისი, --------------------;

იურ. მის.: ---------------------------------)

2023 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „-----------ს“ (ს/ნ ---------------) №2211/21 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 დეკემბრის №11858455 შეტყობინებას და 2022 წლის 10 დეკემბრის №C28274 საქონლის საბაჟო დეკლარაციიაში მითითებული მონაცემის (სეს ესნ) კანონიერების საკითხს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პროდუქცია ნაზალურ ხსნარზე ----- 18x5ml; ------ 125ml, ---------- 100ml ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტმა №C53613 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განახორციელა სასაქონლო კოდის ცვლილება და საქონელი იმპორტისას დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანი მიუთითებს, რომ 2013 წელს შემოიტანა საქონელი (------- 125ml, ------ 100ml,-------- xl8vials), რომელიც დეკლარირებული იყო 3004901900 სასაქონლო კოდით და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არის გათავისუფლებული დაბეგვრისგან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, აღნიშნული პრეპარატები გათავისუფლებულია იმპორტისა და დამატებული ღირებულების გადასახადისგან. საბაჟო დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული და საქონლის კოდად მიეთითა 33079000000, რასაც არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ საქონლის კოდი არის 3004901900 და ის არგუმენტი, რომ საქონელი რეგისტრირებული არ არის წამლის სააგენტოში, არ შეიძლება გახდეს პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველი.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს 2022 წლის 10 დეკემბრის №11858455 შეტყობინების გაუქმებას და №11111/C28274 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქონლის სეს ესნ კოდად მიეთითოს 3004901900.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 10 დეკემბერს, შპს „-----------ს“ (ს/ნ -----------) მიერ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „----“-ის მიერ შევსებულ იქნა №------- საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა საქონელი ----- 100 ml და ----- 125 ml (ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად – 5 500 ერთეული, საერთო საბაჟო ღირებულება – 34 511.85 ლარი).

საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტში (№----- ----, 02.--.2022) მითითებული საქონლის დასახელება და არტიკულის ნომერი (არტ. ---- ----- 100 ml და არტ. --- ---- 125 ml) იდენტურია იმავე დეკლარანტის მიერ წარდგენილი 2022 წლის -- აპრილის №---------- ---- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის, რომელიც, შპს „-----------ს“ მომართვით (მოთხოვნილ იქნა №---------, 13.---.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტში მითითებული №-----, №4----- და №----- არტიკულის შესაბამისი, 3 დასახელების საქონლის ----- 100 ml, ----- 125 ml და ---- 18*5 ml სასაქონლო კოდის განსაზღვრა) ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №------- (19.----.2022) ექსპერტიზის დასკვნით კლასიფიცირებულ იქნა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, №C28274 საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისას დეკლარირებული საქონლის სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა სეს ესნის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვეუბპოზიცია.

შპს „-----------ს“ (ს/ნ -----------) მიერ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს ჰიპერტონიული ზღვის წყლის ხსნარს (დისტილირებულ ზღვის წყალს), რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნებისთვის სხვადასხვა ეტიოლოგიის რინიტების, სინუსიტების და რინოსინუსიტების დროს ცხვირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენისთვის. ის ასუფთავებს ცხვირის ღრუს ზედმეტი ლორწოსგან, ინფექციური აგენტებისგან (ისეთებისაგან, როგორიცაა ვირუსები, ბაქტერიები, ალერგენები, დამაბინძურებლები და სხვა მინარევები).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებს.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლი პირველი პუნქტით დადგენილია, რომ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით .ამავდროულად, სასაქონლო კარების და ჯგუფების შენიშვნები მოიცავს/ითვალისწინებს შესაბამისი პოზიციის განმარტებებს (პრაქტიკული ინსტრუქცია საქონლის იდენტიფიკაციისათვის), სადაც წარმოდგენილია პროდუქტების ჩამონათვალი აღწერილობით, რომელიც კლასიფიცირდება ან გამორიცხულია კონკრეტული სასაქონლო პოზიციიდან/კოდიდან. ამასთან, სასაქონლო პოზიციის განმარტებებში არსებული „გამორიცხვები“ იძლევა მითითებას, საქონლის აღწერილობის გათვალისწინებით რომელ სასაქონლო პოზიციაში უნდა მოხდეს კონკრეტული საქონლის კლასიფიცირება.

სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის (ფარმაცევტული პროდუქცია) შენიშვნების პირველი პუნქტით განსაზღვრულია საქონლის ჩამონათვალი, როდესაც რიგი საქონელი გამოირიცხება აღნიშნული ჯგუფიდან და კლასიფიცირდება სხვა სასაქონლო კოდში. ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები მიუთითებს, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება: წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია 3301) და 3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.

დადგენილია, რომ შპს „-----------ს“ (ს/ნ -----------) მიერ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს ჰიპერტონიული ზღვის წყლის ხსნარს (დისტილირებულ ზღვის წყალს), რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნებისთვის სხვადასხვა ეტიოლოგიის რინიტების, სინუსიტების და რინოსინუსიტების დროს ცხვირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენისთვის. ის ასუფთავებს ცხვირის ღრუს ზედმეტი ლორწოსგან, ინფექციური აგენტებისგან (ისეთებისაგან, როგორიცაა ვირუსები, ბაქტერიები, ალერგენები, დამაბინძურებლები და სხვა მინარევები).

სეს ესნ-ის 3004 პოზიციის („სამკურნალო საშუალებები (3002, 3005 ან 3006 სასაქონლო პოზიციის სამკურნალო საშუალებების გარდა), შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, დაფასოებული დოზირებული სამკურნალო ფორმების სახით (ტრანსდერმალური სისტემების ფორმით სამკურნალო საშუალებების ჩათვლით) ან საფუთავებში საცალო გაყიდვისათვის:“) განმარტებების გამორიცხვებში არსებული ჩამონათვალის „გ“ პუნქტის თანახმად, წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები და 3303- დან 3307 პოზიციების პრეპარატები, მაშინაც კი,თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები კლასიფიცირდება 33- თავში. (Aqueous distillates or aqueous solutions of essential oils and preparations of headings 33.03 to 33.07, even if they have therapeutic or prophylactic properties (Chapter 33))

საქონლის სეს ეს-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის საკითხში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს უმაღლეს კომპეტენტურ ორგანოს. საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის კლასიფიკაციისას მხედველობაში მიიღება მათი გადაწყვეტილებები (სასაქონლო ექსპერტიზის დროს ხდება თითოეული გადაწყვეტილების გათვალისწინება, ვინაიდან საქართველოს წარმოადგენს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს).

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ კენჭის ყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ორგანიზაციის კომპენდიუმს. კომპენდიუმში შესული ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ზღვის წყლის ნაზალური სპრეის (-----) ანალოგიური მახასიათებლების მქონე სპრეი კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 3307 სასაქონლო პოზიციაში. მსგავსი პროდუქტის კლასიფიცირებასთან დაკავშირებით მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საკონსულტაციო გადაწყვეტილებების ბაზაში არა ერთი გადაწყვეტილებაა. აღნიშნული იქნა გათვალისწინებული მოცემულ შემთხვევაშიც და საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ მითითებული საქონელი სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდა 3307 სასაქონლო პოზიციაში.

მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთუითებს, რომ საქონლის სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციის მიზნებისთვის, პროდუქტის რეგისტრაცია არ გამოიყენება, ვინადან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამედიცინო სფეროში ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, ხოლო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს უმაღლეს კომპეტენტურ ორგანოს საქონლის სეს ეს-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის საკითხში. ამდენად, მითითებული საქონლის (----- 100 ml და ----- 125 ml (ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად) სეს ესნ-ის შესაბამისად 3307 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირება მართზომიერია.

2022 წლის 10 დეკემბრის №11858455 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასითის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავაში შემოსავლების სამსახურის მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა არა სეს ესნ კოდი, არამედ მისი დაბეგვრის საკითხი პროდუქტის ფარმაცევტულ პროდუქციად განხილვის ჭრილში, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 168-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი. დავის საგანს წარმოადგენდა განეკუთვნებოდა თუ არა პროდუქტი ფარმაცევტულ პროდუქციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2022 წლის 10 დეკემბრის №11858455 შეტყობინება და 2022 წლის 10 დეკემბრის №C28274 საქონლის საბაჟო დეკლარაციიაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-----------ს“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.